მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელი მუცო პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. საინტერესო და თვითმყოფადი ურბანული სტრუქტურით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს მუცოს დასახლების მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები.
მუშაობის პროცესში გამოიყენება ტრადიციული მასალა, ფიქალის ქვები, რომლებიც ხევსურეთში მოიპოვება. ციხე-სახლებზე აღდგენილია დანგრეული კედლები, ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები, აივანთა სვეტები და კოჭები. დამზადებულია მუხის ხის კარ-სარკმლები, მოწყობილია თიხატკეპნილები.