ნუ დავაბინძურებთ ჩვენს სამშობლოს

ლონდონიდან საქმიანი ვიზიტით მეგობარი სტივი მესტუმრა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ერთდღიანი ფანჯარა გამონახა და მთხოვა ერთ ლამაზ ადგილას გავყოლოდი. სურათი მაჩვენა, ღრუბლებს მაღლა ქალაქი იყო გაშენებული, შორს კი თოვლიანი მთები მოჩანდა. აი ამის ნახვა მინდა, რა ლამაზია, გეგონება კუნძულია ოკეანეშიო.

ეს ადგილი კი სიყვარულის ქალაქად წოდებული, იმჟამად ნისლში ჩაფლული, სიღნაღი გახლდათ.

გამგზავრებამდე ინტერნეტში მცირე ინფორმაცია მოვიძიე. ზღვის დონიდან 720 მეტრზე მდებარეობს, შემოვლებული აქვს 4 კილომეტრიანი გალავანი, 23 კოშკით და 6 თაღოვანი კარიბჭით, რომლებიც სოფლების მიხედვით თავის სახელებს ატარებს. ძველი ომიანობის დროს მოსახლეობა აქ აფარებდა თავს და ქალაქის სახელწოდებაც თურქულად “თავშესაფარს” ნიშნავს.

თბილისიდან კვირა დილით დავიძარით, 120 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. მშვენიერი ამინდია, მოწმენდილია ცა, შუადღეს ალბათ ძლიერ დაცხება. მიქრის ჩვენი ავტომობილი კახეთის გზაზე, ირგვლივ ტრიალი მინდვრები, დამუშავებული ყანები და პატარა ნავთობსაქაჩებია. სტივმა კრის რეის მუსიკა ჩართო, უხდება გზის პეიზაჟებს.

გავდივართ სოფლებს, გლეხები უკვე ფეხზე დგანან, ზოგი ვენახში მუშაობს, ზოგიც ნახირს ერეკება. რამდენიმე სახლის წინ გასაყიდ კუთხეს აკეთებს და ზედ, ჩურჩხელებს და ნაირ-ნაირ ნუგბარს კიდებს. რამდენიმე ადგილას ახალი ობიექტიც შენდება, სავარაუდოდ რესტორნები. სამწუხაროდ მრავალ სახლსა და ნაკვეთს “იყიდება” აწერია.

სოფელ არაშენდასთან კი სტენდი დაგვხვდა წარწერით: “ნუ დავაბინძურებთ ჩვენს სამშობლოს”. კარგი მოწოდებაა, მაგრამ რად გინდა, ბევრი არ ითვალისწინებს, რამდენიმე ადგილას თანაც გზისპირზე შეიმჩნეოდა “ქეიფს” შემდგომ დარჩენილი კვალი, სადაც მარტივად ამოიცნობდი მენიუს.

ჩალაუბანთან მარჯვნივ, სიღნაღისკენ გადავუხვიეთ, მაღაროს შესახვევთან ძველი ტრაქტორის ძეგლი დგას, რომელიც მეორე სამამულო ომის დროს, ტრაქტორისტ ელენე ნატროშვილს ეკუთვნოდა.

ცოტა ხანს ნუკრიანთან გავჩერდით, მოშორებით ლავანდების და მზესუმზირის პლანტაცია მოჩანდა, ლურჯ-ყვითლად იყო შეფერადებული გორაკი.

დავიძარით, მაღლა-მაღლა მივუყვებით გზას, პატარა ხეივანი გავიარეთ და ულამაზესი სიღნაღიც გამოჩნდა. ქალაქი მწვანე გორაკზეა გაშენებული, ორ-სამ სართულიანი სახლები წითელი კრამიტითაა გადახურული, ხოლო უკანა ხედს ალაზნის ველი და კავკასიონის თოვლიანი მთები უმშვენებენ. გავაჩერეთ ავტომობილი ქალაქის სადგომზე და დათვალიერება დავიწყეთ. სტივი კმაყოფილია, უღებს სურათებს, მრავალფერად შეღებილ სახლებს, რომლებსაც ქართული ხის რიკულებიანი აივნები კიდევ უფრო ამშვენებენ. გარეთ ლამპიონებიც ძველებურ სტილშია გაკეთებული, თავი საუკუნისწინანდელ ქალაქში გეგონება.

