„საპარტნიორო ფონდი“ რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს. ამ მიზნით, ფონდის მოწვევით და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭრით, საქართველოში ფრანგული მთის კურორტების განვითარების კომპანია „Compagnie des Alpes“-ისა და მთის კურორტების დაგეგმარებისა და დიზაინის კომპანია „Géode“-ის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებმა რაჭის საინვესტიციო პოტენციალი შეაფასეს და რეგიონის საკურორტო ზონები დაათვალიერეს. „საპარტნიორი ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფრანგულ მხარეს ფონდის მიერ შემუშავებული რაჭის განვითარების კონცეფციის დეტალები გააცნო და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„რაჭის ტურისტული რესურსი აუთვისებელია. ეს ის მხარეა, რომელიც გამორჩეულად მდიდარია საკურორტო პოტენციალით. ტურიზმის სექტორის განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ფონდი რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონი და გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გავაჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო და სოფლებში მათი დამაგრების მოტივაცია“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, რაჭაში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსი იულია სოტიე და იმყოფებოდა. რაჭის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ფრანგ სპეციალისტებს ქართველმა კოლეგებმა კომპანია „გეოგრაფიკისა“ და კომპანია „არტსტუდიოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს, რომლებიც რაჭის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობენ.
„რაჭის რეგიონს აქვს ტურისტული რესურსების სრული კომპლექტი, რომ ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენცია გაუწიოს. ჩვენი მიზანია, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება საუკეთესო შედეგების მისაღწევად“, განაცხადა „Compagnie des Alpes“-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა.
„აქაურობა მაგონებს საფრანგეთში იმ ადგილებს, სადაც მე ვცხოვრობ. მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩართულია „საპატრნიორო ფონდი“, რომელთანაც ვგეგმავთ გამოცდილების გაზიარებას ეროვნული საგანძურის, ინფრასტრუქტურისა და ბუნების დაცვის მიმართულებით“, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლელმა იულია სოტიემ.
რაჭის საკურორტო პერსპექტივების შესახებ ფრანგულ მხარესთან რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ იმსჯელეს.
„საპარტნიორო ფონდმა” საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად, რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა განახორციელა და რეგიონის განვითარების ზოგად კონცეფციაზე განაგრძობს მუშაობას. კონცეფცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას მოიცავს და მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
წყარო: სს “საპარტნიორო ფონდი”