მცხეთაში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმის შესაძლო მშენებლობის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფოტოიმიტაცია და მოსაზრება აბსოლუტურად მცდარია და მას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროექტს არ იცნობს და შესაბამისად, მცხეთაში მისი განხორციელების შესაძლებლობა უწყებაში არც განხილულა და განხილვა არც სამომავლოდ იგეგმება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვაზე, საგანგებო ვალდებულება აქვს აღებული, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური მორატორიუმითაა გამყარებული.
ამავდროულად, ამ ტიპის პროექტის განხორციელება უხეშად დაარღვევს სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს ძეგლების ერთობლიობით შექმნილ ისტორიულ კონტექტს, მის კულტურულ ლანდშაფტს და უარყოფითად იმოქმედებს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გამორჩეულ ზოგადსაკაოცბრიო ღირებულებაზე. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ ტერიტორიაზე ამ ტიპის, გარემოზე მძიმედ მოქმედი მოცულობის გაჩენა კატეგორიულად არ განიხილება.
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას 2016 წელს დაუბრუნდა.