ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს

  • Home
  • მთავარი
  • ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს

ციტრუსის სეზონი აჭარაში საკმაო წარმატებებით მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4,4957 ტონა სტანდარტული მანდარინი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, რუსეთში, მოლდოვაში, ყაზახეთში და სომხეთში. მიმდინარე წლის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, დღეიდან შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ქობულეთის მერმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში მეციტრუსე ფერმერ ზურაბ ინაიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი სურმანიძემ ასევე დაათვალიერა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. საწარმო სეზონზე გეგმავს 100 – ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფის მიღებას და ექსპორტს უკრაინის მიმართულებით.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა: “ფასების და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით, ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერმა რთველმა აჭარაში წარმატებით ჩაიაროს”.

 

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Tags: