მზეთამზე ანუ ,,იქ, სადაც მზის ნათების შესანიშნავი პირობებია“

  • Home
  • ბლოგები
  • მზეთამზე ანუ ,,იქ, სადაც მზის ნათების შესანიშნავი პირობებია“

საქართველოში თავისი სილამაზით  გამორჩეული არის სოფელი მზეთამზე, რომელიც მდებარეობს  ბორჯომის რაიონში.  XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსი საქართველოსი“ შეტანილი აქვს ცნობები სოფელ მზეთამზე შესახებ, ვახუშტის ბატონიშვილის რუკებზე დატანილია მზეთამზე, შემდეგი სახელწოდებით – ზეამზია.

სოფელი მზეთამზე მდებარეობს წაღვერთან ახლოს, უზნარიანის ციხის ზედა მხარეს. უზნარიანის ციხის შესახებ კი ვახუშტი ბატონიშვილი წერს “კიმოთესმანს ქვეით არს ციხე, თორისწყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი“.

წაღვერთან, მდინარე გუჯარულას ნაპირზე, კლდის თავზე აღმართულია უზნარიანის ციხე. ციხეს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრისთვის დამახასითებელი ნიშნები გააჩნია. იგი, სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზეა აგებული და ბუნებრივადაც საკმაოდ დაცულია. ისტორიკოს დევი ბერძენიშვილის აზრით, აზნარიანის ციხის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, “აქ, მცირე გარნიზონიც საიმედოდ დაიცავდა მნიშვნელოვან გზჯვარედინს“ (გუჯარეთი 1987:50). სერგი მაკალთია წერს: “ისტორიულ წარსულში თორის უმთავრესი დანიშნულება იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვა მტრის შემოსევებისგან, მტერი შეეკავებინა და არ გადმოეშვა შუა ქართლში, საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში. ამის გამო თორელების პირად ვაჟკაცობასთან საჭირო იყო ამ სანაპირო მხარის თავდაცვითი ნაგებობებით, – ციხე-კოშკებით გამაგრება, რომელთა ნაშთებს დღემდე მრავლად მოუღწევია. მათი შესწავლა და განლაგება ნათელ სურათს იძლევა მათს სტრატეგიულ დანიშნულებაზე“

1911 წელს გაითხარა უზნარიანის ციხის ტერიტორია, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სპილენძ-ბრინჯაოს ხანის სამაროვანი.

როგორც ავღნიშნეთ, უზნარიანის ციხის ზედა მხარეს მდებარეობს სოფელი მზეთამზე, მზეთამზეს გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს და იყოფა ორ ნაწილად. ზემო და ქვემო მზეთამზე XVIII საუკუნის დასასრულს ძველი ნასოფლარზე აღორძინდა. შუა საუკუნეებში, მტრის მუდმივი შემოსევების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა გაწყდა და აქ ქართლიდან და იმერეთიდან (ნადაბური, ამაშუკეთი) წამოსული მოსახლეობა დასახლდა, ეთნოლოგიური თვალსაზრისით, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები თითოეულმა მოსახლემ თავისი მხრიდან წამოიღო. ამიტომ, არ გვაქვს გამორჩეული კუთხური ტრადიციები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ისტორიულ თორის ხეობაში.

როგორც ისტორიული წყაროები და დოკუმენტები გადმოგვცემენ ბორჯომის ხეობის უმთავრესი სოფლები XVII-XVIII საუკუნის და XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქმის დაცარიელებული იყო. იგი წარმოადგენდა გადამთიელთა სათარეშო ადგილს. აღნიშნულ ადმნისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ პირველი მონაცემები გვხვდება “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრში“, აქ, მოცემულია საინტერესო ინფორმაცია მოსახლეობის შესახებ, გვხვდება სტატისტიკური მონაცემები. ამ, საგადასახადო აღწერების დროს, წაღვერი უკვე მოსახლეობისგანაა დაცლილი, მაგრამ მაინც აქვს გადასახადი დაწესებული 15 200 ახჩას (თურქული ვერცხლის ფულის ძირითადი ერთეული (XIV საუკუნიდან)) ოდენობით (ჯიქია 1958:483), ხოლო სოფელ მზეთამზეში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “სამზიოსხევი“, ამ აღწერის დროს ყოფილა 3 კომლი, რომელსაც შეწერილი აქვს 13 000 ახჩა გადასახადი, ტიმოთესუბანში ყოფილა 2 კომლი, სადაც 11, 950 ახჩაა დაწესებული.

ბოლო პერიოდშია აშენებული – 1901 წელს მზეთამზის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია.

ქვემო მზეთამზეში არის, ძველი ნაეკლესიარი, რომელსაც – ღვთიშობელს უწოდებენ, იგი, საკმაოდ ძველი პერიოდისა უნდა იყოს. ერთი პერიოდი დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა. სოფელ მზეთამზეში, ძალიან ბევრი რამ შესწავლასა და გამოკვლევას საჭიროებს, ძველი პერიოდის საკმაოდ ბევრი ისტორიული ძეგლია შემოჩენილი, რომელთა ნაწილი ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია განთავსებული.

“აღსანიშნავია, რომ 1940 წელს საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტმა სოფელ მზეთამზეში გაგზავნა ექსპედიცია ექიმ მ. ი. ნოდიასა და ჰიდრომეტეოროლოგ გ. ი. ჭირაქაძის მონაწილეობით.

“დოცენტ ჭირაქაძის მონაცემებით, სოფელ მზეთამზეს აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთ – დასავლეთით მდებარე გახსნილი მხარეები ქმნიან მზის ნათების შესანიშნავ პირობებს“ (ლაზარიდი-ციციშვილი 1955:68).

სოფელი მზეთამზე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით, სიძველით და უნიკალური კლიმატით. ვიტყოდი გამორჩეულია ისტორიული ძეგელბითაც თქო, რომ იყოს თითოეული მათგანი გამოკვლეული, შესწავლილი და დაფასებული შესაბამისად, ასევე,
სოფელ მზეთამზეს ტყეში გადმოდის ბუნებრივი მინერალური წყალი, რომელიც უნიკალური სამკურნალო თვისებებისაა.