 

ყველა ადგილი ლამაზია. პატრული კვადროზე, ან ცხენზე ზის, ღია კაფეები, სასეირნო ფაეტონი, ღია მინიავტობუსები და სავარძლებჩადგმული სამბორბლიანი მოტოციკლეტები.

ქორწინების სახლიდან უცხოელი წყვილი გამოვიდა, ხელში ქორწინების მოწმობით. წაიცეკვეს შადრევანთან და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის შენობასთან სუვენირებს ყიდდნენ და სტივმა, ქუდი, წინდები და ჩურჩხელები შეიძინა. მანამდე ერთ გამყიდველს გავესაუბრე, ვუქებ ქალაქს. ჩემს რესპონდენტსაც მოსწონს აქაურობა, თუმც მცირე შენიშვნები აქვს:

– ლამაზია, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ, იმ სახლებს ქვემოთ უამრავი ისტორიული ძეგლია, ამათ კი ზემოდან დააშენეს პირდაპირ და არ გამოიკვლიეს, თავად ვმონაწილეობდი მშენებლობებში და უკეთ ვიცი. ისე აქ ადრე ზღვა იყო, ცივგომბორის ქედით კი კუნძულად ყოფილა გამოყოფილი.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, მუზეუმის სანახავად გავწიეთ. ბილეთის ფასი დიდებისთვის 5 ლარია. შესასვლელში ვანში აღმოჩენილი ჩვენი წელთაღრიცხვით VIII-VI საუკუნეში დამზადებული, “თამადის” ძეგლი დგას. სტივმა ფოტოსთვის მასთან ჭიქის მიჭახუნების სცენა გაითამაშა.

მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. სულ 14 ოთახია და ყოველი დეტალის აღწერა შორს წაგვიყვანს, თუმცა ავღნიშნავთ რომ აქ შემოსვლა ნამდვილად ღირს. იწყება არქეოლოგიური ექსპოზიციით: ენეოლითური, ბრინჯაოს ხანის ნიმუშებით. გამოსაყოფია წნორში აღმოჩენილი ოქროს ლომის ფიგურა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლ

ეულის II ნახევარშია დამზადებული. ასევე წარმოდგენილია იარაღები, თიხის ჭურჭელი. ოთახებში მრავლადაა სხვადასხვა საუკუნის ღირშესანიშნავი ნამუშევრები, სამოსი, მონეტები, სათამაშო ლოტო და უამრავი სხვა ექსპონატი. სტივის ყურადღება მიიქცია მოჩუქურთმებულ, მოხატულმა არღანმა, რომელსაც “შენ დაუკარ ყაზარაშვილო” ეწერა.

ამის შემდეგ მარანში ჩავედით, რომელიც ძველი ქართული აგურებით იყო ნაშენი.

ცოტა შევისვენეთ მხატვრების ოთახში და აივანზე გავედით, სადაც კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება დავმტკბარიყავით სიღნაღისა და ალაზნის ველის ხედებით. მაღლა ავიხედე და ღრუბლები თამაშობდნენ, ქვემოდან ზევით. აქ კარგი იქნება პარაპლანით ფრენა, ტურბულენტური ზონაა – ამბობს სტივი.

მუზეუმიდან მარცხნივ გავაგრძელეთ გზა და წმ. სტეფანეს ეკლესიაში შევედით, რომელიც 1762 წელს არის აგებული და ჩაშენებულია სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში. აქედან ქალაქის და ალაზნის ველის დანახვაა შესაძლებელი. უკან სოლომონ დოდაშვილის მოედანზე გამოვედით, ციხის გალავანს ქვემოთ გავუყევით და დიდი კარიბჭით, ქალაქის მეორე მხარეს გორგასლის ქუჩაზე შევედით.

გალავანი ნაგებია რიყის ქვით, სქელია, სიმაღლე 4-5 მეტრი იქნება. კოშკის დიამეტრი კი 3-3,5 მეტრს აღწევს.

ქუჩის ბოლოში ჩავედით და კოშკზე მოწყობილი ქვის კიბით ავედით. კოშკის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებდა, მარცხნივ ქვემოთ ქალაქის დაუსახლებელი ნაწილი და გალავანის კედელი ზოლად მოჩანდა, წინ კი ალაზნის ველი, წნორი და კავკასიონი. კედელზე მიმაგრებულ რკინის ბილიკს მაღლა ავუყევით.

გალავნის მეორე მხარეს კაფეები იყო მოწყობილი, საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა. ერთ კაფეში სიმღერის ხმა მოგვესმა, იქით გავწიეთ და საუცხოო სანახაობა ვიხილეთ. გაშლილ ღია ვერანდაზე, ალაზნის ულამაზესი ხედით, მაგიდას რამდენიმე ახალგაზრდა უსხდა და “ბინდისფერ სოფელს” მღეროდა. ტურისტები გარს შემოხვეოდნენ და ვიდეოს გადაღებას ცდილობდნენ.

მოვუსმინეთ ბოლომდე, შემდეგ ქვემოთ ჩავუყევით და წმინდა გიორგის ეკლესიაში შევედით, ჯვრისწერა იყო, ხელი არ შევუშალეთ და ცოტა ხანს ეზოში ხის ძირას სკამზე დავისვენეთ.

სიღნაღის შემდეგ 2 კილომეტრის მოშორებით მდებარე ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტრის დასათვალიერებლად წავედით. მანქანა ეკლესიის გარეთ გალავანთან გავაჩერეთ.

სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის ორი ტაძარი, სამრეკლო, გალავანი და სამონასტრო ნაგებობები. ეკლესიის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის ხეები და ტანმაღალი კვიპაროსები დგას. ძალიან ლამაზია აქაურობა.

სამსართულიანი სამრეკლო შესასვლელთან ახლოს მდებარეობს, შემდეგ სამნავიანი ბაზილიკური სტილის ტაძარია, მარცხნივ მონაზონთა საცხოვრებელი სენაკები, ხოლო ოდნავ მოშორებით ხევისკენ ახალი, დიდი გუმბათიანი ტაძარი შენდება.

მთავარი ტაძარი მე-4 საუკუნეშია აგებული, IX საუკუნეში დღევანდელი სამთავიანი ეკლესიის სახე მიეცა, თუმც შემდეგ XIX საუკუნემდე რამდენჯერმე გადაკეთდა.

ლამაზი, გალავნიანი კიბეებით ტაძრის ქვემოთ ერთ კილომეტრში მდებარე “წმინდა ნინოს წყაროს” სანახავად ჩავედით. გალავნიანი კიბე მალე დასრულდა და ხევი დაიწყო, სადაც ტყეში გზა ქვის კიბეებით მოწყობილ ბილიკს მიუყვებოდა.

წყაროსთან აგებულია წმინდა ნინოს მშობლების – წმინდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია. გადმოცემის მიხედვით წყარო წმინდანის ლოცვით აღმოცენებულა, ნაკურთხი წყლის ძალა აქვს და მასში განბანვის შემდეგ სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.

წყალში ჩასვლის მსურველი ბევრი იყო და რიგი იდგა. მორწმუნეები სპეციალურ კვართებს იცვამდნენ და კიბით ემბაზში ჩადიოდნენ, რომელიც დაახლოებით მხრებამდე ფარავდა ადამიანს.

ტაძრის გვერდით, გზის მეორე მხარეს მონაზონთა საცხოვრებელია, ერთსართულიანი თეთრი ქვის შენობა.

ცოტა ხნით ტაძრის გვერდით, ტირიფების ჩრდილში დავისვენეთ და უკან ფეხით ამოვედით, ზოგიერთმა კი იქვე მდგარი ტაქსით ისარგებლა.

მაღლა ტურისტები მცირე რაოდენობა დაგვხდა, ჩვენც ვისარგებლეთ და ყველაფერი ფოტოკამერებზე აღვბეჭდეთ, ალაზნის და კავკასიონის ხედებიც არ გამოგვპარვია, რაც ძალიან მოწონდათ დამთვალიერებლებს.

გარეთ კაფეში დავსხედით, ქართული კერძები დავაგემოვნეთ და თბილისისკენ გამოვეშურეთ.

წამოვედით დადებითი ემოციებით დატვირთულები, თანდათან ღამდებოდა. სიღნაღთან კვლავ დაგვხვდა სტენდი, რომელსაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ტექსტი ეწერა: ნუ დავაბინძურებთ ჩვენს სამშობლოს