ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მოეწყო.
ფესტივალს დაესწრნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში – ირჟი პრეცლიკი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი.
ოზურგეთის ფესტივალი მუნიციპალური პროექტის, “ჩაის გზა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ჩაის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ოზურგეთის ფესტივალის ფარგლებში ჩაის ოსტატთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. მსაჯები და სტუმრები მსოფლიოს 9 ქვეყნიდან მოიწვიეს. წარდგენილი იყო გურიისა და სამეგრელოს ჩაის კულტურა, გამარჯვებული მსოფლიო ჩაის ფესტივალზე იასპარეზებს. ასევე გაიმართა კონფერენცია ქართული ჩაის საწარმოს და ტურისტული პერსპექტივების შესახებ.