მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა

აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. თოკები პარკის პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ახალი ტურისტული პროდუქტის გახსნის ღონისძიებას დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ქობულეთის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს წარმოადგენს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.

მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად. პარკმა გასულ წელს 22%-ით მეტ, 57,770 ვიზიტორს უმასპინძლა.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი