მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.
National Geographic ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.”
25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში მონაწილეობას იღებდნენ National Geographic-ის გლობალური რედაქტორები. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, კულტურა, თავგადასავალი, მდგრადობა და ოჯახი.
National Geographic პორტალზე: https://www.nationalgeographic.com/…/best-of-the-world-2021/ სადაც სვანეთის ფოტოებია წარმოდგენილი და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ.
„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს დაჰყურებს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი გამოირჩევა შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით, რომელიც ერთდროულად წარმოადგენდა საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც გამოცხადებულია მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს გამოირჩევა სტუმარ-მასპინძლობით. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4 დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც ათვალიერებენ უმაღლეს მწვერვალებსაც.“