სახლი დაუვიწყარი მასპინძლით. გაიცანით – ნინო თიგიშვილი

  • Home
  • ინტერვიუები
  • სახლი დაუვიწყარი მასპინძლით. გაიცანით – ნინო თიგიშვილი

იმედია ტურიზმი მალე დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას და მეც მალე გავხდები მისი ერთ-ერთი პატარა რგოლი - ნინო თიგიშვილი

ნინო თიგიშვილი საკუთარი ისტორიისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება თუ როგორ გახდა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ტურიზმის სფერო.

გაიაცნით ნინო ქსნის ხეობიდან, რომელიც პატარა ასაკში არ შეუშინდა სირთულეებს და შექმნა საოცარი ადგილი „თიგის სახლი“, რომლის მთავარი მოტივაციის წყაროც მამა გახდა.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ

მე ვარ ნინო თიგიშვილი 22 წლის, რომელსაც სურვილი აქვს მცირედი წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურიზმის განვითარებაში. მუდმივად ვიბრძვი საკუთარი ოცნებების ასასრულებლად და სურვილი მაქვს ჩემი სოფლის რესურსები გარდავქმნა ტურისტულ პროდუქტად.

  1. ამჟამად რა არის თქვენი საქმიანობის სფერო ?

ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტში მაგისტრასტურაზე ტურიზმის მენჯმენტის მიმართულებით და ვმუშაობ ეკოტურიზმის ასოციაციაში პროექტების კოორდინატორად, ასევე მიმდინარე სემესტრიდან ვარ ილიაუნის მოწვეული ლექტორი. უკვე წლებია აქტიურად ვარ ჩართული ტურიზმის ინდუსტრიაში და ჩემი დღის წესრიგი ამით არის მოცული.

  1. საიდან დაიწყო თქვენი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება ?

სიმართლე გითხრათ მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ აბიტურიენტობის დროს, მაშინ, როცა პროფესიის არჩევის პროცესი დაიწყო და საბოლოოდ ჩემი არჩევანი ტურიზმის მენჯმენტზე შეჩერდა. იმ პერიოდში ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა ტურიზმზე, მაგრამ ვიცოდი რომ რაღაც მრავალფეროვანი, აქტიური და მუდმივად განვითარებადი მჭირდებოდა. ასე მოვხვდი ამ სფეროში. უნივერსიტეტმა, პროექტებმა (არ შემიძლია არ ავღნიშნო TOURMODE) და ამ პროფესიის უკეთ გაცნობამ კი დამარწმუნა ჩემი არჩევანის სისწორეში. მე ის იშვიათთაგანი ვარ, ვინც იმას აკეთებს და სწავლობს რაც უყვარს.

  1. როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში ?

ტურიზმი სხვადსხვა სექტორების ურთიერთკავშირია. მეც ბევრი ვიბოდიალე სექტორებს შორის სტაჟირებით, კურსებით, რომ მეპოვა საქმე, რომლის კეთებაც მომწონს. საბოლოოდ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი და ჩემი ლექტორის ნატალია ბახტაძის დახმარებით აღმოვჩნდი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაში, სადაც დაიწყო სერიოზული, გამოწვევებით სავსე მუშაობის პროცესი. ამ ყოველივემ კი რეალური განვითარების შესაძლებლობა მომცა.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ არაჩვეულებრივი, პროფესიონალებით სავსე გუნდის წევრი ვარ და მათთან ერთად შემაქვს წვლილი ტურიზმის და შესაბამისად ქართული ეკონომიკის, თუნდაც მცირედით განვითარებაში. ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ ადამაინებს და ვცდილობთ უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება, ისევ და ისევ ტურიზმის მეშვეობით.

  1. რატომ გაგიჩნდათ იდეა გაგეკეთებინათ „თიგის სახლი“ ?

ერთ წელს მამაჩემმა ძალიან ბევრი მცენარე მოიტანა, რომელსაც ჩაისთვის ვიყენებთ, იმდენი რომ რამოდენიმე ჩაის მოყვარულ ოჯახს ეყოფოდა. იმავე წელს მამა გარდაიცვალა…

მუშაობა რომ დავიწყე (დაახლოებით 1 წლის შემდეგ) ეს მცენარეები სამსახურში წავიღე (ჯერ კიდევ ბევრი მქონდა), დიდი მოწონება დაიმსახურა, მაშინვე მითხრეს არ გინდა მისი გაყიდვა დაიწყოო?. მეც გონებაში ჩამიჯდა ეს იდეა და დედას ვთხოვე მეტი მცენარე მოეგროვებინა შემდეგი წლისთვის, ისიც უცებ ამყვა.

რაც შეეხება თიგის სახლს, ჩაიზე უფრო ადრე არსებობდა სურვილი საკუთარი მცირე ტურისტული ობიექტის შექმნის, ამიტომ თავიდანვე ვიზრუნე ისეთი სახელის შერჩევაზე, რომელის ქვეშაც შემეძლებოდა ყველა ჩემი საოჯახო საქმის/პროდუქტის გაერთიანება.

სულ რაღაც 3 თვეა, რაც  ჩემს იდეას საბოლოოდ შეესხა ფრთები. ამ ეტაპზე მხოლოდ 3 სახეობის ჩაის ვყიდი. სამივე მათგანი ჩვენი სოფლის გარემოში შეგროვილი მცენარეების ნაზავია. ჩაი მხოლოდ პირველი ნაბიჯი, საფუძველია სამომავლო  გეგმების განხორცილებისათვის. სიმართლე გითხრათ კარგი საფუძველი აღმოჩნდა, რამაც განვითარებს კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა. სამწუხაროდ, მიმდინარე სიტუაციამ ჩვენზეც იმოქმედა და გაყიდვები შევაჩერეთ, რადგან რესურსი არ გვეყო ადგილზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად. თუმცა ეს დრო უქმად არ დაგვიკარგავს და “თიგის სახლის” პოპულარიზაციის მიზნით ჩვენი ყოველდღიური ყოფის ამსახველი პოსტების, ვიდეობის გამოქვეყნება დავიწყეთ. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისეთი პოზიტივი წამოვიდა ალბათ იმაზე მალე გადავა „თიგის სახლი“ განვითარების შემდეგ ეტაპზე, ვიდრე წარმომედგინა. ამას რესურსი სჭირდება, რომელსაც ეტაპობრივად მოვუყრი თავს ჩემი ოჯახის დახმარებით. იმედია ტურიზმი მალე დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას და მეც მალე გავხდები მისი ერთ-ერთი პატარა რგოლი.

  1. რა სირთულეებს წააწყდით იდეის განხორციელების პროცესში ?

საქმის დაწყება ყოველთვის რთულია, იმაზე რთულად გესახება ფაქტები ვიდრე ეს რეალურადაა, მითუმეტეს როცა გამოცდილება არ გაქვს. იურიდიული ფორმა, ნებართვები, გაყიდვის არხები და ა.შ. ეს ყოველივე ძალიან  მაშინებდა. მთავარი სირთულე ამ შიშების დაძლევა და რისკზე წასვლა იყო. არ მინდოდა დედასთვის და მამასთვის, რომლემაც თითქოს მინიშნება დამიტოვა, იმედი გამეცრუებინა.

საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომაც იყო სირთულებიი. მაგალითად გამიჭირდა ეკოლოგიურად სუფთა მცირე რაოდენობის შეფუთვის პოვნა, ყველგან ძალიან მაღალ რაოდენობას მისახელბდნენ შეკვეთის მისაღებად, რისი რესურსიც არ მქონდა. საბოლოო ჯამში სრულიად უბრალო ქაღალდის შეფუთვა გამოვიყენე, ყოველგვარი ჩანართის და გაფორმების გარეშე.

  1. დაგეხმარათ თუ არა ვინმე იდეის განხორციელების ეტაპზე ?

რა თქმა უნდა, უნივერიტეტი და მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. განსაკუთრებით ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკითხებში: ლოგო, სტიკერის დიზაინი, გაყიდვის გზის მოძებნა, პოპულარიზაცია და ა.შ  ისინი რომ არა  ვერფერს გავაკეთებდი, ასევე ჩემი გუნდი და ოჯახი.

  1. როგორ ფიქრობთ რით განსხვავდება თქვენი ჩაი კონკურენტებისგან და რა ხდის განსაკუთრებულს ?

ჩაი, როგორც პროდუქტი არ არის ინოვაციური და ბაზარიც გაჯერებულია ამ პროდუქტით, თუმცა ქართული ჩაით განებრივრებულები არ ვართ, სამწუხაროდ. რაც შეეხება ქართულ კონკურენტებს მათგან ალბათ განგვასხვავებს ის, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ ჩაი, ვართ მცენარეული ჩაი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, მთის გარემოში გროვდება და ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე შრება და იფუთება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მცენარეების მთლიანობაა (დაუჭრელად შეფუთვა), რომელიც დაყენების დროს განსაკურებულად ლამაზია და გარდა გემოთი ტკბობისა მისი ვიზუალით ტკბობაც შეგიძლიათ.

  1. მოგვიყევით როგორ აქციეთ ჩაი ტურისტულ პროდუქტად?

თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. თითქმის ყევლა დამწყებ ბიზნესს აქვს მცირე რესურსი მათ შორის მეც. ონლაინ პლატფორმამ მომცა შესაძლებლობა ჩაის გაყიდვისა გარდა დაინტერესებული ადამაინებისთვისშემეთავზებინა საინტერესო ამბები ჩემი ოჯახისა და ზოგადად სოფლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და აქედვე დამეწყო ზრუნვა სამომავლო მიზნის მიღწევაზე. ასე იქცა ჩემი ჩაი ტურისტული შეთავზების ერთ ნაწილად.

  1. თქვენი აზრით რა არის საჭირო რომ იდეა განხორციელდეს? (მაგ:პიროვნული თვისებები, არსებული შესაძლებლობები)

მონდომება და საკუთარი თავის რწმენა ჩემი გამოცდილებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იდეის ხორცშესხმისთვის. რაც შეეხება შესაძლებლობებს ადამიანები, კონტაქტები, რომლებსაც შეუძლია დაგეხმარონ იდეის განხორციელბაში და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან ამცირებს დანახარჯებს.

  1. რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ბრკოლდებიან და საკუთარი იდეის განხორციელებისგან იკავებენ თავს?

უბრალოდ უნდა ირწმუნოთ და მარტივად შეხედოთ რაღაცეებს. დაიწყოთ იმ მცირე რესურსით რაც გაქვთ და შემდგომ პროცესი თავად გაჩვენებთ განვითარების შესაძლებლობებს. ასევე არ მოგერიდოთ და დასვით კითხვები კომპეტენტურ ადაიმანებთან, სთხოვეთ მათ დახმარება და არ დაგავიწყდეთ რა არის თქვენი საბოლოო მიზანი.

  1. და ბოლოს მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

უახლოესი მომავლის გეგმები არის ჩაის ასორტიმენტის გაზრდა და სხვა ოჯახური პროდუქტების დამატება, როგორიცაა მაგალითად მურაბა, საწებელი და ა.შ.

საბოლოო მიზანი/ოცნება კი არის საკუთარი აგროტურისტული მეურნეობის შექმნა. ადგილი, სადაც უბრალოდ კი არ მოვუყვებით და ვაჩვენებთ ადმიანებს პროცესებს, არამედ მივცემთ შესაძლებლობას თავად გახდნენ პროცესის და ჩვენი ოჯახის წევრები, თუნდაც რამოდენიმე საათით, დაუვიწყარი გამოცდილებისა და ემოციების მისაღებად. მივცემთ შესაძლებლობას”თიგის სახლის”ყველა პროდუქტი თავად შექმნან და გაეცნონ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას, ტრადიციებს, დღესასწაულის აღნიშვნის ფორმებს და ა.შ.

ასევე ძალიან მინდა სხვებსაც დავეხმარო. მაგალითად ჩემი მეზობლის მოქსოვილი წინდა, მოწნული კალათა და ა.შ შევთავაზო ჩემთან მოსულ სტუმრებს, ან მეზობელმა ცხენით გაასერინოს ისინი, მოკლედ ხელი შევუწყო სოფლის განვითარებას და დავანახო ადამიანებს შესაძლებლობები.

და ბოლოს ყველა ჩემთან მოსული ადამიანს დავანახო რუსული ოკუპაციის ნიშანი (სოფ. ოძისი სასაზღვრო სოფელია) და ვუთხრა, რომ ჩემი სახლის ნაწილი მავრთულხლართების მიღმა დარჩა დედაჩემის სამშობლოს სახით და კიდევ ერთხელ შევახსენო მათ ოკუპაციის ფაქტი.

Tags: