ნორვეგიული გასეირნება

რეკავს მაღვიძარა, ინსტიქტურად ტანში მაჟრიალებს, ვჭმუხნი შუბლს და ძალით, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვახელ ჯერ ერთ, მერე მეორე თვალს. თითქოს ეს დღეც არაფრით განსხვავდება დანარჩენებისაგან , თუმცა არის ერთი ,, მაგრამ’’ . სიტუაციაში გარკვევას ვიწყებ, პირველ წუთებში ვერ ვხვდები ვისია ეს უცხო ოთახი ან საერთოდ რატომ ვიღვიძებ აქ, მერე გარეთ ვიხედები და ვხვდები, რომ ეს ზუსტად ისაა, რასაც ვფიქრობ. ნორვეგიაში ვარ, დღეს ნორვეგიაში გავიღვიძე. საოცრად ჟღერს, თითქმის დაუჯერებლად, არა? ასე იწყება ჩემი ნორვეგიული დილა.

ალბათ ახლაც ვერ ვიაზრებ ნორვეგიაში რომ დავაბიჯებდი ჩემ ბოტოტა ფეხებს . ეს უფრო მომაჯადოებელ სიზმარს ჰგავდა.  ნორვეგიამდე იყო ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი და არაერთი სხვა,მაგრამ არვიცი რატომ ან იქნებ ზუსტად ვიცი კიდეც, რომ  აქ ყოფნა სულ სხვა ზღაპრული შეგრძნება იყო. ადამიანმა, რომელსაც ზამთრის გაგონებაც არ მინდა და მთელი ცხოვრება გავიძახი ,ზაფხულის გოგონა ვართქო, აღმოვაჩინე რომ ეს ქვეყანა რამდენიმე წამში შევიყვარე. ისიც კი გავიფიქრე, აქ ვიცხოვრებდი-მეთქი და სულაც არ შევუწუხებივარ სუსხით მოყინულ ღაწვებს. ამაყად განვაცხადე მეგობრებთან ჩემი სურვილი, არადა რამდენიმე ფენა ტანსაცმელში ვიყავი გახვეული და ოდნავ სუსხს კიდევ ვგრძნობდი, მე- ზაფხულის გოგონა.

ჰო და აი, რომ იღვიძებ და ხვდები სადაც ხარ, არაადამიანური სიჩქარით იცმევ და გარეთ გარბიხარ.  გინდა აქაური ჰაერი ჩაისუნთქო.  მერე ვიწყებ ნერვიულობას, რომ ეს დრო არაფერში მეყოფა, ვერაფრის ნახვას მოვასწრებ. მართალია, რაც არ უნდა მოასწრო საკმარისი მაინც არასოდეს არის დრო, რომ შეისწავლო ქალაქის რიტმი და ჩვევები. ვუყურებ ზღვას, რომელიც ნახევრად გაიყინა, დიდ ლამაზ გემებს და დიდ-დიდ შენობებს და ვხვდები რა პატარა ვარ ამ დიდ ქალაქში. და მაინც, ბოლომდე ვერ ვიგებ იმ ნორვეგიულ სულს. ხანდახან ვფიქრობ, არა, კი არ ვფიქრობ, მჯერა, რომ ბოლომდე შესაგრძნობად ამა თუ იმ ქალაქის სულის ფანჯრებს იქით დამალული საიდუმლოს ამოხსნაა აუცილებელი. რამდენჯერ მიოცნებია დამენახა რა ხდებოდა ფანჯრებს იქით ნორვეგიულ ოჯახებში, მაგრამ ეს ოცნებად დამრჩა. მაინც ვერ გავარკვიე როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ფარდებს მიღმა. ვიყურებოდი გარშემო და ვხვდებოდი, რომ ეს ისეთი სილამაზე იყო, ჩემს გონებას ერთბაშად უჭირდა ამის აღქმა. იმ ხალხის არასდროს მესმოდა, რომელიმე მხატვრის ნამუშევართან საათობით რომ დგანან და უყურებენ. აი ასე ვიდექი ოსლოში, ნორვეგიის ნაპირთან და ვგრძნობდი, რომ ყველასი მესმოდა ერთბაშად. ვიდექი და საათობით ვუყურებდი, მინდოდა რომ კარგად ჩაბეჭდილიყო ჩემს გონებაში,ჩემს გრძნობებსა და სულში ეს სილამაზე.  და მაინც, ვხვდებოდი, რომ ვერასდროს ავუხსნიდი და დავაჯერებდი სხვას იმ სილამაზეს, რასაც ვხედავდი ჩემი საკუთარი თვალებით. ეს ისეთი რაღაცაა სარკეში რომ მოგწონს შენი თავი ,მაგრამ ფოტოში ისეთი კარგი არ გამოდიხარ როგორიც სარკეში ჩანდი. მერე წამიერად გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ისევ ვკარგავდი იმ ძვირფას წამებს, რომელიც ისედაც ზედმეტად ცოტა მქონდა. ჯერ ბანალურად ვეძებ ინტერნეტში ადგილებს, რაც აუცილებლად სანახავია და ვცდილობ არცერთი წამი არ დავკარგო, მაგრამ სულის სიღრმეში ვხვდები ეს დრო არაა საკმარისი. მაინც ვაჯერებ ჩემს თავს,რომ ყველაფერი ვნახე. ეს ხომ ვნახე, ველაპარაკები ჩემს თავს, მაგრამ სულის სიღრმეში მჯერა, რომ ერთი დღე მაინც უნდა გამეტარებინა  ფანჯრის იქით, ჩემი ნორვეგიული გასეირნების სრულყოფისთვის. აი მერე ამაყად ვიტყოდი ნორვეგია ვნახეთქო. “სანახავებიდან” ერთ-ერთი ადგილი -ვიგელანდის პარკი.  წარმოგიდგენიათ ორასი სკულბტურა ერთ სივრცეში? წარმოგიდგენიათ უფასო მუზეუმი? ოღონდ ჩვეულებრივი სკულბტურები არ გეგონოთ.  უყურებთ და გრძნობთ ყველა მიმიკას, უყურებთ და ხვდებით რომ ეს სკულბტურები სულიერი არსებები არიან, შეიძლება თქვენზე მეტადაც კი.  ბაღი, სადაც სივრცეში იკარგები, გრძნობ რომ იმაზე მეტად თავისუფალი ხარ,ვიდრე წარმოგიდგენია. ყველაფერ ამასთან ერთად ვნახულობ მუნხის “კივილს” , ჰო, სწორედ იმ ნახატს ყოველ მეხუთეს, მეხუთეს თუ არა მეათეს მაინც ფეისბუქზე რომ უდევს. ვუყურებ და თითქოს მეც ის ადამიანი ვხდები ,მათი არასდროს რომ არ მესმოდა. მეც ვდგები ერთ ადგილზე და საათობით ვუყურებ. მერე ხალხს ვაკვირდები ნახატთან ერთად როგორ კივიან და მერე ყველა ერთად ვკივით. ბოლოს ჯერ კიდევ შემორჩენილ წუთებს ხეტიალში ვატარებ, ვათვალიერებ ნორვეგიულ მდიდარ უბნებს. თოვს განუწყვეტლივ და ეს უფრო ზღაპრულს ქმნის გარემოს. მერე პატარა ბავშვივით წარმოვიდგენ ,აი, იმ სახლში რომ ვცხოვრობდე. არა, არა ეს უფრო უკეთესია ამ სახლში რომ ვცხოვრობდე, თუ ის ჯობს წინ რომ დგას? საკუთარ თავთან კონფლიქტი მაქვს ,ვიწყებ არჩევას სახლების .თითქოს წამი წამზე ყიდვას ვაპირებდე. მერე მახსენდება, რამდენიმე საათიღა დამრჩა, მალე ნორვეგიას სახლი, არაფრით გამორჩეული დღეები, საწოლი და ჩემი ლეპტოპი ფეისბუქით ჩაანაცვლებს. მაგრამ მაინც კმაყოფილებისგან სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამირბენს წამიერად. მე ხომ  ნორვეგიაში დავდგი ფეხები, ჩემი საკუთარი ფეხები.ბოლო წუთები განსაკუთრეებულად ძვირფასი ხდება, ვაკვირდები ყველა დეტალს, ყველა ადამიანს, რომელიც ქუჩაში მოძრაობს. ერთიანად ვისრუტავ გარშემო ყველაფერს, რადგან ვიცი რომ ეს ბოლო წამებია. წამიერად მშურსს ჩემი თავის, რომ ჩემი ძვირფასი ცხოვრების ძვირფასი საათები და წამები ნორვეგიაში გავფლანგე. და აი, დგახარ სადგურის წინ, ბარგით ხელში, ფეხები უკან გრჩება.ხვდები,აღარ გინდა წასვლა, მაგრამ ცხოვრება ხომ ჩვენი სრუვილების წინააღმდეგ მოძრაობს. სხვა გზა არ არის, უნდა წავიდე. ბარგ აკიდებული არაკომფორტულობისგან ვიჯღანები და ჩემს თავს ვაჯერებ ,რომ ერთ დღეს აქ აუცილებლად დავბრუნდები .თავად არ მჯერა ჩემი სიტყვების, მაგრამ რაღაც რწმენას მაინც მიტოვებს გულის სიღრმეში და ხმამაღლა ვიმეორებ “მე აქ აუცილებლად დავბრუნდები”.