ჭოლევის კლდით შემოსაზღვრულ მიდამოში, რომელიც ჭაობიანი ტბით ბოლოვდება, ნაეკლესიევია. ამ ლოდებს და მთის წვერზე გაშენებულ სოფელს ზამთარ-ზაფხულ ერთი გვარის კაცი უვლის. არ ტოვებს მიწას. მუდამ იქაა, მთითაა დაკავებული.. არტეფაქტების მიხედვით, მრავალძალის მამათა მონასტერი სწორედ ამ ადგილას მდგარა. „მრვალძლიერი“ შეარქვეს, რადგან სამტროდ მოსულები მოყვრებად უქცევია… ახლა მოვყვეთ ერთი მნათეს თავგადასავალი, რომლის სიცოცხლის ნაკვალევს დღემდე ინახავს კლდისპირა მხარეში არსებული ერთკაციანი „სოფელი“.
იყო და არა იყო რა, წმინდა გიორგის სახელზე აგებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე მსახურობდნენ მამები. ეწეოდნენ მესაქონლეობას, ასუფთავებდნენ ტაძარს, იცავდნენ აქ შენახულ სიწმინდეებს, წირავდნენ… ქების შემდგმომ, მამები და მორჩილები თავიანთ დღიურ ხელსაქმეს უბრუნდებოდნენ. მოსაღამოვებულზე, სატრაპეზოში იკრიბებოდნენ. შემდეგ, აღავლენდნენ უფლის სამადლობელს. ღამ-ღამობით, თავიანთ კელიებში მარტოობდნენ.
ერთ დღეს, როდესაც წირვა დაასრულეს და თავიანთი საქმისკენ გაეშურნენ, ტაძრის მოწესრიგება მორჩილს, მნათეს მიანდეს. ერისკაცობას გაშორებული და საღმრთო გზას შემდგარი მნათეც სიხარულით შეუდგა მორჩილის პირველი დავალების შესრულებას.
რკინის ფეხზე შედგმულ შანდალს სანთლის ნაღვენთები მოაშორა. შემდეგ, შუაგულ ტაძარში, ხარაჩოზე აძვრა ჭაღის გასაწმენდად. ლითონის ორნამენტებს ობობის ქსელი მოწმინდა, გულმოდგინედ გაპრიალა. მოულოდნელად, თვალი ჰკიდა სარკმელთან მოციმციმე მკვეთრ ნათებას. რადგან დაისი იდგა, მნათე მიხვდა, შუქი მზისა არ იქნებოდა. შეეცადა, გაეგო საიდან მოდიოდა, სად იყო შუქის სათავე… სარკმელთან არეკლილ ნათებას თვალი მიადევნა და დაადგინა, რომ ის საკურთხევლის ერთ-ერთი ფლიგელიდან გამოდიოდა. ერთხანს გარინდული უცქერდა მანათობელ წრფეს. შემდეგ, მოუნდა მიახლოებოდა და უკეთ ეხილა ახლოდან. დაჰყვა ამ სურვილს. ხარაჩოდან ჩამოძვრა და აღსავლის კარიბჭისკენ დაიძრა. როცა ზღურბლს მიუახლოვდა, ციმციმმა იმატა. ახლა კარის ღრიჭოში გამოაღწია, მნათეს სამოსს მიანათა. შემდეგ, სახისკენ გადაინაცვლა. მნათემ ხელი აიფარა. ამ საქციელით შეეცადა განეგდო შუქის მაგიური ძალა. საკურთხევლის დალაგებისა და იქ შესვლის უფლება წინამძღოლისგან არ მიუღია. მოეჩვენა, მოჭარბებულმა შუქმა კარები შეაზანზარა. ისეთი რეალური გახდა სხივისა და მისი კავშირი, მნათე საკურთხევლის კარისკენ გადაიხარა, საკეტი ფრთხილად დაატრიალა და შეაღო. ციმციმა სინათლე ქვის პედესტალზე შემოდგმულ ყუთში ჩაედინებოდა. ხელის გაწვდენა კმაროდა, რომ შუქისმფრქვეველი სკივრი აეხადა და გაეგო რა გამოცემდა ასეთ ნათელს. ასეც მოიქცა. მოჩუქურთმებული ზარდახშიდან ღრუბლის ქულასავით შეკრული სინათლის ბურთულა ამოვარდა. მნათემ ყუთში ჩაიხედა და ვერცხლით მოვარაყებულ წითელ ყანწებს მოჰკრა თვალი. შემდეგ, ხელი შეახო ყუთთან მბრუნავ სინათლის ბურთს, რომელიც მაშინვე გაიყო და მათ შორის გაჩნდა მფრინავი პეპელა. მნათე პეპელას წაეტანა. იფიქრა, დავიჭერო. ასე, სრულიად გაუაზრებლად შეაბიჯა თეთრი ღრუბლის კარიბჭეში. გაცალკევებული ქულები მაშინვე შეერთდნენ და მნათესთან ერთად გაუჩინარდნენ საკურთხევლიდან.
