მოგზაურობის მაგია

ათვლის წერტილი

_ წიგნების წერით რა პური უნდა ჭამო?!

ეგ იყო პირველი, რაც მითხრა, როგორც კი ჩემი წიგნის გამოცემის ამბავი ვახარე. მთლად კარგი ამბავი ვერაა, შენს სამეზობლოში ყველაზე კეთილგულიანი ადამიანი დიდი ვერაფერი მომლოცველი გამოდგეს, მაგრამ რას იზამ. ნიკალოზა ერქვა, თვითონ ნიკი შეირქვა და მე ზურგსუკან ნიკალა პაპას ვეძახდი.

_ მაგ სპეციალობით შორს ვერ წახვალ, დამიჯერე. თუ შევცდი, მერე მოდი და მითხარი, ნიკი, შე არასწორო – ცდები! – გამიხარდება. გეტყვი, მეთქი ნათიაჯან, ჯიგარი ხარ! მაგრამ დამიჯერე, ემაგ შენი ფურცელით და პასტით შორს ვერ წახვალ.

არადა რაზეც ყოველთვის, ყველაზე მეტად მიოცნებია, ეგ იყო – შორს წასვლა. პირდაპირი მნიშვნელობით.

 

ცრუმოგზაურობა

რა ხდება, როცა ,,შენი სპეციალობით“ შენ და შენი ოცნება შორს ვერ მიდიხართ? და თან არც ოცნების შეცვლა გინდა, არც „სპეციალობის“? მართალია, სანუგეშო მდგომარეობა ვერაა, ჰო… მაგრამ მე მაინც ვცადე ამ ჩიხიდან რაღაც სარგებელი მაინც გამომედნო.

„შორს წასვლა“, გამგზავრება, მოგზაურობის ნაცვლად ცრუმოგზაურობა დავიწყე. აეგრე.

ზუსტად დღეს ამომიგდო ფეისბუქმოგონებამ 2014 წლის (ზუსტად დღევანდელი თვე და რიცხვი. ვგიჟდები მინიშნებებსა და დამთხვევებზე)) სტატუსი, სადაც ვყვები, როგორ დავავლე ხელი ჩემი 4 წლის შვილს და წავიყვანე სამოგზაუროდ… რუსთაველზე (დავდებ ე.წ. „სქრინსაც“ თვალსაჩინოებად და ,,დაკუმენტად“, კაცნი ვაართ…):

,,…მეთქი, მოდი, ვითომ ტურისტები ვართ. დავიწყე შენობების თვალიერება. სხვა თვალით, ტურისტის თვალით.

„შთამბეჭდავი არქიტექტურაა…“ – ამის მსგავს ფრაზებს ამოვთქვამდი დროდადრო, დამტვრეული ქართულითJ).

მერე ხაჭაპური გავსინჯე „ცხოვრებაში პირველად“. მომეწონა, მაგარი რამე ყოფილა!:))
როლში ისე შევიჭერი, კინაღამ სუვენირების მაღაზიაში თაბაშირის კინტოც კი ვიყიდე თავის წითლად „გაკრასკული“ პლატოკითა)“

 

როცა რაღაც ასე ძალიან გინდა, ოდესმე აუცილებლად აგიხდება. აგიხდება, სად წავა? სხვა რა გზა აქვს „რო-ო“?!

 

ნამდვილი მოგზაურობა

ერთ დღეს წერილი მივიღე, სადაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, შავით თეთრზე ეწერა, რომ ჩემი (და კიდევ ორი ავტორის) მოთხრობები ბერძნულად ითარგმნა, კრებულად შეიკრა და წიგნის წარდგენაზე, არც მეტი, არც ნაკლები, თესალონიკში მეპეტიჟებიან!

ახლობლების აღფრთოვანება მაშინვე ჩაინაცრა, როგორც კი ვთქვი, რომ საბერძნეთისკენ, ამ ბევრი კილომეტრის გავლა ავტობუსით მიწევდა.

_ ასე შორს – ავტობუსით?! – მეკითხებოდნენ თანაგრძნობით. – თან მარტო… მთელი ორი დღე და ღამე გზაში?!

_ კი, – ვპასუხობდი აღტაცებული. – წარმოგიდგენია? იმდენად შორს, რომ მთელი ორი დღე და ღამე გზაში! თან მარტო!
                                          

 

მოგზაურობის მაგია

რითი გვიზიდავს ადამიანებს მოგზაურობა? ახალი გარემო, თავგადასავლები, როგორც ოფიციალურ ამბებში წერენ „უცხო კულტურასთან ზიარებაც“, ეგზოტიკური კულინარიაც, კი და ბარემ აქვე ვაღიაროთ – ფეისბუქში დადებული ფოტოებისა და „ჩექინები“-ს ხიბლიც, ჰო…

მე შემიძლია ჩამოვწერო, რა და რა ღირშესანიშნაობები ვნახე ამ მართლა სასწაულ ქალაქში, რაღაც-რაღაცები დავგუგლო კიდეც და ცოტა დროც იმაზე ფიქრს დავუთმო, როგორ მოგიყვეთ ამ ამბებს ხატოვნად და „დამბურძგლავად“, მოვყვე როგორ მოვხვდი რომელიღაც ზღაპრიდან ამოჭრილ კადრში – მეტეორაზე და როგორ ამეკვიატა ასოციაცია, რომ იქაური ქვები ხეებივით ცოცხლებია. მერე ისევ დავგუგლო, რომელია სწორი ფორმა, მეტეორაზე თუ მეტეორაში და მოკლედ, დავამგვანო ეს ბლოგი სენტიმენტალური მოგზაურის ჩაწიკწიკებულ გზამკვლევს…

მაგრამ მთავრი, რისი თქმაც მინდა ესაა – მოგზაურობა მაგიაა. ის, რაც ძველი, შენში ჩარჩენილი ნარჩენებისგან გფერთხავს, ახალი შეგრძნებებით, ადამიანებით, შთაბეჭდილებით გავსებს და გაბევრებს. ყოველი მოგზაურობიდან დაბრუნებული ცოტათი მეტი შენი თავი ხდები, ვიდრე წასვლამდე იყავი.

რაც მთავარია – მოგზაურობაზე მოუღალავად ფიქრი, ოცნებაზე უარის ართქმა, მოთელვა (მაგალითად, ცრუმოგზაურობის გათამაშება, მოგზაურობაზე ბლოგის, სტატუსის, რებუსის, ამის, იმის… წერა) – ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი – მოგზაურობის მაგიის გამოხმობის ყველაზე დიდი საიდუმლოა. გამოიხმეთ!

ბოლოთქმის მაგვარი

ასე დავთქვი. პირველი ჩანაწერი თესალონიკიდან გამომგზავრების წინ გავაკეთე და „დღეის ამას იქით“ ყოველთვის, როცა კი ჩემი „ფურცელი და პასტა“ შორეულ მოგზაურობაში წამიყვანს, თბილისში გამომგზავრებამდე ამ ბლოკნოტში ჩავწერ:

,,ნიკი, ცდები ;)” და იქვე, იმ ქვეყნის/ქალაქის სახელწოდება, სადაც ვიმოგზაურე.

მართალია, რაკი თვითონ გაცილებით შორსაა წასული, ვიდრე ნებისმიერ სამოგზაურო ტურებს მიუწვდებათ ხელი , საპასუხოდ მხოლოდ დუმილს მივიღებ, მაგრამ ზუსტად ვიცი (იმედი მაქვს დიიიიდი ხნის მერე), როცა შევხვდებით, თავის საფირმო ღიმილით გამიღიმებს და მეტყვის:

_ ნათიაჯან, ჯიგარი ხარ!