პირველი ვარძიელი

„ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხე მომაგონა ამ ფოტომ. იქნებ ასეთი წარმოედგინა შოთასაც…

 

“ეს კლდეები, ლოდები და ქვები რომ ვერ მიაქვთ, იმიტომ ვერ გვამარცხებს საბოლოოდ ვერცერთი მტერი” – ამბობს რომანში „ქართლოსის საფლავი“ ერთ-ერთი გმირი… ვინ იცის, არც ცდებოდა.

და მაინც, ვინ იყო პირველი ვარძიელი? ვის მოუვიდა აზრად კლდეში საკნების გამოკვეთა? იქნებ უკიდურესმა გაჭირვებამ ააღებინა წერაქვი ხელში. იქნებ სხვა გზა აღარ დაუტოვა მუხთალმა წუთისოფელმა.

“დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს, ობოლი, ცარიელ-ტარიელი დავეხეტები,  უქონელი კაცი მქვია, პატრონი-გამკითხველი მე არა მყავს.“

ხოდა, აიღო ხელში ურო, ჩაქუჩი, ლომი , სამსჭვალი და წერაქვი… და მისდგა აწოწილ და ჯიუტ კლდეს.  მუშაობდა მუხლჩაუხრელად, დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა.

აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, ნაცნობები , უცნობები, მეომრები, ვაჭრები თუ ყაჩაღები – ზოგი დასცინოდა, ზოგს უკვირდა, ზოგი ამხნევებდა, ზოგი აჭმევდა, ზოგი თბილ ტანისამოსს უტოვებდა, ზოგი ხელსაც წაუკრავდა საქმეზე, ზოგიც ეჭვის თვალით აკვირდებოდა – იქნებ დამალული განძი ეგულება სადმეო…

დღისით ცხელოდა, ღამით კი ისე აცივდებოდა-ხოლმე, კანკალი აიტანდა, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა, ურტყამდა და ურტყამდა წერაქვს გამეტებით მარტოკაცი.

ერთ კვირაში უკვე პირველი საკანი ჰქონდა.

“ესეც ასე! აქ საძინებელი იქნება , თვალს მოვატყუებ ხოლმე გადახურულში, წვიმა და თოვლი ვეღარ შემაშინებს… ახლა სამზარეულოს ჯერია… შემდეგ აბანო და მერე პატარა სათავსოსაც გამოვძერწავ… იქნებ დარბაზიც კი წამოვჭიმო სტუმრებისთვის!…” – ფიქრობდა გულში კმაყოფილი.

ერთხელაც, მძიმე შრომისგან დაქანცული, იქვე მტკვარზე ჩავიდა გასაგრილებლად. ხოდა, სწორედ იქ შეხვდა იმ ერთადერთს , მერე ვარძიის პირველი პატარძალი რომ გახდა.

მალე ქვეყანას მტერი შემოესია.  ახლომდებარე სოფლები ცეცხლს მისცეს და ქვა ქვაზე აღარ დატოვეს. მაშინ კი გაახსენდათ იქაურებს პირველი ვარძიელი – ჭკუა იმან ქნიაო, იმას სალ კლდეებში აბა ვინ მიუვარდებოდაო?!

ხოდა, აღარც უფიქრიათ ბევრი. აიღეს უროები, ჩაქუჩები, ლომები, სამსჭვალები და წერაქვები და დაიძრნენ ვარძიისკენ. იწყეს სამოსახლოების გამოკვეთა კლდეში.

ჩნდებოდა და ემატებოდა ახალ-ახალი ოთახები, აბანოები, სათავსოები, სამალავები, გვირაბები, ეკლესია და აფთიაქიც კი…

მოშენდა და მომრავლდა ვარძია. გააჩაღეს ვაჭრობა და მეწარმეობა, სწავლა და ღვთისმსახურება.

მერე იყო თამარი, რომელსაც ეტყობა ძალიან აღაფრთოვანებდა და უყვარდა იქაურობა. იმდენად, რომ 3-ჯერ არისო ნამყოფი… მადლიერმა ვარძიელებმა კი ულამაზესი ფრესკა მიუძღვნეს თავიანთ ეკლესიაში…

იქნებ შოთაც აქ გაიცნო თამარმა ერთ-ერთი სტუმრობისას. ყველაზე გავრცელებული ვერსიით ხომ დიდი პოეტი სწორედ აქაურია, ახალციხელი.

თამარის მერე იყვნენ სხვებიც, მოყვარე და უფრო მეტი მტერი, სიცილს მოჰყვა ბევრად მეტი ცრემლი, იყო მიწისძვრა და ნგრევაც ბევრი…

მაგრამ მაინც მოაღწია დღემდე და დგას ახლაც  ამაყად და ღირსეულად ჩვენი ვარძია. და კიდევ დიდხანს , დიდხანს უმასპინძლებს და გააოცებს იგი თაობებს , იმიტომ რომ კლდეა, იმიტომ რომ ლოდია და ასე იოლად ვერცერთი მტერი ვერ დაამარცხებს, მათ შორის, ვერც დრო!