ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

  • Home
  • ავიაცია
  • ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
economy, Airports, Minister

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა.

თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია  ამ დარგის კურატორად მუშაობს.

„მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე – ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალბატონი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების“  მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათა თურნავას თქმით პირველ რიგში მათ სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დათვალიერეს და შეაფასეს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ასევე მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ უკვე იმყოფებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რა დროსაც მმართველ კომპანიას მისცა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები. „ტავ ჯორჯიამ“ გაითვალისწინა ეს შენიშვნები და ამჟამად აეროპორტში მიმდინარეობს რემონტი – მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ა.შ.

ნათა თურნავამ ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზეც. მისი თქმით უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს აეროპორტის გაფართოება. ასევე შემოდგომით იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსდეს ახალი ტერმინალი , რომელიც ოთხჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას.

„ეს არის ის აეროპორტი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღვათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას. გარდა ამისა, პირველ რიგში, ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები“- აღნიშნა ნათია თურნავამ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალმ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე კი მოხარულია, რომ უერთდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. „მინდა, ამ გუნდს შევმატო ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით დავაგროვე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და ვიყოთ რეგიონში საუკეთესოები“ – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Tags: