ნაგავწაყრილი ნიჭი და სილამაზე

არ მიკვირს, რომ ახლა საქართველოს ქება-დიდების წაკითხვის სასიამოვნო მოლოდინით ზიხართ. ელოდებით მრავალფეროვან, დიად მთებს და მწვანედ გადაჭიმულ ველებს  რა მხატვრულად აღვწერ.   ალბათ იმასაც, რა განცდა მეუფლება  საქართველოს ხსნებისას და როგორ ვამაყობ, რომ აქ დავიბადე…

ბოდიშით.

იმედები უნდა გაგიცრუოთ.

სინამდვილეში, არ მგონია ჩემმა ბლოგმა ქართველად ყოფნის სიამაყით აღგავსოთ. ასე რომ, შეგიძლიათ კითხვა აქვე შეწყვიტოთ.

რადგან ჩემი თვალით დანახულ საქართველოზე უნდა ვწერო.  იმაზე, რაც რეალური და თანამედროვეა.  რასაც  ირგვლივ ვხედავ.  არ მინდა არც თქვენი, და არც ჩემი თავის დაბრმავება წინა საუკუნეების დიდებაზე გაუთავებელი მოყოლით.  არც რაჭის ფერად ხეობაზე, არც იმ ხალხზე წერით, რომლებმაც შესისხლული ისტორიით საქართველო ჩვენამდე მოაღწიეს.   ასე რომ  გავაკეთო კითხვის დასრულებისას,  წელში გამართული, ამაყი, თავმომწონე ღიმილით გამორთავთ გვერდს და გააგრძელებთ სოციალური ქსელების „სქროლვას“ იმ გაცვეთილ, საშინელ ფრაზაზე ფიქრით, რომ ჩვენზე უკეთესი ერი არ არსებობს.  მერე მალევე ისეთ რამეებს წააწყდებით,  მიხვდებით, როგორ მოტყუვდით, რომ ჩემი ყველაფერი დაიჯერეთ.  არადა მცდარს არც არაფერს წაიკითხავდით. უბრალოდ, დღეს სხვა საქართველოა…  სხვა ქართველები…  უწინდელის ქება-დიდებით დღევანდელ განუკითხაობას ვერ დავაცხრობთ.  ახლა ყველამ, „ჩვენივე თავის დასაღუპად ხელი ავიღეთ ქართველობაზე“ და საერთო  ეროვნულიც აღარაფერი შეგვრჩა.  ჩვენი ცხოვრება გვაქვს.  აღარც ერთობისთვის ვართ და აღარც დღევანდელი უბედური საქართველოსთვის.   არ ვიცი როდის დავშორდით ასე ერთმანეთს.  როდის ვთქვით  შენ შენთვის და მე ჩემთვისო. უცრემლოდ  დავემშვიდობეთ და გზები გავიყარეთ.  ჩვენი ქვეყანა მატყუარა, უსინდისო  პოლიტიკოსებს ჩვენივე ხელით გადავეცით და ახლა უბედურებას ვჩივით უმისამართოდ.  სახელმწიფოს და მთავრობის განსაზღვრება ვერ გაგვიგია და გამეტებით  სხვას შევჩერით ხელებში  საკუთარი  სახლის ასაშენებლად.  არ გვესმის, რომ სახელმწიფოს ბედი პოლიტიკოსების კაბინეტებში და სამინისტროებში კი არა ყოველ ჩვენგანში წყდება.

კიდევ ბევრი რამ არ გვესმის…

ახლაც, როცა ამას კითხულობ, შენ შენს პირად საქართველოზე წუხხარ და ტირი, მე კი ჩემს კერძო საქართველოზე.  ყველას განცალკევებული, საკუთარი და კერძო დარდი გვაქვს. ყველაზე სასაცილო  კი ისაა, რომ ახლა ყელში ბურთი გვებჯინება,  თვალები გვისველდება მაგრამ არც მე და არც შენ არაფერს არ ვაკეთებთ.  მშვიდად განვაგრძობთ ცხოვრებას,  სანამ სისტემა პირადად ჩვენზე არ იძალადებს.  სიმართლე გითხრათ არც მერე ვართ ბევრი რამის გამკეთებლები.  ვიყვირებთ… მოგვბეზრდება და გავჩუმდებით.

ამ დროს კი უბრალო ხალხი ოჯახის სარჩენად ისევ უცხოეთში გადასახლდება.

ისევ  დაიჭრებიან  პატარა ბიჭები „ქუჩური გარჩევების“ დროს.

ისევ ერთმანეთის დაცინვაში  დავაღამებთ და გავათენებთ.

იმიტომ რომ  ეს  ყოველთვის კარგად შეგვეძლო. საკუთარი ჩამოუყალიბებლობის ფონზე სხვისი ცხოვრების განხილვა. ყველაფრის უდავო ექსპერტები ვართ. ისიც კი შეგვიძლია მკვლელობის საქმე დამნაშავის  მომენტალური გამომეტყველებით გამოვიძიოთ.

აი ამ „სიმშვიდის“ დროს კი  ქვეყანა, ანუ ჩვენ, ისევ უშფოთველად მივყვებით დინებას. დაბლაგვულ, ოღრო-ჩოღრო გზაზე განვაგრძნობთ სიარულს, რომელიც წარმოდგენა არ გვაქვს სად ჯანდაბაში მიდის.

ბუნება  ყოველთვის უღალატო და ლამაზი გვქონდა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს უმეტესწილად  ჩვენ, ხალხი  ვქმნით და არა  ეგ მთები და მდინარეები.  თუ სიღარიბეში ამოგვხდა სული და თან ერთმანეთი დავჭამეთ ვიღას რაღათ უნდა  ლამაზი მთები და მდინარეები.  მშობლები პატარა შვილებს ტოვებენ. (კავკასიონის მაღალ მთებს და შემოდგომისფერ ტყეებსაც).  სხვა ქვეყანაში პურის ფულის საშოვნელად გარბიან.  ახალგაზრდები  მიზნებს ისახავენ, ისე კარგად ვისწავლი, ამ ქვეყნიდან წავალ და საზღვარგარეთ ავიწყობ საქმესო.  წარმატებას მიაღწევენ და  აქეთ აღარავინ გამოიხედავს.  რატომ? იმიტომ რომ  „სინამდვილეში ყველანი ბოღმით ვართ სავსე. სახეზე არც მე მეტყობა რამე.“ არც ერთმანეთის სიხარული ვიცით და არც ჭირი. (ჭირი უფრო ვიცით, მოჩვენებითად მაინც)

მაგრამ  გთხოვთ, ამის ფონზე ნუ შეიძულებთ საქართველოს. უსუსურება და სისუსტეა ეგ. იმიტომ რომ იგივეა, საკუთარი თავი შეიძულო და ხელი აიღო მასზე. სხვა ქვეყანაში გაქცევა და იქ „საქმის აწყობაც“   თავისგან გაქცევას ჰგავს. ხანდახან მიკვირს, ისეთი კარგები შეგვიძლია ვიყოთ. დროდადრო  სხვადასხვა ადამიანში ანათებს  საოცარი  სიყვარულით და ერთგულებით სავსე ბუნება, რომელზეც ასე აღტაცებით წერდნენ ხოლმე და რომელიც ასე ჩავმალეთ და სადღაც მოვისროლეთ თითქოს და დღევანდელ ცხოვრებასთან გასამკლავებლად.  არადა თავისუფლებამ ბრბოში მოქცეულ მონებად გვაქცია.  ჰო, ანათებს ზოგიერთი ადამიანი თავისი სიკეთითა და სიყვარულით. მე ვინმემ რომ მკითხოს ნამდვილი ქართველი როგორიაო იმისკენ გავიშვერ ხელს და არა ღიპგადმოგდებული,  „ტრადიციების დამცველი“, ღრეობის მოყვარული, მოძალადე ბიძიისკენ. იმიტომ რომ არ მინდა დავიჯერო ბოღმითა და ერთმანეთის სიძულვილით სავსე ქართველობის. არც არის ასე. ყველას რაღაც გვაბოროტებს.  არც ნიჭი გვაკლია და არც ჭკუა. მთავარია ერთმანეთის ატანა და სიყვარული ვისწავლოთ და მერე თუ გინდათ  გაუთავებლად  იტრაბახეთ ჩვენზე უკეთესი ხალხი რომელიაო.

ჰოდა მოკლედ,  ასეთია ჩემი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. ნაგავწაყრილი,  ძალით გადამალული ნიჭი და სილამაზე.