ნია ხაჭაპურიძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და გვიყვება თუ როგორ მოხვდა ტურიზმის სფეროში.
სტატიაში გაიცნობთ ახალგაზრდა მეწარმეს, რომელმაც საკუთარი ოცნების ასასრულებლად უამრავი დაბრკოლება გადალახა და თავისი წარმატების შესახებ გვიყვება. ნიამ თბილისურ ცხოვრებას დაცლილ სოფელ გვერძინეთში ცხოვრება ამჯობინა და ოჯახთან ერთად გახსნა საოჯახო სასტუმრო „ბოკნეთი“.
1. ვინ არის ნია ხაჭაპურიძე? (მოგვიყევით თქვენს შესახებ)
მოგესალმებით, მე ვარ ნია ხაჭაპურიძე ახალგაზრდა მეწარმე ძამას ხეობიდან. ბოლო ერთი წელია, რაც დავბრუნდი მოსახლეობისგან დაცლილ სოფელ გვერძინეთში და ოჯახთან ერთად გავხსენი საოჯახო სასტუმრო „ბოკნეთი“. სკოლის დასრულების შემდგომ, როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც წავედი თბილისში სასწავლებლად. დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობები და მაგისტრატურაც იგივე ფაკულტეტზე განვაგრძე. თუმცა 6 წლიანმა ცხოვრებამ დამანახა, რომ თბილისური ცხოვრება ჩემი არ იყო და თავს თავისუფლად მხოლოდ ხეობაში ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, ამან კი რადიკალურად შემცვალა. ვიპოვე ჩემი საქმე და ადგილი, სადაც მუდმივად ვვითარდები, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. ჩნდება ახალი დაბრკოლებები და მათი გადალახვა უფრო და უფრო საინტერესო ხდება. გარდა იმისა, რომ დაკავებული ვარ ტურისტული საქმიანობით, ასევე ვემზადები სამოქალაქო განათლების მასწავლებლობისთვის. ახლა ვსწავლობ მასწავლებელთა 60–კრედიტიან მოსამზადებელ პროგრამაზე და სექტემბრიდან ჩემს სოფელში შესაძლებლობა მექნება ვასწავლო სამოქალაქო განათლება. ვფიქრობ, რომ ხეობის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა და ადგილობრივების ჩართვაც ამ საქმიანობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების.
2. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში
პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის რთულია და ამავდროულად რისკიანიც. ტურიზმი და ჩემი სპეციალობა მეტნაკლებად ახლოს არიან ერთმანეთთან. ამან შედარებით გამიმარტივა კომუნიკაცია, თუმცა ტურისტული საქმიანობა ძალიან კარგ მენეჯმენტსა და ორგანიზებას მოითხოვს. არ ვიცოდი, როგორ მემართა სასტუმრო, როგორ დავხვედროდი ქართველ თუ უცხოელ სტუმარს… რადგან მათ სხვადასხვანაირი მასპინძლობა სჭირდება. არასდროს დამავიწყდება პირველი უცხოელი სტუმრების მიღებისას განცდილი ემოციები… საშინლად ვნერვიულობდი. მაგრამ იმდენად საინტერესოა მათთან ურთიერთობა, მათი კულტურის გაცნობა, ნამდვილად ღირს ამად. პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან დამეხმარა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული მენტორინგის პროგრამა, რომელსაც 9 თვის განმავლობაში კრეატიული განვითარების ცენტრი ახორციელებდა. სწორედ ისინი დამეხმარენ ლოგოსა და კონცეფციის შემუშავებაში. ასევე მენეჯმენტის პროცესში. მენტორინგის პროგრამის შემდგომ ჩავერთე სხვადასხვა მსგავს პროგრამებში, გავიარე ძალიან ბევრი ტრენინგი ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით. გავხდი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფერმერთა ასოციაციის ბენეფიციარი. ეს ყველაფერი კი ძალიან მეხმარება ტურისტული საქმიანობის სწორად წარმართვაში.
3. რატომ ეს სფერო?(მოკლედ, რომ გვითხრათ)
ძამას ხეობას ტურისტული თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ჯერ აუთვისებელია და ადამიანებმა ნაკლებად იციან მის შესახებ. ვინაიდან სოფელში დაბრუნება მსურდა და ხეობა ამის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მაძლევდა, გადავწყვიტე, რომ სწორედ ტურისტულ სფეროში მეცადა ბედი. ეს კი ორივესთვის – ჩემთვისაც და ხეობისთვისაც განვიტარების არაჩვეულებრივი საშუალება გახდებოდა. ამავდროულად ძალიან საინტერესოა ტურისტებთან კომუნიკაციის პროცესი. მასპინძელთან ერთად გიდიც ვარ, ვუგეგმავ მათ ტურებს და დეტალურად ვუყვები ჩვენი ხეობის ისტორიას. წინა წელს ჩემ მეგობარ 6 ახალგაზრდა მეწარმესთან ერთად გავაკეთე საზაფხულო ფესტივალი, სადაც 200–მდე ბავშვს ვუმასპინძლეთ. ეს იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. რადგან ჩვენმა სასტუმრომ საკმაოდ ღირსეული და რთული ნაბიჯი გადადგა. პირველი მაშტაბური ღონისძიება, რომელიც ხეობისა და სოფლის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა. თუ კორონა ვირუსი მოგვცემს ამის საშუალებას, წელს თანასოფლელებთან ერთად ვგეგმავ საშემოდგომო ფესტივალის გაკეთებას, სადაც მათ შეეძლებათ საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ერთგვარი სტიმული გახდება მათთვის, რომ თავადაც გააქტიურდნენ და დაიწყონ ფიქრი საკუთარ ბიზნესზე.
4. როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, რომ შეგექმნათ „ბოკნეთი“?
ჩემს ოჯახს დიდი ხანია, რაც სურდა სასტუმროს გახსნა თუმცა ვერ ვახერხებდით. ოჯახის წევრები სხვადასხვა საქმიანობით ვიყავით დაკავებულები, ყურადღებას ვეღარ მივაქცევდით. ჩვენი სასტუმრო ზუსტად ერთი წლის წინ გაიხსნა, მაისში. ბოკნეთი დაერქვა იმ მთის საპატივცემულოდ, რომლის ფერდობზეც მდებარეობს. ბოკნეთი ყოველთვის საუკეთესო და ულამაზესი თავშესაფარია ჩვენთვის. თუ სტუმარი გვესტუმრებოდა აუცილებლად ბოკნეთში მიგყვავდა, რომ მისი სიფერადით დამტკბარიყვნენ. ეს გახდა მიზეზი, რომ დაგვერქმია ბოკნეთი. როდესაც რაღაცას ქმნი ამ პროცესში შენც იქმნები და ყალიბდები. ბოკნეთი ჩემთვის შვილივითაა, რომლის განვითარებასა და ზრდაზე მუდმივად ვზრუნავ. მომავალში ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს დამოუკიდებელი და წარმატებული ბრენდი, რომელსაც ექნება თავისი ხასიათი და ნიშა ტურისტულ ბაზარზე.
5. რატომ უნდა დაინტერესდეს მომხმარებელი „ბოკნეთით“?
ბოკნეთი აერთიანებს ტურისტისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვან მომსახურებას. განთავსება, სამჯერადი კვება, ტურების დაგეგმვა და გიდის მომსახურება. რასაც ჯერ ჯერობით ხეობაში სხვა საოჯახო სასტუმრო ვერ თავაზობს. ასევე ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებულები და ძალიან მნიშვნელოვანია მომხარებელის კმაყოფილება მომსახურების შემდგომ. ჩვენ გვაქვს მეურნეობა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვთავაზობთ დამსვენებლებს, რომელიც ჩვენი ხელით არის მოყვანილი და დამზადებული. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ბიო პროდუქტების მრავალფეროვნებით ვუმასპინძლდებით ჩვენს ტურისტებს. ასევე ბოკნეთში ვქმინთ ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლები ჩვენი დიდი ოჯახის წევრებად გრძნობენ თავს და ბოკინეთური ამბების შემოქმედნი ხდებიან. თანამედროვე მარკეტინგი მხოლოდ პროდუქტისა და მომსახურების გაყიდვა არაა, ეს არის ასევე ემოციების შეთავაზება და გაზიარება. ასევე ვთავაზობთ ხოლმე საინტერესო აქტივობებს, კულტურულ საღამოებსა და სეზონურ ფესტივალებს.
6. რა სირთულეებს წააწყდით იდეის განხორციელების პროცესში?
