ნამასტე

უკვე ხუთი წელი გავიდა მაგრამ თითქმის ყველა ფერად სიზმარში ისევ იქა ვარ….. განსაკუთრებით მაშინ, როცა აქაური ყოველდღიურობა გაუსაძლისი ხდება, ჩემი ქვეცნობიერი სასწრაფოდ ნეპალურ ზღაპარში მაბრუნებს – არასდროს ჩემს ცხოვრებაში არ მქონია თავისუფლებისა და ბედნიერების ასეთი უცნაური განცდა.

სრულიად განსაკუთრებულ აურას რა თქმა უნდა თვითონ ნეპალელები ქმნიან. პატარა ტანის, მუქი  კანის, ძირითადად მაზალოდ გამოწყობილი ადამიანების  თვალები მუდმივად ციმციმებენ და გიღიმიან რადგან ისინი შენში ღმერთს ხედავენ – მათი მისალმება „ნამასტე“ ხომ ასე ითარგმნება… ნამასტეა მათი ცხოვრების წესი და არანაირი საფუძველი არა გაქვს ეჭვი შეიტანო მათ განწყობაში, რომელიც ძალიან გადამდებია და რამდენიმე საათში შენც იწყებ ყველგან და ყველაფერში მხოლოდ პოზიტივის დანახვასა და შეგრძნებას. კიდევ რამდენიმე საათში ხვდები როგორ შეგცვალა ახალმა რეალობამ, როგორი სასიამოვნოა როცა გარშემო მხოლოდ „პატარა ღმერთები“ არსებობენ და სადღაც შორს დარჩა ბოროტება, შური და ზოგადად ყველაფერი უარყოფითი….. ადამიანებს  არსად ეჩქარებათ და მუდამ მზად არიან თავისი კეთილგანწყობა დაგიდასტურონ. მათთან ურთიერთობა მეტსა და მეტ სიამოვნებას განიჭებს და თანდათან აშკარად გრძნობ, რომ შენს თვალებშიც ნამასტე იბუდებს…..

თითქოს ძნელია შეიყვარო სრულიად უცნობი ადამიანები, აწეწილ და დაულაგებელ კატმანდუში თავი კომფორტულად იგრძნო, მაგრამ გასაოცარი ძალა აქვს პატარა, ხშირად ცხოვრებისაგან ძალიან დაღლილი, აშკარად გაჭირვებული ნეპალელი ადამიანის თვალებს – გიყურებს და გეუბნება: „შენ ჩემთვის ღმერთი ხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. ვიცი შენთვის ძნელია, მაგრამ თავს ცოტა ძალა დაატანე, მეც დაგეხმარები და შეეცადე ჩემში ღმერთი დაინახო. დამერწმუნე, ბედნიერებისათვის მეტი არაფერია საჭირო. ნამასტე!!!!!“

თვალებით კონტაქტის შემდეგ გიჩნდება სურვილი დარწმუნდე, რომ არაფერი შეგშლია და საშუალება მისცე ადამიანებს სიტყვებითაც გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, მარტივი აზრების გადმოსაცემად სულ არ არის აუცილებელი ღრმა ფილოსოფიური კატეგორიებით მსჯელობა და ყველაფერი მისალმებით – „ნამასტე“ იწყება….

ტამელის ნებისმიერ პატარა მაღაზიასთან ჩერდები და ათასნაირი სუვენირებიდან რომელიმეს ფასს კითხულობ. მაგალითად, ბუდას პატარა ქანდაკებას 100$–ად დაგიფასებენ, შენ შეიცხადებ და 2 $ შესთავაზებ და კონტაქტი შედგა – იწყება ვაჭრობა, რომელიც ხშირად ძალიან დიდი ხანი გრძელდება. ფასზე კამათის პროცესში იწყება დამეგობრების პროცედურა – აუცილებლად გკითხავენ საიდან ხარ, აღმოჩნდება რომ საქართველოს შესახებ არასდროს გაუგიათ, მერე საიდანღაც გაჩნდება მსოფლიოს რუქა და გულწრფელი დაინტერესება…. თანდათან, აუჩქარებლად გამყიდველი შენს შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას აგროვებს, თავის ამბებსაც გიყვება და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ერთმანეთისათვის ძალიან ახლობელი ადამიანები ხართ. პარალელურად ბუდას ქანდაკების ფასი თანდათან იცვლება და საბოლოოდ 5$–ზე შეთანხმდებით. როდესაც მაღაზიიდან გამოსულს გაზეთში გახვეული პატარა ბუდა გიჭირავს ხელში, გაბედნიერებს იმის შეგრძნება, რომ უზარმაზარ პლანეტაზე აღარა ხარ მარტო – შენ უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი გყავს, რომელსაც ძალიან უყვარხარ და შენში ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე პატარა ღმერთი დაინახა…. ნამასტე!!!!

ჩვენს რეალობაში გაჭირვება ან გაძლიერებს, ან განადგურებს. სხვა ვარიანტი არ არსებობს…. ნეპალში სიდუხჭირე და უამრავი ყოფითი პრობლემა ცალკე არსებული რეალობაა, რომელიც შენთან ერთად არსებობს და მისი გავლენა სულიერ მდგომარეობაზე ძალიან უმნიშვნელოა. როგორ შეიძლება გაბოროტდე იმის გამო, რომ საკვები რთულად მოსაპოვებელია მაშინ, როცა სამყარო ასეთი ლამაზია და უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს შენს გარშემო? უბრალოდ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთო: ან განუწყვეტლივ წუწუნებ და თავს იტანჯავ, ან პრობლემების მოგვარების მცდელობასთან ერთად ცდილობ გარშემო მხოლოდ სიკეთე დაინახო, შენნაირ ადამიანებს თვალებით გაუღიმო და უთხრა: „ ცხოვრება მშვენიერია! ნუ იტანჯები, შემომხედე – მე შენში ღმერთს ვხედავ – ნამასტე!“

ადამიანების გარდა კატმანდუსა და ზოგადად ნეპალში განსაკუთრებული ემოციების საფუძველი ის გარემოა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და შენც გაძლევენ იმის საშუალებას, რომ თუნდაც 2 კვირით შენც მათთნაირი გახდე, დაივიწყო  აკრძალვებითა და შიშებით სავსე ცხოვრება და უბრალოდ დატკბე, ისიამოვნო …..

ძალიან უჩვეულო რეალობა ალბათ ბევრისთვის მიუღებელია და ამიტომაც ნეპალში მხოლოდ ანტისანიტარიასა და სიღარიბეს ხედავენ.

სასმელი წყალი ერთერთი მთავარი პრობლემაა და პატარა მოედნებზე ხშირად შეხვდებით ჟანგიან წყალსაქაჩთან ჩამწკრივებულ ვედროების რიგს. იქვე ქალები სხედან და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე თავის რიგს ელოდებიან. საჩქარო არაფერია – მართალია შეიძლება რიგში დიდი ხანი მოგიწიოს დგომა, მაგრამ გარშემო იმდენი სასიამოვნო ადამიანია, იმდენი რამ გაქვს მოსაყოლი, თან სახლიდან წინდახედულად საქსოვი ჩხირებისა და ძაფის წამოღებაც არ დაგავიწყდა და საქმესაც წინ წაიგდებ – ერთ ქუდს მაინც მოქსოვ. ამასობაში შეიძლება ვინმე უცხოელმა ჩამოიაროს, შენი ხელსაქმით დაინტერესდეს, ფასი გკითხოს – შენ შენი უთხრა, იმან თავისი შემოგთავაზოს….. მერე დაინტერესდე, საიდან მოდის, სახლში ვინ ელოდება. ცოტა შენს შვილებზეც უამბო, მეზობლები გააცნო. ამასობაში ქუდის მოქსოვასაც დაამთავრებ, უკვე შენი ახლობელი უცხოელი ხალისით გადაიხდის რამდენიმე რუპიას ჭრელა–ჭრულა „ესკიმოსკაში“, წყლის რიგიც მოგიწევს და სახლში დაბრუნდები წყლით სავსე ცედროთი, ნაშოვნი ფულით და რაც მთავარია ბედნიერი იმის შეგრძნებით, რომ კიდევ ერთი ადამიანი მიხვდა რას ნიშნავს სიტყვა „ნამასტე“.

ახსნა არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს ყველაფერი რაც სუნთქავს და მოძრაობს, შენს გარშემო უნდა სცადო მხოლოდ პოზიტივის დაინახვა და არასდროს შეგეპაროს ეჭვი – ცხოვრება მშვენიერია!!!!

სიცოცხლისადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან ბუნებრივი, გასაგები და გადამდებია. იმპერატიული „გიყვარდეს მოყვასი შენი!“ თითქოს არჩევანის გარეშე გტოვებს და რაღაცას გავალდებულებს. მაგრამ   როცა სამყარო სავსეა განუმეორებელი ფერებითა და სილამაზით,  ყოველი დღე მზის ამოსვლით იწყება და ადამიანებთან ურთიერთობის სიამოვნებით გრძელდება შეიძლება ძალდატანების გარეშე მიიღო სიამოვნება იმით, რომ შენს გარშემო უამრავი კეთილგანწყობილი ადამიანია, რომელიც შენში ღმერთის დანახვას ცდილობს – ნამასტე!

Tags: