პირველად აჯამეთის აღკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ბუნების და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი.

ბილიკი მარკირებული იქნება და ვიზიტორს შესაძლებლობას მისცემს მოგზაურობა დაიწყოს სოფელ ვარციხეში მდებარე აჯამეთის ადმინისტრაციის შენობიდან, გაუყვეს სოფელ საიმედოსკენ სამხრეთ-დასავლეთით დაუკან დაბრუნდეს ისევ სოფელ ვარციხის ადმინისტრაციულ ცენტრში.

ბილიკის გასწვრივ, სოფელ საიმედოსთან და სოფელ ვარციხესთან ვიზიტორთათვის ეწყობა საპიკნიკე და საკარვე სივრცეები, სადაც ღამის გათევა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია აჯამეთის აღკვეთილის რელიეფი, რომელიც ძალიან მარტივს ხდის მარშრუტს, შესაბამისად ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა ექნება ბილიკს ესტუმროს.

აჯამეთის აღკვეთილში ამ დრომდე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები არ არსებობდა, შესაბამისად ეს იქნება პირველი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მიიღებს.

ახალი ეკოტურისტული ბილიკის მოსაწყობად, თანმდევი ინფრასტრუქტურით, 293 000 ლარი დაიხარჯა.აჯამეთის აღკვეთილი ნაკრძალის სახით 1928 წელს დაარსდა, აღკვეთილის სტატუსი კი 2007 წლიდან მიენიჭა.აჯამეთის აღკვეთილს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რასაც ქუთაისთან და თბილისი-ქუთაისის მაგისტრალთან სიახლოვე მნიშვნელოვნად განაპირობებს. აღსანიშნავია, ქუთაისის აეროპორტის ხელსაყრელი მდებარეობაც, განსაკუთერბით მისი ყოველწლიური განვითარების ფონზე.

 

წყარო : დაცული ტერიტორიების სააგენტო

Tags: