პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გიორგი კეკელიძემ, დემეტრე მოდებაძემ და აშუღ ნარგილემ შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან. სტუმრებმა ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია და მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში „მოძრაობის თეატრმა“ წარმოადგინა რამდენიმე მცირე ნოველისგან შემდგარი სპექტაკლი – „ჩუმად, რეპეტიციაა“. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აქტივობები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.
სოფელ ალგეთისა და სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი წიგნები გადაეცა.
ღონისძიებები მარნეულის კულტურის ცენტრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო