საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციაში 100 000-მდე მონეტა ინახება, რომელთა უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
კოლექციის ფორმირება XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. ის კავკასიის მუზეუმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმისა და სიონის საკათედრო ტაძართან არსებულ თბილისის საეკლესიო სიძველეთსაცავის ნუმიზმატიკური კოლექციების სამართალმემკვიდრეა. აღნიშნულმა ნუმიზმატიკურმა კოლექციებმა 1931 წელს თავი მოიყარეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ნუმიზმატიკის კაბინეტის პირველ ხელმძღვანელად თამარ ლომოური დაინიშნა.
კოლექცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეივსო XX საუკუნის მანძილზე საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული ნუმიზმატიკური არტეფაქტებისა და სამონეტო განძების წყალობით.
1940 წლიდან დავით კაპანაძისა და თამარ ლომოურის ინიციატივით დაიწყო მუზეუმის ნუმიზმატიკური კაბინეტის ფონდების რეორგანიზაცია. ჩამოყალიბდა შემდეგი ფონდები: ქართული მონეტების ფონდი, რუსული მონეტების ფონდი, კლასიკური მონეტების ფონდი, ძველი ირანის მონეტების ფონდი, ბიზანტიისა და ტრაპიზონის მონეტების ფონდი, აღმოსავლური მონეტების ფონდი, ევროპული მონეტების ფონდი, მედლების, ორდენებისა და ჟეტონების ფონდი, განძების ფონდი. ასევე ქართული, რუსული და სხვა ქვეყნების ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების კოლექცია.
(ვიზუალური მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს)