ესტონეთის ეროვნული მუზეუმის, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივისა და ორგანიზების საფუძველზე ტალინის მუზეუმი „მიკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ექსპოზიცია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ 3 ფერწერულ ტილოს მოიცავს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ესტონური მუზეუმისთვის ნამუშევრების გადაბარების ყველა ოფიციალური და ტექნიკური პროცედურა, რომელიც ქართველი და ესტონელი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.
ესტონური საზოგადოებისთვის 5 თვიანი გამოფენა ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნება. 22 მარტს კი დიდი ქართველი ფერმწერის ნამუშევრებს დიპლომატიური კორპუსისა და ესტონეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლობა გაეცნობა. გახსნის ცერემონიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფიც დაესრება.
23 მარტიდანვე მუზეუმ „მიკელის“ საგამოფენო სივრცე 4 დღით კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შენეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც დაეთმობა, სადაც სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისთომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამა „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.
23 მარტს სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტი თამარ მელივა ესტონელი სტუდენტებისა და მსურველი საზოგადოების წინაშე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სალექციო თემით – „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ წარდგება.
* ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპონირება 2015 წელსაც განხორციელდა. სახელმწიფო უწყებათა ერთობლივი ძალისხმევით, იუნესკოს მიერ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტად აღიარების შემდეგ, ქართული ანბანის უძველესი სამი სახეობა პირველად ტალინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. ამ მოვლენის შემდეგ, ქართულ ანბანს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა მუზეუმმა არაერთხელ უმასპინძლა.