პარიზის ცენტრში ქანდაკებამ ჩაიარა

ცხოვრება მაშინ იწყებს შენთან მშვიდი ტონით საუბარს, როდესაც ხვდები რომ უდიდესი ოცნების ასრულებასთან სულ რაღაც ერთი კარი გაშორებს. მგზავრებთან დასამშვიდობებლად გამოსული კაპიტნის ღიმილი, რამდენიმე კიბის საფეხური და უკვე ნანატრ მიწაზე ვდგავართ. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მერცხლების უვიზო გზას გამოყოლილებმა დანიშნულების ადგილამდე ასე მალე მოვაღწიეთ. არის ჩვენში რაღაც, რასაც მხოლოდ ეს ქვეყანა ათბობს და მართლაც, ტკბილი სუნამოს მსგავსი ფრანგული ჰაერის პირველივე ჩასუნთქვა გვხდის უფრო ყოფითს. ჭაღარა მძღოლი ბედნიერი სახით გვიქნევს ხელს და რამდენიმე წუთში დედაქალაქისკენ მივეშურებით, ხანგრძლივი ფრენითა და სასაათო ზოლების შეცვლით გამოწვეული დაღლილობა მოულოდნელად ქრება, ფანჯრიდან კი სულ უფრო და უფრო ლამაზი სახლები მოჩანს.

გზაში დროის შეგრძნება საბოლოოდ იშლება გონებიდან და ფიქრებიდან გამორკვეული ვაცნობიერებ, რომ ტრიუმფალური თაღის ჩრდილში ვარ. პარიზის ცენტრი, მთელი თავისი სიდიადიდ დაგვყურებს თავზე. თუმცა, ჩვენ კი არ ვდგავართ მასთან, არამედ თვითონ ტრიუმფალური თაღი დგას ჩვენს გვერდით და გვაგრძნობინებს, რომ ეს უბრალოდ ზღაპრის დასაწყისია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს. დიახ, პარიზი ასეთია, წერტილ–მძიმის სამეფო, აქ შეუძლებელია რაიმეს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. გაზაფხულის მოლოდინით შეპყრობილი ხეთა ასეულები მონმარტზე ჩამწკრივებულან, ცაზე კი უკვე მთვარე იკავებს სამეფო ტახტს. გრძნობების ჭაბურღილებით სავსე ქვეყნებიდან ჩიტები ზამთარში აქ მოფრინავენ და სწორედ ამ მთვარეს და თაღს ეკედლებიან. მთვარეს, რომელსაც სინათლის განსაზღვრება უკვე აღარ აშინებს და ჩვენც, მისი შუქით გათამამებული წყვილი, ნელი ნაბიჯებით ეიფელისკენ ვიწყებთ სვლას.

მდინარის სანაპირო, ცივი ნიავის შეხებით ამხედრებული სხეულის თრთოლვა განთიადის სიშორეს გვახსენებს და ვხვდები, რომ აქ უბრალო სეირნობაც კი მაღალ სკამზე ჯდომას და ჰაერში ფეხების ქანაობას ჰგავს. თითოეულ გამვლელს საკუთარი სამყარო მოაქვს მხრებით, მათ ფონზე კი ფერადი კაფეებითა და სიყვარულით მორთული მთელი ეს ჰორიზონტი სულ უფრო დიდ აღფრთოვანებას იწვევს. რამდენიმე მოსახვევის შემდეგ კულისებიდან მთავარი მსახიობი გამოდის და მისი დანახვა წამიერად გვაშეშებს. თავისუფლების დედაქალაქის არომატი კანზე გვეკვრის და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, აქ სიტყვები უკვე ზედმეტია, მეტი არაფერია საჭირო ბედნიერებისთვის. აციმციმებული ეიფელის კოშკი მედიდურად გადმოგვყურებს უბრალო მოკვდავებს, ირგვლივ ყველაფერი ნისლით იფარება და მის ქვეშ მოსიარულე ადამიანები ლუვრის ექსპონატების ნაცრისფერ ფორმას იძენენ. ქანდაკებებით სავსე რიგის გავლა და შენელებული ლიფტის სვლა თითქმის ჭკუიდან მშლის, თუმცა კაბინიდან გასვლისას ეიფელის ბოლო სართულის ბინადარი ცივი ჰაერი სხეულში ყველანაირ გრძნობას მიყინავს. რამდენიმე ნაბიჯს გავდივარ კიდემდე და უხეში მოაჯირის შეხება მახვედრებს, რომ დროა ბედნიერებას ბისზე მოვუხმოთ. ღამის პარიზის ხედი ალბათ ყველაზე უფრო საოცარი რამ არის, რაც კი ადამიანმა შეიძლება იხილოს. ამ ულამაზესი არქიტექტურული სამოთხის თავზე ჩამოწოლილი ღამის სიჩუმე უზომოდ გაცრეცილი რომანტიზმითაა სავსე, ჩემს გონებაში კი ყოველ განცდას უკვე საკუთარი სასაათო ზოლი აქვს.

დედამიწაზე დაბრუნებული ვაცნობიერებ, რომ ზევით განცდილი სიხარულის მიუხედავად, სრულიად არ მაწუხებს კოშკიდან ჩამოსვლა, რადგან აქ სწორედ ის ქუჩები მელიან, რომელშიც ჩემს ბავშვობას აქვს აშენებული საიდუმლო თავშესაფარი. ისევ იწყება მილიონი მოსახვევისა და მათი შემახვედრებელი აივნების პარადი, ამჯერად საბოლოო დანიშნულების ადგილად სასტუმროა შერჩეული. როდესაც ეიფელის თავი სხვადასხვა ფერის განათებებით მორთული დიდი სახლის სახურავს საბოლოოდ ეფარება, ვაცნობიერებ, რომ ჩემი ყოველი წარმოდგენა ამ ქალაქზე მცდარი გამოდგა. ეს სამყარო უფრო მეტია, ვიდრე მოდის სახლები და მდიდრული მაღაზიები, ედიტ პიაფი და ჟოანის საყვარელი ძველი კალვადოსი. აქ ფანჯრიდან მიწამდე ყველასთვის ერთი მანძილია და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს შეგიძლია ცაზე ღრუბლებს შენს ნებაზე შეუცვალო ადგილები. აქ ვან გოგი დააბიჯებდა და მისი დანატოვარი ჯიბის ჰაერია ირგვლივ, რომლის ჩასუნთქვის შემდეგაც შეგიძლია ნებისმიერ მხარეს წახვიდე, ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა–განმარტების გარეშე. სასტუმროში მისული ვხვდები, რომ მხოლოდ გაღვიძების შემდეგ დაიწყება სიზმარი და დაღლილი ვიძინებ.

 

დილას, მის ყავის ფინჯანს ჩემს ჩაის ფინჯანს ვუწყვილებ და სამზარეულოს ფანჯრიდან შემოსული მზის სხივიც თანაბრად ჰყოფს მაგიდას ორ ნაწილად. მის მხარეს ვარდისფერი კრემის ნამცხვარი და გუშინდელი ბუგეტი ცხოვრობენ, ჩემსკენ შაქრის ყუთში ჩამჯდარი კოვზი და ლამბაქზე წამოწოლილი შოკოლადის ფილები იწონებენ თავს. ეს ყველაფერი რეჟისორის გარეშე დადგმულ სპექტაკლს ჰგავს. თუმცა, ალბათ ასეთ რომანტიულ განწყობას ის იწვევს, რომ ფანჯრიდან ტრიუმფალური თაღის მოედანი და კუთხის კაფე მოჩანს, რომელიც ფრანგი წყვილებითაა სავსე. ქალაქის ხმაურს შერეული ლუვრის ბობოქარი აურა არ გვასვენებს და საუზმის შემდეგ პირდაპირ შუშის პირამიდისკენ მივეშურებით. მეფეებისა და პრინცესების არმიასთან შერწყმული თითოეული დამთვარიელებელი ვგრძნობთ, რომ ამ კედლებში უკვე დიდი ხანია ხმარებიდან ამოიღეს დრო. ამ სივრცეში არ არსებობს არანაირი გარე ფაქტორები, გარდა უსასრულო ხელოვნების წვიმისა, რომელიც თავიდან ფეხებამდე გასველებს ყოველი სართულის მონახულებისას.

ნაპოლეონს მის ფიქრებთან ვტოვებთ და დარბაზიდან გამოსულები ვგრძნობთ, რომ თითოეულს საკუთარი კუნძული ელბა მოგვაქვს ზურგით. თავს მრავალი საუკუნის მომცველი ფიქრი მიმძიმებს, თუმცა გონებაში ერთი უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტივტივდება – ახლა დასვენების დრო არ არის, ვან გოგთან პაემანზე გვაგვიანდება. ორსეის მუზეუმიც ხელგაშლილი გვიღებს და ამჯერად მისი ქანდაკებების არმიას ვუერთდებით. ნიდერლანდელ გენიოსთან შეხვედრას იმხელა ემოციები ახლავს თან, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, თუმცა მის ცისფერ თვალებთან პირისპირ აღმოჩენისას მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი წყვილი ნამდვილად ჩვენ გახლდით. მასთან მოსული სტუმრები ხომ დიდხანს ეძებდნენ მიზეზებს არგაღიმებისთვის, მაგრამ ვერ იპოვეს. ვუბრუნდებით ქუჩებს, სადაც ჩამოსული თოვლიც არასდროს იქცევა ტალახად და ნერვებს კალვადოსის არომატი უბრუნდება. შემდეგი გაჩერება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია, რომლისკენ მიმავალ ხიდებსაც გადამდები სიცილის გემო აქვს. თავისუფალი თოლიებით სავსე მდინარის სანაპირო ზურგს უკან იკარგება და უზარმაზარი გემის ბოლო სიგნალის გაგონებისას ნოტრ–დამის მოედნის ზღურბლზე ვადგავთ ფეხს. დროში ჩაკარგული ფასადის თითოეული ორნამენტი წითელ საღებავში ამოვლებული ფუნჯისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით დამყურებს თავზე და ეს შეგრძნება ზაფხულის და ზამთრის საერთო დადგმის რეპეტიციაზე დასწრებას ჰგავს.

შებინდებისას უდანაშაულო გამოხედვითა და უზომოდ გროტესკული ნაბიჯებით მივუყვებით სველი ამინდით მოცულ აღმართს მონმარტისკენ. აქ შეუძლებელია წითელ წისქვილთან არ მოგინდეს რომანის გაბმა და ჩვენც სწრაფი ნაბიჯით მივემართებით სულის კაბარისკენ. მულენ რუჟში შესვლამდე ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ – შეუძლებელია ამ შენობიდან გამოხვიდე და გული კვლავ მკერდში გქონდეს. ემოციებისგან დაცლილები მონმარტის მწვერვალზე მდებარე საიდუმლო ბაღს ვაფარებთ თავს და უცნობ კაფეში ფანჯარასთან მდგარი მაგიდის სიმარტოვეს ვარღვევთ. ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული თხელი შუშა გარედან შემომავალ გემოვნებიან ხმაურს უპრობლემოდ ატარებს და მეც ოფიციანტის მოლოდინში, სკამის ზურგზე გადაწოლილი მშვიდად ვუსმენ პარიზის ჩუმ ყვირილს. ტვინის ცენტრამდე აღწევს ის ფაქტი, რომ მალე ისევ მოგვიწევს მზის რეისს გავყვეთ და ეს ფიქრი სულს მიხუთავს, რასთან საბრძოლველადაც ოფიციანტის მიერ მოტანილ ცივ ღვინოში ვცდილობ ჩაძირვას. პარიზის დატოვება ხომ სცენიდან ჩასვლას გავს, თითქოს საკუთარ ალტერეგოსთან ბრძოლაში საბოლოოდ დათმე მთავარი როლი და დროა, თეატრის შენობის გარეთ  ჩამარხულ რეალობას დაუბრუნდე. ღვინო ტკბილია, ატმის არომატი დაკრავს და ჭიქას მაგიდაზე ვაბრუნებ, ყველაფერი კვლავ სიმშვიდის ბურუსში გაეხვია, გარეთ კი კიდევ ერთმა უცნობმა ქანდაკებამ ჩაიარა.