ნეპალი – ღმერთების სამოთხე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

  • Home
  • ბლოგები
  • ნეპალი – ღმერთების სამოთხე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ

რვა საათიანი ფრენის შემდეგ, როგორც იქნა მივუახლოვდით კატმანდუს. თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე საოცარი სურნელი ვიგრძენი, რომელმაც მთელი ორგანიზმი დაიარა, გულთან გაჩერდა, ტკბილად ჩამეღვარა და მთელ სხეულში გადანაწილდა. აეროპორტში შესულს უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს აქედან არასდროს არსად წავსულვარ. პირველივე ღიმილი მესაზღვრისგან, რომელიც ტრადიციულ ნეპალურ სამოსში გამოწყობილი, გაწკეპილი იჯდა და პირველი ნამასტე, რომელიც მის გვერდით მჯდომმა კოლეგამ მოწიწებით მითხრა.

სავიზო პროცედურები უმარტივესად გავიარეთ და 2 კვირიანი ვიზა, რომელიც 25$ ღირდა, ჩემი პასპორტის გვერდს ამშვენებდა.

ერთმანეთში ირევა ფერები, სურნელი, ხმაური, მოპედების კრაზანებივით ბზუილი, ტაქსისტების ნადირობა, სასტუმროს მეპატრონეების შემოთავაზებები, ზოგი მარცხნიდან გექაჩება, ზოგი მარჯვნიდან, ზოგი პირდაპირ გიღებს ტაქსის კარს – დაბრძანდითო… ჩვენ ზუსტად ვიცოდით სასტუმროს მისამართი, ამიტომ ოდნავ მოშორებით, სანამ ხმაური ცოტათი არ მიწყდა, გზაზე გამოვედით და იქვე მდგომი ტაქსი ავიყვანეთ.

ნეპალში ვაჭრობა ყველაზე პრაქტიკული, მისაღები და კარგად დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციაა. ამიტომ ტაქსსაც, რა თქმა უნდა, ვევაჭრეთ და აეროპორტიდან სასტუმრომდე სულ რაღაც 4$ ად მიგვიყვანა.

გზა მაქსიმუმ 7 – 8 კმ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, კატმანდუ რის კატმანდუა, თუ იქ ქაოსი, ბზრიალა მოპედები, უგზო – უკვლოდ მოსიარულე მშვიდი ნეპალელები არ გადაგეღობნენ გზაზე, თან ისე ლამაზად, ისე ჭრელად, ისე რიმილით, რომ მზად ვიყავი, მთელი ღამე მათ ყურებაში გამეტარებინა.

სასტუმროში მისულებმა უკვე ვიგრძენით, რომ ჩვენი უძილობის სადღაც მეორმოცე საატი იწყებოდა და გათიშულებს ჩაგვეძინა.

დილით 6 საათიდან დაიწყო მოპედების ბზუილი, ერთმანეთში ირეოდა სურნელოვანი სანთლების, სუნელების, საწმელების, ჩაის სუნი. ოღონდ ეს ყველაფერი ნელ – ნელე კიარ დაიწყო, ერთბაშად, თითქოს ელოდებოდნენ, როდის გახდებოდა დილის 6 საათი და ყველა ერთიანად გამოვარდა გარეთ. კატმანდუს რიტმს გინდა თუ არა, მაინც ყვები შენდაუნებურად. აუცილებლად ერთვები იმ დიდ ჯაჭვში, რომელიც ამ ქალაქს და ამ ხალხს საოცარი ენერგიით აქვს ერთმანეთთან მიბმული. მათი განუყოფელი ნაწილი ხდები და შენც 2072 წელს აგრძელებ ცხოვრებას გიჟური რიტმით.

 

სასტუმრო არ მოგვეწონა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაუყონებლივ მოგვეძებნა ალტერნატივა. ჩანთები არც ამოგვილაგებია, გავედით გარეთ.