პირველი წელი ნამდვილად რთული იყო. რომ არა ჩემი ოჯახი და მათი დახმარება არ ვიცი რამდენად შევძლებდი პირველი აქტიური სეზონის გამკლავებას. როგორც აღვნიშნე თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდი. გადაწყვეტილებების მიღებისას ძალიან ბევრს ვფიქრობდი. სახელზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე, ასევე კონცეფციაზე. მე მინდოდა, რაღაც განსხვავებული შემექმნა და ეს უბრალოდ საოჯახო სასტუმრო არ ყოფილიყო. როცა ახალგაზრდა ხარ ბევრი იდეა გაქვს და ყველაფრის მიღწევა ერთად გინდება. ბოკნეთმა მასწავლა ჩემი დიდი მიზნებისკენ სწრაფვა პატარა ნაბიჯებით. ეს ნაბიჯები უნდა იყოს მყარი, რადგან მათზეა შენი მომავალი დამოკიდებული. მართვის პროცესში, რა თქმა უნდა, უშვებ შეცდომებს. სწორედ ამ შეცდომებზე სწავლობ შემდგომ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიპოვო ნდობა ადამიანებში. დაანახო მათ, რომ რეალურად შეგიძლია იმის კეთება რასაც ამბობ. ბრენდისადმი უნდა გაუჩინო სანდოობა მომხმარებელს, რაც ძალიან რთულია. შეიძლება არასწორად გამოხატულმა ემოციამაც კი იმოქმედოს მომხმარებელზე. გარდა ამისა, ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს, რაც საქმიანობას ართულებს. ამ ეტაპზე ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ადგილებზე მიმოსვლას გაამარტივებს და უფრო მეტად მიმზიდველს გახდის ტურისტისთვის. იმედი მაქვს ეტაპობრივად უფრო მეტის შეთავაზებას შევძლებთ მომხმარებლისთვის.
7. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი განმასხვავებელი ნიშა?
ბოკნეთი არის შენი მეგობარი სახლი სოფლად! ჩვენ ვმეგობრობთ მომხარებლებთან და ჩვენი მიზანია, მათ თავი ვაგრძნობინოთ მეგობრის სახლში, სადაც ძალიან ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი იქნებიან. ჩვენი ნიშა ასევე არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და გარემო. ჩვენთან ჩამოსულ ტურისტს შეუძლია სრულად მოწყდეს გარე სამყაროს და აღმოაჩინოს ულამაზესი სოფლები ძამას ხეობაში, თავის საინტერესო ისტორიებითა და გემრიელი კერძებით.
8. სამომავლოდ ხომ არ ფიქრობთ რაიმე ახალი პროდუქტის წარმოებას?
ბოკნეთი მუდამ გაანებივრებს მომხარებელს ახალი შეთავაზებებითა და პროდუქციით. ახლა განვითარების და ზრიდს ფაზაში ვართ. მაქვს უამრავი იდეა, რომელებიც აუცილებლად იხილავენ მზის სინათლეს, თუმცა ამ ყველაფერს დრო და დაუზარელი შრომა სჭირდება.
9. რა არის მთავარი ფაქტორი, რაც ეხმარება ადამინს სწორად წარმართოს მისი საქმინობა (პიროვნული თვისებები, გარემო ფაქტორები).
საქმიანობის სწორად წარსამართად მნიშვნელოვანია, რომ არ შეუშინდე სიახლეებს და მუდამ მზად იყო ახლის სწავლისთვის. როცა ამბიცია გაქვს, რომ განავითარო რაღაც, აუცილებელია შენც ვითარდებოდე. მე ყოველთვის ვუსმენ ჩემზე ბევრად გამოცდილ ადამიანებს, ისეთებსაც ვისაც ნაკლებად გაეგებათ ტურიზმის შესახებ. მოსმენა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე გააკეთო როგორც გითხრეს, ანალიზი უნდა გაუკეთო მათ ნათქვამს და შენი საქმიანობისთვის ყველაზე საჭიროები ამოარჩიო. შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც განაპირობებს წარმატებას. გადაწყვეტილებები მშვიდად უნდა მიიღო, რაც შეიძლება ნაკლები ემოციებით. შეცდომების გარეშე შეუძლებელია რაიმეს კეთება, ხან საკუთარ თავსაც უნდა მისცე უფლება მათი დაშვების. მაგრამ ასევე პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შეგეძლოს შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და იბრძოლო მათ გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია, რომ გვერდში გყავდეს ის ადამიანები, ვისაც სჯერათ შენი და შენი შესაძლებლობების. ოჯახის წევრები და ჩემი მეგობრები, სწორედ ისინი არიან ყველაზე დიდი სტიმულის მომცემები ჩემს საქმიანობაში!
10. და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს ვისაც აქვს იდეა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?
თუ უნდათ, რომ მათი ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო აუცილებლად უნდა გაყვნენ საკუთარ იდეებს. ხშირად დაბრკოლებად ჩვენვე ვიქცევით ხოლმე. მე არ შემიძლია! აუცილებლად უნდა ამოვიგდოთ თავიდან. მარტივი არაა ამ გზაზე სიარული. ბევრჯერ დამარცხდებით, მაგრამ ეს თქვენ სიძლიერედ უნდა აქციოთ. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მარცხი დანებებაა! გთხოვთ, ასეთ საშინელებას ნურასდროს გაუკეთებთ საკუთარ თავებს. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ძალიან ბევრჯერ ვცადე და უმეტესობაში დავმარცხდი. ენდეთ საკუთარ თავს და დაიწყეთ ბრძოლა თქვენი ოცნებებისთვის.
ავტორი: ვერიკო თედორაძე