ოზურგეთის აბანოს კონსერვაცია

ქალაქ ოზურგეთის ისტორიული აბანოს კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

ქალაქის ცენტრში მდებარე არქიტექტურული ნაგებობის განახლებული იერსახით წარმოსაჩენად სარესტავრაციო გეგმას სააგენტო მიმდინარე წლის უახლოეს თვეებში მოამზადებს, რომელიც ძირითად საპროექტო დოკუმენტაციასთან შეჯერდება. არსებული კონცეფციის მიხედვით, ისტორიული აბანოს რეაბილიტაციის გეგმა კონსერვაციასთან ერთად მისი წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივ აღდგენას და ღია საექსპოზიციო ფორმით ინფრასტრუქტურული ელემენტებით გამრავალფეროვნებას ითვალისწინებს. რამოდენიმე 7 წლის წინ ჩაშენებული ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მოეწყობა ლითონკოსტრუქციის მოაჯირები, საფეხმავლო ხიდები და განათების თანამედროვე სისტემები. ქალაქის ურბანულ ქსოვილს ჰარმონიულად შერწყმული არქიტექტურული ნაგებობა ტურისტული სანახაობის დატვირტვასაც შეიძენს. მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ფიზიკურ სამუშაოებს მიმდინარე წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს,. არსებული გეგმის მიხედვით, სარეაბილიტაციო პროცესი ზაფხულში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. * ისტორიული აბანოები ქალაქ ოზურგეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან უძველესია. ძველი ნაგებობის ნაშთები მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ცენტრში რესტორან „იზაბელას” მშენებლობისას აღმოაჩინეს. არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები მეორედ 2012 წელს, იუსტიციის სახლის საძირკველის გათხრისას გამოვლინდა. აბანოს ნაშთები სავარაუდოდ დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილი გურიელების აბანოს ეკუთვნის. საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოების მსგავსად ოზუგეთის აბანოებიც ორ იარუსიანია (ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო).

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა