პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ქურციკების რაოდენობა უკვე 150-მდე გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოში ქურციკების რაოდენობა უკვე 150-მდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, მათი რაოდენობა 150 ინდივიდს აღწევს.

ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, 2013 წელს, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და დაკვირვება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ. ეს დაკვირვება მოიცავს როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

 

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: