ვირუსულ ეპოქაში გაიზარდა ფართო, ღია სივრცეებისადმი ინტერესი საზოგადოებაში, თუმცა, რაც მეტად იმატებს სამყაროში ურბანიზაციის დონე, მით მეტად რთულდება ისეთი ადგილების პოვნა, რომლებიც ღამით ხელოვნურად არ არის განათებული.
აქამდე, ადამიანების უმრავლესობა დღესასწაულებს ჩვეულ გარემოში აღნიშნავდა, მაგრამ დრომ ეს ტენდენცია შეცვალა და ახლა მეტად პოპულარული ხდება ბუნებაში დასვენება და შებინდების შემდეგ ისეთი აქტივობები, როგორიცაა კოცონი, ვარსკვლავური კინოთეატრები, ასტრონომია და ძილი ვარსკვლავების ქვეშ.
რატომ იზიდავს ხალხს ვარსკვლავების ქვეშ ძილი?
კომპანია “Black Tomato”-ს თანადამფუძნებელმა ტომ მარჩანტმა განაცხადა: “ამ დღეებში ადამიანები გაქცევას ცდილობენ და ვარსკვლავების ყურება მათთვის სხვა სამყაროში გადასვლას ნიშნავს, ადამიანებზე ოდითგანვე დიდ ზეგავლენას ახდენდნენ ვარსკვლავები, რაზეც, უამრავი რამ მეტყველებს. აღსანიშნავია, ნავიგაციის უძველესი მეთოდები და თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, რომელთა აღმოჩენა უშუალოდ უკავშირდება ვარსკვლავებზე დაკვირვებას”. ასევე, მიმდინარე პანდემია არა მხოლოდ ხალხის ფიზიკურ კეთილდღეობას აყენებს ზიანს, არამედ ის დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ნავარაუდევია, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს პერიოდი გამოიწვევს ხანგრძლივ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. მიუხედავად იმისა, რომ ველურ ბუნებაში ტურების ორგანიზება არც ისე მარტივია, არსებობს თანმიმდევრული და მყარი მტკიცებულებები, რომ ბუნებაში დროის გატარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, სწორედ ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილი ხმაურიან ადგილებში დასვენებას ბუნებაში ყოფნას ამჯობინებს.
რაში შეიძლება დაეხმაროს ვარსკვლავების ქვეშ ძილი ადამიანებს?
დომ ჰიგინსმა, “Wildlife Trusts:-ის ბუნებისა და კეთილდღეობის მენეჯერმა ერთ–ერთ კომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბუნების კონცეფცია არის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის ფსიქიკური კეთილდღეობის პროგრამების ძირითადი და განუყოფელი ნაწილი, რასაც ასევე ამტკიცებს გასულ წელს, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქიკური და ნერვული პრობლემების მქონე ადამიანებმა, გაირკვა, რომ გამოკითხულთა 95 %-ის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა ბუნებაში მუშაობის შემდეგ, სადაც ისინი დაახლოებით კვირაში ხუთიდან ექვს საათს ატარებდნენ, ექვსი კვირის განმავლობაში.
ბუნებაში მოგზაურობა განსაკუთრებულად პოპულარული აქტივობა გახდა და ამ საკითხის ირგვლილ ბოლო დროს უამრავი ნაწარმოები შეიქმნა, ერთ–ერთია შვედი მოგზაურის წიგნი სახელწოდებით – “ღია ცის ქვეშ: პრაქტიკული სახელმძღვანელო ბუნებასთან ახლოს ცხოვრებისათვის”, სადაც ხაზგასმულია ბუნების როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუნებაში მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისა და ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
წყარო: euronews
ავტორი: სოფო უშხვანი