მოგზაურობაზე უკეთეს რამეზე არ მიოცნებია, სამყაროს გადარჩენას თუ არ ჩავთვლით. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ არ მინდოდა სტანდარტული ცხოვრება, სტანდარტული მიღწევებითა და შეჯიბრით. კონკრეტული გეგმა არ მქონია, მაგრამ ყველა ფიქრი წასვლას უკავშირდებოდა, საზღვრების ერთმანეთის მიყოლებით გადალახვას: „მე სხვებივით არ ვიცხოვრებ, სახლში და ნივთებში ფულს არ დავხარჯავ, ამას სჯობს რომელიმე „ბორბლებიანი სახლი“ ვიყიდო და ვიმოგზაურო“, მაგრამ გავიზარდე და მოგზაურობის დაწყება თითქოს გამეწელა, არ დადგა ჩემგან ჟიულ ვერნის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი, პასუხისმგებლობებმა ჩემზე გაიმარჯვეს და თითქოს გამგზავრებისთვის განსაკუთრებული მიზეზი მჭირდებოდა, რომელმაც არ დააყოვნა, მეგობრებმა მითხრეს, რომ სტამბოლში როჯერ უოტერსი ჩამოდიოდა „პინკ ფლოიდის“ ლეგენდარული კონცერტით “The Wall” (კედელი), ბილეთები უყოყმანოდ შევიძინე და დაიწყო დიდი დღის მოლოდინი. ამასობაში მომიწია გადამელახა ჩემი სიმორცხვე და მორიდებულობა და ახლად დაწყებულ სამსახურში შვებულება მომეთხოვა, საბოოლოდ ერთი კვირის ნაცვლად სამი დღით გაშვებაზე დამთანხმდნენ და ცხადი იყო, რომ ჩემი მეგობრების ტურნედან ამოვვარდი, შედეგად დავარღვიე ის წესი, რომ არასოდეს ვამბობ ტყუილს და ჩემი მშობლები მოვატყუე, რომ სტამბოლში მეგობრებით სავსე ავტობუსით მივდიოდი. შევკარი ბარგი და ყველაფერი გავაკეთე რომ სამგზავრო ავტობუსამდე არავის მივეცილებინე და ჩემი ტყუილი არ გამჟღავნებულიყო. წინ ავტობუსით 24 საათიანი მგზავრობა მელოდა, გულდამშვიდებული ვიყავი, რადგან ყველაფერი წინასწარ მქონდა დაგეგმილი, სტამბოლში ჩასული მეგობრებს დავეკონტაქტებოდი (როუმინგი წინასწარ ჩავრთე) და ძალიან მალე მათთან გავჩნდებოდი. გზაში იგივე კონცერტზე მიმავალი ადამიანები გავიცანი, ყველას უკვირდა რომ მარტო მივდიოდი, მე კი ცოტა ამაყი ვიყავი ამით. როცა საქართველოს ყოფილ ტერიტორიებს გავცდით, სადაც ამწვანებული კლდეები პირდაპირ ზღვაში ეშვებოდა, დაღამდა და ავტობუსით მგზავრობის იდეა აღარ მეჩვენებოდა ისე სახალისო. ვნახეთ, როგორ ვარდებოდა დიდი ნარინჯისფერი მზე ღია სივრცესა და ზღვაში, შემდეგ კი მზის ამოსვლამაც აგვიჩქარა გულისცემა და სტამბოლშიც შევედით. იქ სამუშაოდ მიმავალი ქალები ღიმილით გვეუბნებოდნენ ამ ქალაქის გავლას ერთი საათი არც ეყოფაო (თბილისის საცობების შემდეგ ალბათ აღარ გაუკვირდებათ), გადაშლილ სივრცეს თანდათან იკავებდა უზარმაზარი დასახლებები, შემდეგ ბოსფორზე მდებარე ხიდი გავიარეთ და მე უკვე ძალიან მიყვარდა ეს ზღვაზე გამოკიდებული ძველისძველი ქალაქი.
ცხოვრებაშიც და მოგზაურობაშიც ხშირად ყველაფერი საგულდაგულოდ დაწყობილი გეგმების საპირისპიროდ ხდება, როუმინგში შეძენილი 25 ლარის„იაფი“ წუთები ერთ წამსა და სამ ესემესში გაქრა, სტამბულის დროის თბილისის დროისგან განსხვავების გამო კი სადგურზე ერთი საათით ადრე ჩავედით. ჩემს მეგობრებთან დაკავშირებას ვერ შევძლებდი და უკვე ვფიქრობდი, რომ ავტობუსში გაცნობილი ხალხისთვის მეთხოვა შველა და დაკვალიანება, როცა სადგურში ჩემმა ძველმა მეგობარმა შემოუხვია, რა ღვთიურმა ძალამ მოიყვანა იქ ჩემს საშველად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბედნიერი გავექანე და ჩამოვეკიდე იმ აჟიტირებით ადრე ბავშვები რომ ეკიდებოდნენ ტროლეიბუსებს. გეგმები შეიცვალა კი არა სრულიად ამოტრიალდა, საოცნებო აია-სოფია ვერ ვნახე, რადგან დასვენების დღედ მაინდამაინც ორშაბათი ქონიათ გამოცხადებული, ჩემი ერთადერთი თავისუფალი დღე სტამბოლში. მეგობრებთან დაკავშირებაც ვერ შევძელი, რადგან ისინი და მე ყოველთვის სტამბულის სხვადასხვა მხარეს ვიყავით, თუმცა კონცერტის დღეს სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის უზარმაზარ სტადიონზე უამრავ ადამიანში სრულიად მოულოდნელად მაინც გადავეყარე ჩემს ორ მეგობარს და ეს ნამდვილ კოსმიურ სასწაულად ჩავთვალე.
საოცარი ატმოსფერო იყო, რადგან კონცერტის მეამბოხე თემატიკა უნისონში იყო იმჟამად თურქეთის მოსახლეობაში არსებულ რევოლუციურ ტალღასთან და ძალიან ამაღელვებელი იყო პინკ ფლოიდის მუსიკისა და თურქი მებრძოლი მოქალაქეების დიალოგის ნაწილად ყოფნა. როჯერმა ის სიმღერეები შეასრულა ცოცხლად, რომლებსაც აგერ უკვე წლებია ვიზეპირებდით ჩვენი მეოცნებე ყურებით და მიჭირდა დაჯერება, რომ მათ იუთუბში კი არა ცოცხლად ვუსმენდი.
“Together we stand, Divided we fall” (ქართულად “ერთად ყოფნა დაგვილოცე, ღმერთოოოო”) – ერთდროულად მღეროდა და მოგვიწოდებდა ასაკისთვის შეუსაბამოდ ენერგიული უოტერსი და მართლაც არასოდეს მიგრძვნია ადამიანებთან ისეთი ერთობა და ჰარმონია როგორც იმ კონცერტზე და როგორც სტამბოლში. ჩვენ ყველანი როკ – კულტურის თავისუფალი და სიყვარულით ანთებული ბავშვები ვიყავით, რომლებსაც თამაშს და გართობას არავინ უშლიდა, პირიქით, თითქოს ეს ქალაქი ამით ცხოვრობდა, ადამიანური ხმაურითა და გულწრფელი გრგვინვით. სცენაზე სიმბოლური კედელი ინგრეოდა და ყველა ჩვენგანში არსებული ყინულის კედელიც ალბათ ცოტათი ლღვებოდა, ახლა არც მჯერა, მაგრამ მაშინ ყველა იქ მყოფთან ჩახუტება მინდოდა. კონცერტი დასრულდა, ჩვენ მოედანს ზემოდან გადავყურებდით დიდხანს და ვცდილობდით კარგად დაგვემახსოვრებინა, რომ ამის ნაწილი ვიყავით, ხანდახან ერთმანეთს შევხედავდით, გიჟურად ვიცინოდით და ვიმეორებდით „აუ, არ მჯერა“.
მოედნიდან სახლამდე მისვლა ცალკე თავგადასავალი იყო, მეტრომდე გავლილი კილომეტრების შემდეგ უიმედოდ ვიდექით ბაქანზე და არ ვიცოდით მატარებელი გამოივლიდა თუ არა, ლოდინის შემდეგ ბოლო მატარებლის მოსვლას მქუხარე ტაშით შევხვდით, ვაგონში შესული ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები კი ღიმილს ვერ ვთოკავდით და გულუხვად ვურიგებდით ერთმანეთს. მეტროს გვიან მგზავრებს პოლიციელებიც ღიმილით და თურქული შეძახილებით გვაცილებდნენ და ჩვენს ზურგს უკან ჩამოკეტეს რკინის ჟალუზი. ღამის ქუჩები ისეთი თბილი იყო და ისე მალე აივსო ჩვენი ხმაურით, სიმღერით, ყვირილით, რომ მეგონა იმ სამყაროს მივაგენი, რომლის ნაწილიც დიდი ხანია მინდოდა ვყოფილიყავი. ამ ქალაქში შეგვეძლო გვერბინა ბავშვებივით, გაგვეწუწა ერთმანეთი წყლით და არავინ გვიყურებდა ბრაზით, გვიღიმოდნენ და მხიარულებისადმი სიყვარულს ამჟღავნებდნენ.
თბილი ქალაქი რომლის ჰაერიც მზით, ზღვით და ღიმილითაა გაჟღენთილი, რომლის ეგზოტიკასაც ჩემი საყვარელი ყავის მოხარშვის ტრადიცია და თევზის შაურმა აგვირგვინებს, ძალიან მალე გახდა ჩემთვის ძალიან ახლობელი. ყოველი იქ გატარებული წუთი ისეთი სიხალისით მავსებდა, როგორიც ბავშვობის მერე არ მიგრძვნია. მოგზაურობა კი ნამდვილად აახლოებს ადამიანებს, ვერასოდეს დათმობთ მეგობარს, რომელთან ერთადაც ახლად აღმოჩენილი სამყაროს მსუყე მომენტები გაიზიარეთ.
დრო მოგონებებს ახუნებს, მაგრამ სტამბოლის მზე ისევ ისეთი ჩახჩახაა ჩემთვის და ახლაც გულისცემა მიჩქარდება, როცა მათ ფარდაგებიან მაღაზიებზე ვფიქრობ, ნაყინის და მოხარშული სიმინდის ურიკების რიხრიხი კვლავ ერთვის ტრავმაის გამაყრუებელ გასრიალებას. ევროპული ქალაქებიც მიყვარს როგორ არა, ვგიჟდები მათ კოპწია სახლებზე, ფართო ქვაფენილიან ქუჩებზე, მაგრამ ყურებამდე მხოლოდ მაშინ მეღიმება, როცა სტამბოლზე ვფიქრობ. სიამოვნებით დავბრუნდებოდი ყველგან, სადაც ვყოფილვარ, მაგრამ სტამბოლი
გაცილებით ჯადოსნურად მახსოვს, ალბათ აღმოსავლური ზღაპრების მომხიბვლელობა რომ არ დაკარგა იმიტომ, იქ ჯერ ისევ შეგიძლია იყო საკუთარი ბავშვობის მემკვიდრე ისე, რომ არ შეგრცხვეს, ისე რომ არავინ გააბრაზო. იქ სოციალური
პრობლემები ვერ შლის ღიმილს და ადამიანებს შორის ბუნებრივად არსებულ კავშირს, მგონია, რომ ბოსფორი ყველას ჩუქნის ზღვის ბრიზის ფრთებს და ყოველთვის, როცა ჩემი ხასიათი ფარფატა ხდება, სულ სტამბოლი მახსენდება, რომლის ქუჩებშიც დაუღალავად შეიძლება სიარული და ღიმილი.