მწვანე გოლიათები

ჟინვალი წყალსაცავი

არის დღეები, რომელიც არ მინდა არსებობდეს, ამიტომ ვცდილობ თავის დახსნას მათგან. ბოლოს პრიმიტიულ გამოსავალს მივაგენი, ოთახში უბრალოდ მუქი ფერის ფარდები ჩამოვაფარე, კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე, კლასიკურ მუსიკას ცოტა ავუწიე და სავარძელში მოკალათებულმა წიგნების კითხვა დავიწყე. ეს ერთადერთი განსატვირთი საშუალებაა, მოგზაურობის შემდეგ.

ერთ ასეთ დღეს, წიგნის კარადას ჩვეული გაურკვევლობით მივუახლოვდი, გაფაციცებული თვალებით ვუყურებდი მათ და ვერ გამეგო რომლით დამეწყო. საბოლოოდ კი ,,თეთრ საყელოზე“ შევაჩერე არჩევანი. ფეხის წვერებზე ავიწიე, ფრთხილად ჩამოვიღე წიგნი და თხლად დადებულ მტვერს სული შევუბერე. სავარძელი ბევრი ბალიშით მქონდა გაწყობილი, სადღაც ვნახე, ასე უფრო კომფორტულად გრძნობ თურმე თავს. შემდეგ გემრიელად მოვთავსდი მასში, ,,თეთრი საყელოს“ პირველი გვერდი გადავშალე და… გაოცებულმა წამოვიძახე: -კესანე! როგორ გამხმარა, მაგრამ მაინც  ლამაზია, ან იქნებ იმიტო მეჩვენება ლამაზი ერთ სასიამოვნო ისტორიას მახსენებს?

ღმერთმანი, კითხვის სურვილი სულ დამეკარგა, ფიქრების მორევში გადავეშვი, წარმოვიდგინე, რომ ისევ გერგეტის სამების ეზოში ვიჯექი, ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა ზარის რეკვა, ოდნავ ცივი ჰაერი მელამუნებოდა სახეზე და უეცრად ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აქედან მოშორებით მინდოდა წასვლა, თუმცა ვიცოდი ჩემი ბიუჯეტი სხვა ქვეყანაში წასვლას ვერ გაწვდებოდა, ამიტომ ინტერნეტით ვეძებდი ხელმისაწვდომ, თანაც საქართველოში არსებულ რომელიმე კარგ ადგილს. საბოლოოდ მცხეთა-მთიანეთზე შევაჩერე არჩევანი, ეს კი სწორედ ის იყო, რომელიც მე მჭირდებოდა.

,,მწვანე გოლიათი”

მცხეთა-მთიანეთის ერთ-ერთი ლამაზი ადგილი.

მაისის დასაწყისში სასწრაფოდ ავიღე შვებულება, ბარგის ჩალაგებას შევუდექი და თბილი ამინდების მიუხედავად, რამდენიმე ქურთუკი მაინც ჩავდე ჩანთაში. ღმერთო ჩემო, როგორც კი მივხვდი დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი გამომეღვიძა, ვიგრძენი, როგორ ზეიმობდნენ ჩემი ფილტვები ყოველივეს და სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. რაღა დამაძინებდა, კისერი ღია ფანჯარაზე გადავდე, თვალები კიდევ უფრო გავაფართოვე და ცამდე აზიდულ მწვანე გოლიათებს უნახავივით მივაშტერდი.

 

ყაზბეგში დილაადრიანად ჩავედი, სიმართლე ვთქვა მგზავრობამ ძალიან დამქანცა, ამიტომ პირდაპირ იმ ოჯახში მივედი, რომელშიაც ადგილი წინასწარ მქონდა დაჯავშნილი.

10:00 საათზე ყველანაირად მომზადებული დავადექი გერგეტის სამებისკენ მიმავალ გზას, ირგვლივ მხოლოდ სიმწვანე იყო და ზოგჯერ რა სასიამოვნოა ეს ლამაზი ერთფეროვნება. გზა ძნელად სავალი, მაგრამ მეტად საინტერესო გამოდგა. ერთ-ერთ ხეზე ციყვი შევამჩნიე და ბედნიერმა ისე გადავიხარხარე, ჩემს ხმაზე შეშინებული არსება სადღაც გაუჩინარდა.  როგორც იქნება დანიშნულების ადგილს გახშირებული სუნთქვით მივაღწიე, რადგან გზად აღარ შემისვენებია. მთის კიდესთან მისულმა წამოვიძახე: – O my god !! ვერ დავმალე ეს აღტაცება. ჩემს ირგვლივ აღმართულ უზარმაზარ მწვანე ხავერდებზე ნისლი ვეფხვივით იყო გაწოლილი და ისე ამშვენებდა მას, როგორც ქალის გულმკერდს მარგალიტი. ამ მთებით მეგონა სამყარო შემოსაზღვრული, მის უკან კი უბრალოდ გამეფებული სიშავე, რომელიც ამ გოლიათების შიშით ვერ აღწევდა ჩვენს სამყოფელში. ვიჯექი და ვცდილობდი იმდენხანს მეცქირა ამ სასწაულისთვის, სანამ თვალებდახუჭული იგივე სურათს არ წარმოვიდგენდი. შემდეგ სამებაში შევედი, სანთელი დავანთე, მოვილოცე და გარეთ გამოსულმა პეიზაჟს დავუწყე ყურება.

ჩამოსვლა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ასვლა იყო. ერთი ჩამოსასვლელი განსაკუთრებით საშიში აღმოჩნდა და ვცდილობდი, როგორმე პრობლემა მომეგვარებინა.

-მეც ქვემოთ მივიდვარ, დაგეხმაროთ? მომესმა მამაკაცის ხმას ზურგიდან.

-თუ არ შეწუხდებით. ვუთხარი ღიმილით.

მთელი გზა ხელჩაკიდებულებმა ჩამოვიარეთ ისე, თითქოს ეს მოგზაურობა ერთად გვქონოდა დაგეგმილი. (თუმცა, როგორც აღმოჩნდა ის აქაური ყოფილა). შინ მისვლამდე არც თუ ისე ცოტა ვისაუბრეთ, გარკვეული წარმოდგენაც კი შეგვექმნა ერთმანეთზე, თან კარგი მოსაუბრე იყო, რამაც მასთან კონტაკტის სურვილი გამიჩინა. დამშვიდობებისას სახელი მკითხა და პასუხის გაცემის შემდეგ თავისი ვინაობის თქმა დააპირა, თუმცა შევაჩერე.

-არ მინდა შენი სახელი ვიცოდე, მაგრამ არ  მკითხო რატომ. ( სახელი არ ვათქმევინე, რადგან მინდოდა ჩემში დარჩენილიყო სასიამოვნო და უცხო ადამიანის სახით)

-როგორც გინდა, მითხრა ღიმილით.

დამშვიდობებისას ერთმანეთი გადავკოცნეთ, თუმცა ისე გამოვიდა მხოლოდ მისი ტუჩები ვიგრძენი ლოყაზე, რომელიც ახლაც მახსოვს.

ღამით ტკბილად ჩამეძინა. ოდნავი სიცივე დაჰკრავდა, ამიტომ საბანს ტანზე მაგრად ვიკრავდი და სულელივით ვიღიმოდი დღევანდელი თავგადასავლის გახსენებისას. მოკლედ, ასეთი უშფოთველი ძილით დიდი ხანია არ მიძინია.

მეორე დღესაც იმავე სახლში დავრჩი, მინდოდა ერთი დღე უაზრო ხეტიალში, ყვავილების კრეფასა და პეიზაჟის ტკბობით გამეტარებინა. საათს რომ შევხედე 11:30 ნახევარი შესრულებულიყო, გიჟივით წამოვვარდი ფეხზე, თუმცა რატომ არ ვიცი, ალბათ მეგონა სადმე მაგვიანდებოდა. ღობის იქით მდგარ სკამეიკაზე ჩამოვჯექი, თვალებდახუჭულმა მზის სხივებს მივაპყარი სახე და ცოტა ხანში რაღაცამ მომიჩრდილა.

-გეტყობა ახლა გაიღვიძე, თქვა ღიმილით.

-რას ამბობ, უბრალოდ ახლა გამოვედი გარეთ. ვუპასუხე ცოტა მორიდებით.

-რაღაც უცდი, არ გინდა ცხენით გავისეირნოთ?

-ვინ მე? ვკითხე გაკვირვებულმა.

-ხო შენ, სხვადროს არამგონია ამის შანსი გქონდეს.

ბევრი საუბრის შემდეგ ძლივს დამიყოლია, ყველაზე სასაცილო მომენტი ჩემი ცხენზე ასვლა იყო. ღმერთო, ცხოვრებაში არ მიცინია ამდენი უცნობ ადამიანთან ერთად.

ორივე ხელი მაგრად მოკიდა ლაგამს და ხელებში მოქცეულმა ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი, როგორც კი ეს შენიშნა თავი ცოტა მოშორებით დაიჭირა. ჩვენ ჯერ უბრალოდ მივდიოდით, შემდეგ კი მივქროდით. მეგონა ეს მთებიც ჩვენ მოგვყვებოდნენ, პეპლებიც და ყველაფერი რაც კი ირგვლივ იყო.

სტეფანწმინდაში მისულებმა ცხენი იქვე დატოვეთ და ფეხით გავლა გადავწყვიტეთ.

-ზოგიერთ ადამიანს ამ ქვეყნიდან წასვლა იმიტომ უნდა, რომ ღრუბლებს იქით ნახოს სამოთხე, მაგრამ ბრიყვებმა, ნუთუ არ იციან მისი აქ არსებობის შესახებ? ვთქვი სერიოზული გამომეტყველებით.

-არ გინდა ამ სამოთხეში დარჩენა? შემომხედა და გულიანად გავიცინეთ.

ამ სილამაზით გაბრუებულმა ვერც მისი წასვლა გავიგე და ვერც მოსვლა.

-ჩვენთან  ,,კესანე’’, სხვა ქვეყნებში კი ,,არ დამივიწყოს“ სახელით იცნობენ. საუბარი დამთავრებული არ ჰქონდა, ისე დამაჭერინა ხელში ყვავილების პატარა შეკვრა. შემდეგ მისი ისტორია მომიყვა, როგორ ატირებულა პაწაწინა უფლის წინაშე, რომ არ დაევიწყებინა სახელის დარქმევა მისთვის. სწორედ ამიტომ უწოდებენ  ,,არ დამივიწყოს“, საქართველოში კი: ,, “კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე.“

-გინდა რომ არ დაგივიწყო? ვუთხარი ღიმილით.

-ჰო, მინდა.

დღემ ისე სასიამოვნოდ ჩაირა, ვერც გავიგე როგორ შემომეცალა ხელიდან მთელი ეს დრო. საღამოს უკვე სახლამდე მიმაცალა და მითხრა, რომ ხვალ მის სახელს მეტყოდა იმის მიუხედავად, მინდოდა თუ არა ეს მე.

ასეთი მზის ჩასვლა ცხოვრებაში არ მენახა, უზარმაზარი გავარვარებული წრე ორ მთას შორის იმალებოდა და მისი ნათება სტაფილოსფრად ტოვებდა ცაზე თავის კვალს. პირველად დავიჯერე, რომ ცხოვრება მშვენიერ იყო, რომ არსებობდა ქვეყანაზე მხოლოდ სილამაზე და სხვა არაფერი. ამ სურათის ტკბობით ვიყავი გართული ტელეფონზე ვიღაცამ დამირეკა ბოდიშის მოთხოვნით, აუცილებელი იყო ჩემი სამსახურში დაბრუნება ხვალ საღამოსვე. რა მექნა, უნდა დავმორჩილებოდი მათ თხოვნას.

დილით ადრე გავიღვიძე, არ მინდოდა ანანურის ნახვის გარეშე დამეტოვებინა აქაურობა, რადგან მასზე ბევრი მსმენოდა ისტორიიდან.

XVI-XVII საუკუნის ციხესიმაგრე.

ანანური

მთელი გზა მასზე ვფიქრობდი, როგორ მინდოდა დავმშვიდობებოდი და ტყუილად არ ეცადე ჩემთვის. თუმცა ანანურის დანახვამ ცოტა ხნით დამავიწყა ეს ყველაფერი, რადგან აღტაცებული დავრჩი მისით იმდენად თავმომწონედ გადაჰყურება ჟინვალის წყალსაცავს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთებში ვიყავი ჩაკარგული და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ჟინვალში შეჭრილი იყო მთები, ხოლო ჰორიზონტი ისეთი უკიდეკანო, რომ მისი ცქერით ამოვივსე გულის ყველა ცარიელი კუნჭული. ანანურში შევედი, დავათვალიერე და აღფრთოვანებული დავტოვე იქაურობა, რადგან დრო ცოტა მქონდა.

თბილისში სასიამოვნოდ ,,დაღლილი“ ჩავედი ახალი იდეებით, შემართებითა და სასიამოვნოდ შეცვლილი.

ვფიქრობ, არ არსებობს მოგზაურობა, რომელიც მცირედი თავგადასავლით მაინც არ არის სავსე, ხოლო ეს ყველაფერი კი ისე გცვლის, ვერც კი ამჩნევ როდის მოასწარი ასეთ კარგ ადამიანად გახდომა.

ამ დღის გასახსენებლად კი ეს კესანეები დამრჩა. მე აუცილებლად წავალ იქ, ამ ისტორიის დასაბრუნებლად.