მოახლოვდა ტრაპეზის ჟამი. იქაურმაც წესისამებრ სატრაპეზოს მიაშურეს. ყველამ შენიშნა, მნათე აკლდათ. დაუწყეს ძებნა. ტაძარში, ეზოში… ტაძარი მილაგებული დაუხვდათ, მნათეს კი ვერ მიაკვლიეს. ერთ-ერთმა ბერმა საკურთხევლი შეამოწმა. ზარდახშა ახდილი დახვდა, მოვერცხლილი სასმისები ხელუხლებლი. შეფიქრიანებული ბერები ტაძრიდან გამოვიდნენ, წინამძღოლს აცნობეს გაუჩინარებული მნათესა და ახდილი ზარდახშის შესახებ. წინამძღოლი უსიტყვოდ განეშორა, თავის სენაკში შეიკეტა. ძმები შეწუხდნენ აღარ იცოდნენ რა ეღონათ. თვალწინ მნათეს სახე ედგათ, გამუდმებით მის გაუჩინარებაზე ფიქრობდნენ…
ამასობაში, მოფარფატე პეპლამ მნათე ცისფერ მდელოზე გაიყვანა. ის უცნაური ასპარეზობის მომსწრე გახდა. სხვადასხვა ფერის ღრუბლის ქულებზე ამხედრებული მოჯირითეები, ერთმანეთს ცისფერ მინდორზე სრიალში ეჯიბრებოდნენ. ისმოდა შორეული ხმები. მნათეს ჯერ კიდევ ვერ გაერკვია სად იმყოფებოდა ან რა გამოსცემდა ასეთ უცნაურ ექოს? ძირს დაიხედა, შენიშნა, ჰაერში ლივლივებდა. აფორიაქდა. თავქვე აყირავდა. მოასპარეზეებმა მაშინვე შეწყვიტეს შეჯიბრი და უცხოსთან მოგროვდნენ. ცნობისმოყვარედ მიაცქერდნენ. მნათეს ორი მხედრის სახე ეცნო, თუმცა ვერ გაიხსენა საიდან. ორივე მხედარი მეომარს გავდა. რკინისაბჯრიანმა უთხრა: თუ გინდა სხეული დაიმორჩილო, გულით ირწმუნე ჩვენს შორის ყველაზე დიდი მხედრის ძლიერების და დაივიწყებ, რომ მძიმე ხარ. შიშიც მოგშორდება!… თავის დროზე, მეც ვირწმუნე… ჩემი ჯარით მივადექი მის სალოცავს, ტაძრის შემუსვრა მეწადა. მაგრამ, უეცრად, ორი ვერსის მანძილზე, ჩამობდნელდა. გზა-კვალი აგვერია მე და ჩემს მხედრებს. უზარმაზარ კლდეს მივადექით. ნისლი იყო, ვერაფერს ვარჩევდით. ჩემი ხალხის ნაწილი ორმოცი საჟენის სიმაღლიდან გადაიჩეხა. დიდი ზარალი განვიცადე. მომაგონდა, იქვე, ჩემი დაპყრობილი ხალხის წმინდა სალოცავი იყო. მეც მუხლი მოვიდრიკე, ჩემი თაჯი მოვიხადე და იმ უშიშარ მხედარს შევთხოვე სამშვიდობოს გავეყვანე. აღვუთქვი, სანამ მისი სალოცავის ზარის ხმა მიაღწევდა, არაფერს ცუდს არ მოვიმოქმედებდი. ჩემმა მებრძოლებმაც მომბაძეს. უცებ, ჯანღი გაიყარა. ჩვენ დავინახეთ კლდის სარტყელი, მთელი სოფელი და კლდის თავზე გაშენებული მონასტერი. წავიყვანე ჩემი მებრძოლები მონასტრისკენ და გალავნის შიგნით დავბანაკდით. წინა დღეს დიდი ბრძოლა გადავიტანე. თქვენს მეფესთან დავმარცხდი, მერე ეს სასწაული მოხდა. იმ მხედრის პატივსაცემად მოვიხადე ჩემი ძვირფასთვლიანი თაჯი და მონასტერს შევწირე.“
მხედარი ისე საუბრობდა, პირს არ აღებდა. მნათეს უკვირდა, როგორ შეეძლო მისი სიტყვები გაეგო. უცებ, გაახსენდა წინამძღოლი, რომელმაც ერთხელ ქადაგებაში მსგავსი ამბავი უამბო საძმოს. მხოლოდ არ ახსოვდა მუზარადის მფლობელის ჯალალ-ედ- დინის სახელი, რადგან ახალი იყო ტაძარში და ჯერ საფუძვლიანად არ შეესწავლა იქ არსებული სიწმინდეების ისტორია. მნათეს მოუნდა სახელი ეკითხა მხედრისთვის, მაგრამ სხვა ღრუბლის მხედარმა წამოიწყო თავისი ამბავი.
„… მართლაც ბევრი მსმენია იმ მხედრის შესახებ. ქართველები ერთმანეთს სულ მისი სახელით ამხნევებდნენ. ომში ყოველთვის უშიშარ მხედარს მოუხმობდნენ საშველად. მარტყოფში იმ მხედრის სახელით დამამარცხეს. მაოცებდა თქვენი დიდი მოურავი, რომელსაც განსაკუთრებულად სწამდა უძლეველი მხედრისა. ეს კაცი ყოველთვის მას უხმობდა და იმარჯვებდა. ერთხელ, ჩემი ხმალი მოვიხსენი და უშიშარი მხედრის ტაძარს შევწირე. ბევრი ქართველის სისხლი დავღვარე, მაგრამ ვერ ამოვძვირკვე მათი მებრძოლები, რომლებსაც ის უშიშარი მხედარი მოუძღვოდა!…“
დაასრულა თუ არა, ღრუბლის მხედარმა დანარჩენებს რაღაც ანიშნა. ისინიც მაშინვე ჩამოშორდნენ მნათეს, შეჯიბრი განაგრძეს. კიდევ რამდენიმე წუთი ეკიდა თავდაყირა ჩვენი მნათე. რატომ იყვნენ ეს მხედრები აქ? რატომ ასპარეზობდნენ განუწყვეტლივ? მის გონებაში კითხვები ერთი-მეორეს ეხლებოდნენ.
ცისფერი მდელოს კიდურზე მნათემ ორი მბრუნავი ბორჯღალი შენიშნა. ის დაემორჩილა იქიდან გამომავალ მიზიდულობის ძალას. იმ მხარეს გაცურდა. ბორჯღალებმა ბრუნვა შეწყვიტეს, მნათემ გაარჩია, რომ ბორჯღალები კი არა, მოვარაყებული ყანწები იყვნენ. სწორედ ისეთი, ღრუბლის კარიბჭეში შესვლამდე რომ იხილა, საკურთხევლის პედესტალზე შემოდგმულ ყუთში. ყანწები ფრთაშესხმულ მხედარს ეპყრა. მნათე გაუბედავად იდგა მხედრის პირიპირ, გუმანით გრძნობდა, სიტყვით აუხსნელს. წმინდანმა სასმისი გაუწოდა, მნათემ ისე მოსვა სასმისი, როგორც მონასტრში ასწავლეს. სამჯერ გადაისახა პირჯვარი, აკოცა და გამოსცალა. შემდეგ, ფართოდ გაიხსნა კიდევ ერთი კარიბჭე.
მნათე სურნელოვან წალკოტში მოხვდა. ბაღის შუაგულში შადრევანს ჰკიდა თვალი. დიდხანს ადგილიდან არ დაძრულა, შემდეგ, როგორც იქნა, გაბედა და მიუახლოვდა წყაროს. შიგ ჩაიხედა. წყალში მრავალძალის მონასტერი აირეკლა. ულამაზესი სანახავი იყო ამწვანებულ გორაკზე აღმართული გალავნიანი ქვის ტაძარი.
რა დრო გავიდა, რაც აქ არის?… სულაც გადაავიწყდა იქაურობა. როგორ გააგებინებდა შინაურებს თავის ამბავს?…
დასცქეროდა მისთვის გულმხურვალედ მლოცველ თანამოძმეებს. მნათეს ზემოდან ჯადოსნური ეჩვენებოდა ყველაფერი, რაც დაუფიქრებლად მიატოვა. ხშირად მოდიოდა შადრევანთან, ჩაიხედავდა წყალში და ასე იქარწყლებდა უსაზღვრო მონატრებას. გადიოდა ხანი, მნათე თავს შეუცნობლის ტყვედ მიიჩნევდა. აღელვებდა, რომ ვერ გრძნობდა სიცოცხლეს…
მრავალძალის ფერდობზე თოვლი გადნა. მნათემ შენიშნა მონასტრის სამრეკლოზე როგორ აცოცდა შავკაბიანი მორჩილი, ზარები დარეკა. ტაძარში კელაპტრები უკვე აენთოთ. წინამძღვარი სარკმეველს აკმევდა. დაქანცული მომლოცველების ნაწილი თვლემდა, ზოგი ისევ ფხიზლობდა. ვეღარ უძლებდა მნათე მონატრებას. ყელთან მობჯენილმა ტკივილმა აამღერა. ამ წუთას, მარადისობიდან წუთისოფლის სადიდებლად იგალობა. უშიშარ მხედარს გულმხურვალედ შესთხოვა თავის მიწა-წყალზე დაებრუნებინა. მრავალძალის მოდარაჯედ გახდომა აღუთქვა.
აღარ ახსოვს მნათეს როგორ გაჩნდა იმ გორაკზე, სადაც სულთმოფენობის დღესასწაულზე, მთის მცენარეების საკრეფად გამოეშურნენ მრავალძალის მონასტრის ბერები.