პარიზი და ჯანდაბა მე!

პირველად  იუთუბზე რომ ვნახე ქოლდფლეის ლაივ-შოუ პარიზში, იმ წამიდან ამოვიჭერი გულში მათ კონცერტზე წასვლა მაინცდამაინც პარიზში და დავიწყე დანაზოგის გაკეთება! როგორც იტყვიან, კაპიკს კაპიკზე ვადებდი და ვცდილობდი, დავწეოდი და გამესწრო ევროს კურსის ამბიციებისთვის ლართან მიმართებაში.

მზიანი იყო თუ არა არ მახსოვს, მაგრამ  შარშან, ერთ დღეს, სასწაული მოხდა. ჩემს წინაპრებს, მშობლებს, ნათესავებს და მე თუ რაიმე სიკეთე ჩაგვიდენია, ყველა უკან დამიბრუნდა: ევროპარლამენტში ამიყვანეს სტაჟიორად.DSC_0115.JPG

მეც დრო ვიხელთე და ჩემი ოცნების განსახორციელებლად თადარიგი დავიჭირე: თებერვალში მთელი 260 ევრო მივაშავე ვიღაც გადამყიდველს, რომელმაც 4-ჯერ უფრო მეტი გადამახდევინა ვიდრე ბილეთის რეალური ღირებულება იყო და თან დააყოლა, ხანდახან არც უშვებენ გადამყიდველისგან ნაყიდი ბილეთითო.

მაისში ბრიუსელშიც გავფრინდი, ჩავები ევროპარლამენტის მუშაობის ფერხულში. ხან ტერორისტებს ვემალებოდი ქალაქის ქუჩებში და ხან სახლისკენ მიმავალი გზის პოვნას ვცდილობდი.

dsc_0252.jpg

მოახლოვდა ჩემი კონცერტიც. წავედი  სადგურზე, ვიყიდე flixbus-ის ბილეთები ბრიუსელი-პარიზი-ბრიუსელი ასრაღაცამდენ ევროდ.

ყველა ფორუმზე ვიკითხე და 90/10-ზე არ შემიშვებდნენ გადამყიდველის ბილეთით. მაშინაც ისევ ვთხოვე ღმერთს კიდევ გაეხსენებინა იქნებ მე და ჩემს წინაპრებს

Screen Shot 2018-03-02 at 11.11.24 PM.png

გვქონდა სხვა ჩადენილი სიკეთეები და როგორმე იმ სიკეთეების ხათრით ვინმე ვინსენტად მოვჩვენებოდი face control-ს,რომლის სახელი და გვარიც მთელი ზარ-ზეიმით, მუქი შრიფტით იყო გამოჭიმული ჩემს ბილეთზე.

მერე ერთ წუნწკლიან დღეს ავდექი და წავედი ჩემი  ქოლდფლეის კონცერტზე.

პარიზში შევედი თუ არა მზემ გამოანათა, წვიმამ გადაიღო, მაგრამ რომ გითხრათ პარიზში შესვლისას ფრანგული სურნელი მეტაკა და სახე ჩამომხოკა თქო, მოგატყუებთ 🙂  ცივილურად შევხვდით მე და პარიზი ერთმანეთს, როგორც ნამდვილ ევროპელებს შეგვეფერებოდა.

კონცერტის დაწყებამდე 6-7 საათით ადრე მაინც ჩავედი. აკონკილ ეიფელის კოშკზე დიდად არასოდეს ვგიჟდებოდი და ამიტომ ძირითადად პარიზული სასაფლაოები და სხვა ‘მოთხოვნადი’ ადგილები მოვინახულე.IMG_20170728_134643_947.jpg

მოახლოვდა კონცერტზე შესვლის ჟამი. შესასვლელთან რიგი არის 1 კილომეტრიანი და მზეც სადისტურად მაჭერს. 3 საათი ასე მაჭერდა მზე, უკვე ვინსენტს კი არა გაჭყლეტილ ნიორს ვგავდი.

IMG_20170716_132219_629.jpg

ამ ყველაფრის პარალელურად, დინამიკი ბოლო ხმაზე გაჰკივის ორ(ფრანგულ და ინგლისურ) ენაზე: გადამყიდველებთან ნაყიდი ბილეთები თუ გაქვთ, კონცერტზე არ დაიშვებითო. თან, ეს ოხერი, ფრანგულიც ვიცი და ინგლისურიც.

ამეწყო საქმე!

რაც ლოცვა ვიცოდი ყველა ვთქვი და მივედი ამ ახმახ face control-თან….მოკლედ, ვინსენტი კი არა ბილეთზეც  კი არ დაუხედავთ. რომ შევედი 20 წუთი არ მჯეროდა და ვფიქრობდი უკან გაბრუნებას.მერე ვიღაცამ მიჯიკა- აქ გაჩერება არ შეიძლებაო და ლამის კიბეებზე დამაგორა.

შემდეგ 9 ევროდ 2 ყლუპი კოკა-კოლა ვიყიდე და შევედი ხალხის ბრბოში. ჩემი ჭკუით ადრე მივედი კარგი ადგილის დასაკავებლად მაგრამ დაახლოებით 3000 ადამიანსაც იგივე უფიქრია. თან ეს ევროპა, ვიზალიბერალიზაცია, მე რო ქართველი და მაშასადამე ევროპელი ვარ, გამახსენდა ყველა პრო-ევროპული ფრაზა და გადავწყვიტე, რომ ჩემს წინ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაფსკვნილი, ბათუმში ალის და ნინოსაც რომ შეშურდებოდა ზუსტად ეგეთი აღტკინებული წყვილიც მშვენიერი ხედი იქნებოდა. თან ამ მწარედ მარტოხელა გოგოს ყველა იმათ ხვევნა-კოცნაზე თმები და ნერვები მონაცვლეობით მებურძგლებოდა.

შემდეგ საბედნიეროდ ჩემს გვერდით ვიღაც შეწუხდა და 200 ადამიანი ამ კაცს გაჰყვა და მეც 201 სვლით დავწინაურდი.

დაიწყო შოუ და 4 საათი ზღაპარში ვიყავი.IMG_20170717_005035_950.jpgშემდეგ რაც მახსოვს ის იყო, რომ 11-ის ნახევარი გახდა. მატარებლის სადგური იქვე ახლოს იყო და გადავწყვიტე განრიგში გათვლილი 3 მატარებლით ადრე გავსულიყავი,რათა თავის დაზღვევის მიზნით ავტობუსის გასვლამდე ნახევარი საათით ადრე მივსულიყავი ავტო-სადგურზე.მოკლედ 1 მატარებელი არ მოვიდა, მეორემ საერთოდ არ გააჩერა, მესამემ დააგვიანა და მეც დამაგვიანდა ჩემს flixbus-ის ავტობუსზე. 12-ის ნახევარია და შარლ დე გოლის აეროპორტში ვიყინები. 12-ზე შემდეგი ავტობუსი მოვიდა, რომლის ბილეთიც არ მქონდა ნაყიდი და რა თქმა უნდა ავტობუსიც სავსე იყო. თავი რომ არ შეგაწყინოთ, სახე მაქვს ვეზუვმა რომ პომპეის გადაუარა დაახლოებით ეგეთი. მძღოლს სიტუაცია ავუხსენი და ვთხოვე, რაიმე მიშველე  ბიძია-ბაბუა და მოგცემ ჩემს უკანასკნელ ას ევროს თქო. მძღოლმა- დამელოდეო. ველოდები მეც საწყლად ატუზული გრძელ და ცივ რკინის სკამზე. მძღოლმა მოდი, გვაქვს 1 ადგილიო. ის ის არის ფეხი უნდა ავადგა ავტობუსის პირველ საფეხურზე 3 ფერადკანიანი მორბის, ხელი ჩამავლეს: 2 მაკავებს, 1 კივის ტურასავით. როგორც კივილიდან გავარკვიე მძღოლმა ასვლის უფლება მომცა მე და არა მათ, რის გამოც ამ ახალგაზრდებმა მძღოლს რასიზმში დასდეს ბრალი. მძღოლი უხსნის, რომ მხოლოდ 1 ადამიანის ადგილი აქვს და არა 3-ის. რაზეც პასუხობენ რომ ფეხზე დადგებიან, რაც აკრძალულია. მძღოლი ჩემს დახსნას ცდილობს. მაგრამ უკვე ჰაერში ვყავარ ამ ფერადკანიანებს და რას მოვერევი, ჩანთიანად 53 კილო ვარ. საბოლოოდ, 1 გოგო რომელიც ტურასავით გაჰკივის და ასევე ფრენა ჰქონია (ის 2 რომელიც მე მაკავებს გამცილებლები ყოფილან) ცდილობს ის ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავოს და მძღოლს ფიზიკურად უპირისპირდება. საბოლოოდ მე აღარავინ მაკავებს და ყველა მძღოლთან ფიზიკურ დაპირისპირებაშია ჩართული. მძღოლმა ყველას ჯანდაბამდის გზა გქონიათ, მოგვიკითხა სანათესაო,მოხურა კარი და დაგვტოვა ოთხივე “სამანიშვილის დედინაცვლში”ბეკინას ცოლის ორსულობით  გაცეცხლებული პლატონივით.

მომენტალურად ამივარდა ისტერიკული ტირილი. 1 ფერადკანიანი ბოდიშს მიხდის, მეორე საცემრად მომსდევს შენც რასისტი &^%$*# იქნებიო და ის 1 აკავებს. საბოლოოდ დავაში აეროპორტის დაცვა ჩაერია და მომშორდნენ ეს გიჟები. როცა ფრანგები ინგლისურად ალაპარაკდნენ მივხვდი რომ უკვე ნამდვილად ვეზუვის ლავა-გადავლილი სახე მქონდა. ღმერთს უკვე ვეღარ შევაწუხებდი, ყველა თხოვნა გავხარჯე. ეგ კი არა, მინუსებშიც ვიყავი გადასული.

DSC_0270

შემდეგი ავტობუსი დილით, 4-ზე მიდიოდა. იქამდე აეროპორტის დაცვამ უფლება მომცა აეროპორტში მომეცადა.

 

1-2 საათი ავტობუსს ცხრად მოკეცილმა ველოდე სიცივეში. თან სტრესისგან კიდევ უფრო მაკანკალებდა: სკამის თავში რომ დავჯდებოდი კანკალით ბოლოში გავდიოდი. გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო და  ეს ავტობუსი საერთოდ არ მოვიდა, მივბრუნდი ისევ აეროპორტში და დილით 10-ზე რაღაც დინჯად მოარულს გავყევი ბრიუსელამდე, რომელიც 4-ის ნაცვლად 8 საათში ჩავიდა სადგურზე.

გაუფრთხილებლად გავაცდინე სტაჟირების გადამწყვეტი დღე, როცა სუპერვაიზორისგან რეკომენდაცია უნდა მიმეღო, რომელიც იმ დღეს საზაფხულო შვებულებაში გადიოდა.

მთელი გზა თავ-ბედს ვიწყევლიდი: პარიზი და ჯანდაბა მე! დავტეულიყავი  ბრიუსელში!

როგორც იქნა,მივფორთხდი ჩემს არტიშოკის ქუჩაზე. დავეგდე და გათიშულს ჩამეძინა. ცოტა ხანში ზურგისა და ფეხის ტკივილმა გამაღვიძა, თურმე არც ფეხსაცმელი გამიხდია და არც ზურგჩანთა მომიძვრია.ერთი მოვიძრე,მეორე გავიხადე და ისევ გათიშულს ჩამეძინა.