გადავწყვიტე, ისეთი ამბავი მოვყვე, რომელიც არ უნდა მოვყვე. უბრალო მიზეზის გამო, ისეთი ამბავია, მარტო შენი როა, სხვისთვის არავითარი მნიშვნელობის მქონე, თუმცა ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი. არ ვიცი ჩემი გადმოცემის უნარი რამდენად მომცემს საშუალებას, ყველაფერი ისე დავხატო, როგორც იყო, მაგრამ რადგან დავიწყე, გავაგრძელებ და თუკი ვინმეს გაუჩნდება ამ ჩანაწერ-ჩანახატის წაკითხვის სურვილი, დაე მან გადაწყვიტოს ღირდა თუ არა.
ამბავი ჩემს წილ იტალიაზეა. ქვეყანაზე, რომელზეც, სანამ ვნახავდი, ზუსტად ისეთი წარმოდგენა მქონდა, როგორიც ალბათ მსოფლიოს ყველა გოგოს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს საფეხბურთო მატჩი იტალიის ნაკრების მონაწილეობით. ანუ მეც ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყნის მთელი ღირსება ლამაზი ბიჭები, ჩემთვის ეგრეთ წოდებული “მალდინები” იყვნენ. თუმცა, მინდა გითხრათ, პირველმა შთაბეჭდილებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თან იმდენად, რომ ტერმინი “მალდინები” სამუდამოდ ჩაანაცვლა.
მოკლედ, გადავალ უშუალოდ ისტორიაზე. ღამის თერთმეტი საათია, ვზივარ გაუბედურებული ნერვებით და საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენით ჩემს მომავალზე, ვენიდან ფლორენციაში მიმავალ Flixbus – ში და ფანჯრიდან ვუყურებ, თუ მეტად არა, ჩემზე არანაკლებ გულაჩუყებულ მარის და რობის, რომელიც, მართალია ავსტრიელია, მაგრამ ამ ფაქტს დღემდე ბუნების შეცდომად ვთვლი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად ქართველია, ყველა უნარ-ჩვევითა და მორალურ-ფიზიკური მიდგომით. ადამიანი, რომელიც სულ მიყვარს და მენატრება, იმის შემდეგ რაც პირველად ვნახე. ამ ფიქრებში გართულს, იმდენად ახლოდან მესმის ჩემთვის სრულიად გაურკვეველი წინადადება იტალიურ ენაზე, რომ ვხვდები მე მელაპარაკებიან. თავს ვაბრუნებ და ვხედავ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა გაცილებით ლამაზია, ვიდრე მალდინი. ვცდილობ რაც შეიძლება მომხიბვლელად გავიღიმო და მესმის შემდეგი შეკითხვა, ამჯერად გერმანულად : “ანუ იტალიელი არ ხარ? ” გონების თვალს ვავლებ საკუთარ შესაძლებლობებს, ვცდილობ განვსაზღვრო რამდენ საათს მეყოფა ჩემი გერმანული და ვპასუხობ, რომ არ ვარ იტალიელი და ინგლისურად გაცილებით უკეთ შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია ჩემი ფესვებისა და წარმომავლობის შესახებ, ვიდრე გერმანულად. უკვე ინგლისურად მიხსნის, რომ აინტერესებს ადგილი ჩემს გვერდით თავისუფალია თუ არა. შეუმჩნეველი დაზვერვის შემდეგ, რომლის მთავარი მიზანია თავისუფალი ადგილების რაოდენობის მიხედვით იმის გარკვევა იძულებითია თუ ნებაყოფლობითი ჩემთან კონტაქტი, სრულიად კმაყოფილი და ლაღი ვპასუხობ, რომ თავისუფალია და ღმერთო, რა სამწუხარო იქნებოდა ასე რომ არ იყოს. არ ვიცი ჩემს გულახდილობაზე თუ ამ საკითხში ღმერთის ჩართულობაზე, ლამაზი უცნობი იცინის და ჯდება. სასწრაფოდ ვიღებ ტელეფონს და ვწერ მარის აღარ ინერვიულონ, რადგან უკვე მომწონს იტალია. მარი მარი არ იქნებოდა სხვანაირი sms რომ მოეწერა და არ ეთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, წარმოსადეგი ჭაბუკი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით ზის, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე შეამჩნია.
მივდივართ, ხელს მიწვდის და მეუბნება სახელს-ფრანჩესკო. თავს ვერ დავდებ, ეს მართლა ლამაზი სახელია თუ მე მეჩვენება მასთან დაკავშირებული ყველაფერი ლამაზად. ჩემს ახალ ნაცნობს, არათუ მხოლოდ რუქაზე საქართველოს არსებობის შესახებ აქვს წარმოდგენა, არამედ ცამეტი წლის ასაკში თბილისშიც არის ნამყოფი სამოგზაუროდ, მშობლებთან ერთად. მამამისს თურმე “ნარიკალა” მოსწონს ძალიან. და ამ მომენტში, ნარიყალაც და ეს ბიჭიც ისეთი მშობლიური მეჩვენება, რომ თვალზე ცრემლი მადგება. მადლობა ღმერთს, როგორც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, ფრანჩესკოც წყვეტს, რომ მხოლოდ თბილისის მონატრებაა ჩემი ცრემლების მიზეზი და მაწვდის შოკოლადს.
ვრთავთ ფილმს, აი ისეთს, ჩემს ყოფილ შეყვარებულს რომ უყვარდა და შემდეგნაირად ხსნიდა :” აი ისეთი ანა რა, აი ბევრი პასპორტი რო აქ ტიპს რაა, აი ხო ხვდები”. მეზიზღება ეს ბევრპასპორტიანი ჟანრი, რა თქმა უნდა არც სიტყვა ზიზღს არ ვახსენებ და არც ყოფილ შეყვარებულს. ფრანჩესკო საოცარი ენთუზიაზმით მიხსნის ყველა პერსონაჟს, ყველა დეტალს. ვზივარ, ვუქნევ თავს და ვფიქრობ, რატომ? აი რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ ბიჭს ასეთი ფილმი სამჯერ ნანახი? საბედნიეროდ ჩემი ნებისყოფის გამოცდა მხოლოდ საათსა და ორმოც წუთს გრძელდება. შემდეგი გეგმაში, ჩემს Ipod-ში ჩართულ ჩელენტანოსა და ყანჩელის სინთეზის ფონზე წარსულ შეცდომებსა და მომავალ გეგმებზე მსჯელობაა. და გულში, მეათასედ ვმადლობ იმ ზებუნებრივ ძალას, გუშინ რომ ახალი ყურსასმენის ყიდვა მაიძულა, მანამდე მხოლოდ მარცხენა მუშაობდა, რაც თავისთავად მიწასთან გაასწორებდა მთელ ამ რომანტიკას. ორივე ერთად ვერ მოვუსმენდით.
გაცნობიდან დაახლოებით ოთხ საათში ვწყვეტ, რომ უკვე ახლობლები ვართ, შესაბამისად ვრისკავ ხელჩანთიდან ორი ბოთლი ლუდის ამოღებას. მცირეოდენი გაოცება და შედარებით მეტი სიხარული ფრანჩესკოს სახეზე. ვსვამთ. როგორც ბავშვობაში ბიძაჩემ ემზარას, ეხლა ამას ვუწყალებ გულს კითხვებით : სად ვართ? მალე მივალთ? რამდენ საათში? ოღონდ, მაშინ ერთი სული მქონდა შაორი დამენახა და ახლა მოკლე დროდ და დიდ უსამართლობად მიმაჩნია ფრანჩესკოს მშობლიურ ბოლონიამდე დარჩენილი ხუთი საათი.
დღემდე მიკვირს, მაგრამ რაღაცნაირად დიალოგს და დიალოგს შორის ვახერხებ და ვიძინებ. მაღვიძებს შეხება მხარზე, ჯერ ისევ ძილბურანში მყოფი ვფიქრობ, რომ უკვე ბოლონიაში ვართ და ბებიაჩემი მაყვალასგან ნასწავლი სიტყვებით ვწყევლი გულში ჩემს არაადეკვატურობას. რამ დამაძინა? შეწუხებული ვახელ თვალს , არ მაღვიძებს, თვითონაც სძინავს და თავი უდევს ჩემს მხარზე. ეს უკვე მეტისმეტია. ახლა ყველაზე მეტად მინდა ამას ხათუნა ხედავდეს ,რომელიც ხვალ დილით დამხვდება ფლორენციაში და რომელიც რა თქმა უნდა არასდროს დაიჯერებს მართლა ასეთი კარგი როა ფრანჩესკო.
წინ მჯდომი, ეროვნებით რუსი ბავშვი, რომელიც დედას ტყუპისცალთან ერთად მიჰყავს იტალიაში და რომელიც მთელი ღამეა გაუჩერებლად ტირის, აცემინებს. ჯანმრთელობათქო, ვეუბნები. ჩემს ახალ მეგობარს რატომღაც უხარია, საქართველოშიც ასე რომ გვცოდნია თქმა. პირველი რაც თავში მომდის პა-პალამ გაყოფილი “სტოტიშია” და ღიმილით ვეთანხმები.
ეჭვის დონეზეც არ ვფიქრობ ფრანჩესკოსთან ნომრის ან სოციალურ ქსელში დამეგობრების გარეშე გამოთხოვებას, მაგრამ ჩემი ლამაზი და უკვე უცნაური მეგობარი ამბობს, რომ ისეთი გოგო ვარ და ახლა ეს იწყებს ახსნას როგორი .. ანუ, თურმე აი ისეთი, ერთხელ რომ ნახავ, რო არ დაგავიწყდება, ალბათ წელიწადში რამოდენიმეჯერ რომ გაიხსენებ და ყოველთვის, მთელი ცხოვრება გენდომება ისევ ნახო, ოღონდ ისევ შემთხვევით და ისევ შემთხვევითი. თუ შეგიძლიათ ალბათ ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე წარმოიდგენთ , რა უსაშველოდ მწყინს, მაგრამ წინასწარ ვიცი უმტკივნეულოდ გადავიტან. არ მახსოვს როდის მივხვდი, ვიცი რომ მივხვდი, ყველა ბიჭი რომელიც მომწონს ან მომავალში მომეწონება მანიაკია. ყველა სხვადასხვა კუთხით. აი ეს, ამ კუთხით.
ხუთ წუთში ავტობუსი ბოლონიის სადგურზე გაჩერდება, ფრანჩესკო წავა. მე კიდევ ერთი საათი ვიქნები აქ და გადავახვევ გონებაში ყველაფერს, რაც ამ უცნაურმა ღამემ მოიტანა.
დგება, პატარა სამზავრო ჩანთას იღებს, თმას ჩემი ნაჩუქარი რეზინით იკრავს, მკოცნის, თავის გრძელ, ლამაზ თითებს ლოყაზე მისვამს და მიდის. ვზივარ რაღაცნაირად, უცნაურად გაღიმებული და ალბათ კიდევ დიდხანს ვიჯდები, მაგრამ უცებ ჩემი სახელი მესმის. ფანჯრიდან ვიხედები, ჩემი ლამაზი, საინტერესო და უცნაური ფრანჩესკო ხელს მიქნევს და მეძახის : ” მომავალ შეხვედრამდე, ბოლონიაში ! “