ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში გახსნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი.
ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.
პროექტი განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც ტექნოპარკის გახსნაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ახალი ცოდნის შეძენა სურს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით და უნდა, რომ ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
„ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურს ხარჯავს განათლებაში. ცალკე მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები, IT განვითარება. იცით, რომ ახლახან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა აიტი კომპანიებს, რაც ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს. შედეგად, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი აიტი კომპანიები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ. საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტექნოპარკების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ინოვაციური განათლების მიღების ადგილი და ცოდნის ახალი კერა ახალგაზრდებისთვის“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.
ტექნოპარკი აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცეს, სასწავლო ცენტრს, სტარტაპებისა და ე.წ “ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა იმ პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო