გაიცანით მეგობრები, რომლებმაც დიდი მონდომბითა და შრომით შექმნეს აგრო ტურისტული პროდუქტი, რომელიც ბაზარზე კონკურენტებისგან გამორჩეულია. ახალგაზრდებს დიდი გეგმები აქვთ, მათ სურთ შექმნან ხარისხიანი ჯანსაღი და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისათვის.
- ვინ არიან ლიკა ბაღიშვილი და მეგი წურწუმია (მოგვიყევით თქვენს შესახებ)
ლიკა ბაღიშვილი და მეგი წურწუმია: კავკასიისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები. ერთმანეთი 2019 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებულ “მწვანე ეკონომიკის სკოლის” პროექტში გავიცანით, სადაც ვმუშაობდით მწვანე ბიზნეს იდეების დამუშავებასა და მათ რეალურ ბიზნეს გეგმებად ქცევაზე. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში პირველი ადგილიც ავიღეთ და ამის შემდეგ რამდენიმე თვეა აქტიურად ვთანამშრომლობთ ორგანიზაცია CENN-თან. სწორედ ამ ორგანიზაციამ გვაპოვნინა ერთმანეთი და აღმოგვაჩენინა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები. ასევე, საინტერესო იდეების დამუშავებაში ძალიან დაგვეხმარა პროექტი: “YES Georgia”, სადაც რამდენიმე თვიანი ტრენინგებით გამოგვიმუშავდა უნარები ბიზნესის სწორად დასაგეგმად და განსახორციელებლად.
- თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში?
(ლიკა) 4 წლის წინ გავაკეთე ძალიან კარგი არჩევანი და ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლაში, სადაც საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა მივიღე ამ სფეროს, ბიზნესის და ზოგადად მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო და აუცილებელი საკითხის შესახებ. გავაცნობიერე, რომ ცნება ტურიზმი არ უკავშირდება მხოლოდ დასვენებას, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, ემოციებითა და მოგონებით დატვირთვას. მისი დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის, შესაძლებლობების, ახალი იდეებისა და ინტერესების აღმოჩენა-რეალიზება, ამის საფუძველზე კი ეკონომიკურად გაძლიერება. ვფიქრობ, ტურიზმი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად და სარეალიზაციოდ. სწორედ ამიტომ, საკუთარი წამოწყებაც ტურიზმს დავუკავშირეთ.
- როგორ გაჩნდა „მოკოს“ წარმოების იდეა?
თავდაპირველად გაგვიჩნდა სურვილი, გვქონოდა საერთო საქმე, ყოფილიყო ჩვენთვის ახალი, საინტერესო და გამხდარიყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი. დაგვებადა იდეა შეგვექმნა სასარგებლო პროდუქცია, რომელიც იქნებოდა ახალი და უცხო გემო მომხმარებლისთვის. ნედლეულს ტყეში სეირნობისას მივაკვლიეთ, შევისწავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ კუნელს საოცარ სასარგებლო თვისებებთან ერთად აქვს ძალიან სასიამოვნო გემო, არომატი და მისი ჯემიც უნიკალურია. პირველივე ცდაზე მივიღეთ ის პროდუქტი, რაც გვსურდა და იდეა “YES Georgia”-ს მიერ გამოცხადებულ პროექტში გავგზავნეს. მალევე დაგვირეკეს, იდეა მოგვიწონეს და პირველი შემოთავაზებაც მივიღეთ ამერიკის საელჩოში ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის შესახებ, სადაც მომხმარებლებისგან დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ აქტიურად ვმონაწეობდით სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში და ასე გახდა “მოკო” (რაც მეგრულად ნიშნავს – “მინდა”-ს) ჩვენი სამომავლო გეგმა და საქმიანობა.
- სულ რამდენი სახეობის პროდუქტს აწარმოებთ და სად შეუძლია მომხამრებელს შეძენა?
საწყის ეტაპზე ვაწარმოებთ კუნელის ჯემსა და წვენს. სამომავლოდ ვგეგმავთ ტყის ველური კენკრისგან (ასკილი, მაყვალი) მსგავსი პროდუქციის წარმოებას. მომხმარებელს ამ ეტაპზე შეუძლია ონლაინ შეიძინოს „მოკო“-ს ნაწარმი, ძალიან მალე წარმოდგენილი ვიქნებით ტურისტულ ობიექტებში განთავსებულ სპეციალურ დახლებზე, საოჯახო-სასტუმროებში. ასევე გამოფენა-გაყიდვებზე და წარმოების გაფართოების შემდეგ სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებშიც. ყოველივე ამის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებელი „მოკო“-ს Facebook გვერდის საშუალეიბით შეიტყობს.
- რატომ უნდა დაინტერესდეს მომხმარებელი „მოკოთი“?
“მოკო” ქმნის 100%-ით ნატურალურ პროდუქციას, ჩვენ არ ვიყენებთ კონსერვანტებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს. აქვს მცირე რაოდენობით შაქარი, რაც საშუალებას გვაძლევს გემო იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი. ნედლეულს ვკრეფთ საკუთარი ხელით, პროდუქცია კი იწარმოება კუსტარულად, ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმის დაცვით.
- რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ წარმატების მისაღწევად?
აღნიშნული საქმიანობა ისეთ პერიოდში დავიწყეთ, როცა ორივე აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, სამსახურით და სხვადასხვა პროექტებით ვიყავით დაკავებული. არ გვქონდა ამ საქმეში ცოდნა და გამოცდილება, მოგვიწია ძალიან ბევრის სწავლა საკმაოდ მოკლე პერიოდში. პარალელურად ვკრეფდით საკუთარი ძალებით ნედლეულს, რაც ასევე რთული იყო ჩვენთვის. საბოლოოდ შევძელით ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, ცოდნით საქმიანობის გამარტივება და ახლობლების დახმარებით შრომის შემსუბუქება.
- როგორ ფიქრობთ რა არის ის, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებათ?
ნედლეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, კუნელის ჯემის სახით წარმოების გამოცდილება ფაქტობრივად არ არსებობს და მისი წარმოება ადგილობრივი კომპანიების მიერ ფართო მასშტაბით არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ბაზარზე პირველები ვართ. ამავდროულად “მოკო” გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოა. ყველაფერს ვქმნით სიამოვნებითა და სიყვარულით. სახელწოდება, ლოგო და შეფუთვაც დიდი ენთუზიაზმით შევარჩიეთ. ვფიქრობთ, სწორედ ეს გვხდის განსხვავებულს.
- როგორ ფიქრობთ რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში ? (პიროვნული თვისებები, გარემო ფაქტორები)
პირველ რიგში სურვილი და მონდომება. ასევე ადამიანები, რომლებიც მხარში ერთგულად გიდგანან და გაძლევენ მოტივაციას. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია შრომა, ძალიან დიდი შრომა! წარმატება არაფერია, თუ არა უდიდესი შედეგი, რომელიც მხოლოდ ყოველი მარცხის შემდეგ წამოდგომისას მიიღწევა. მთავარია, არ შეგვაშინოს არც ერთმა დამარცხებამ და ყოველთვის გვჯეროდეს საკუთარი თავის;
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ხომ არ ფიქრობთ რაიმე ახალი პროდუქტის წარმოებას?
როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამომავლოდ ვგეგმავთ ტყის ველური კენკრისგან მსგავსი პროდუქციის წარმოებას. ასევე, ჩვენი ახალი ხაზი იქნება ბაბუაწვერას ჯემი.
- და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს იდეა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?
არაფერია იმაზე სასიამოვნო, როგორც საყვარელი საქმის კეთება. დაიწყეთ პატარა, მაგრამ მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყოველ საღამოს იფიქრეთ სასურველ შედეგსა და მომავალზე. ისწავლეთ, იშრომეთ, მოინდომეთ და აუცილებელად აღმოჩნდებით იმ რეალობაში, რაზეც აქამდე ოცნებობდით.
სტატიის ავტორი: ვეკო თედორაძე