საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე დღე მელის. სულ მალე, ძალიან მალე ხევსურეთს ჩავეხუტები. ახლოდან შევავლებ თვალს უძველეს კოშკებს და ცოტა ხნით მაინც დავტკბები იქ გამეფებული მყუდროებით.
გზა ძალიან გრძელი და დამღლელი ყოფილა. გუროს წყაროსთან ვჩერდებით, ცოტა ხანს ვისვენებთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ და ვპოზიორობთ.
რამდენიმე წუთში გზას ვაგრძელებთ და საოცარი ხედებით ვტკბებით. სულ მალე ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა იშლება. ეს დათვიჯვრის უღელტეხილია, რომელიც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, 2 676 მ-ზე მდებარეობს. მწვანე დედოფალივით ალპური მდელოებით არის შემოსული და მედიდურად დასცქერის ზემოდან იქაურობას.
შატილმა ხომ საერთოდ საგონებელში ჩამაგდო, ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
გეზი მუცოსკენ ავიღეთ.
შატილიდან დაახლოებით სამ კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან ანატორის აკლდამები გვხვდება. გადმოცემის თანახმად, სნეულები აკლდამაში მიდიოდნენ და განამრტოებით ელოდნენ სიკვდილს, რათა სხვებისთვის შეენარჩნებინათ სიცოცხლე. ეს ყველაფერი იმდენად მძიმე სანახავია, რომ ვცდილობ მალე გავერიდო და რაც შეიძლება მალე დავტკბე მუცოს ხედებით.
მუცო – ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი ქყვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული საგანძური.
ალბათ ხშირად გაიგონებდით ჩემს წუწუნს: ”წელსაც მინდა პარიზში… შარშანაც მინდოდა,”-თქო… მაგრამ… აი, ახლა არც პარიზი მინდა, არც ნიუ-იორკი და პრაღა… მიზეზი მარტივია – მე პირიქითა ხევსურეთი ვნახე!!! დათვიჯვრის უღელტეხილი, შატილი, მუცო…. თეთრი რაშიც კი (ნუ, მართალია პრინცის გარეშე, მაგრამ… დასაწყისისთვის მგონი არაუშავს 😀 😀 )… და მგონია, რომ მთელი საქართველო მოვიარე… არადა, ჯერ კიდევ რამდენი საოცრება მელის წინ….
ალბათ ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევარი მაინც გავატარე პარიზზე ოცნებაში და ახლა ვხვდები, რომ საფრანგეთზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა…ჯერ ხომ სვანეთი, რაჭა, მთა-თუშეთი მიხმობს…
ხევსურეთი – ადგილი, რომელმაც ცნობიერება ამომიტრიალა… აზრები, შეხედულებები, ღირებულებები შემიცვალა… ადგილი, სადაც სრულიად უადგილოა სიტყვები: წყენა, ბრაზი, ღალატი… სადაც მხოლოდ ბედნიერი ხარ, ყველაზე და ყველაფერზე შეყვარებული…ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ქართველმა (და არა მხოლოდ)… ვუცქერ ულამაზეს ალპურ ზონებს, ძველ ციხე-კოშკებს და მიკვირს… მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი აქამდე, როცა მსგავსი საოცრებები არ მქონდა მოვლილი…
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ჯანსაღ გარემოში ავადმყოფობებიც ვერ აღწევს… ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა, თითო-ოროლა ადამიანის შორიდან დანახვაც კი გვახარებს…
სულ ახლოდან, ძალიან ახლოდან ვუცქერთ საზღვარსა და მეზობელი ქვეყნის დროშას… და მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ აქ კი არ მთავრდება საქართველო, არამედ, სწორედ აქედან იწყება საქართველო… ვგრძნობ, რომ ჩემი საქართველო აქ არის… პირიქითა ხევსურეთი – ეს იყო მართლაც გეოგრაფიული შოკი…