მოგზაურობა? – კი ეს ცხოვრების აზრია და ვერ წარმომიდგენია ეს საოცარი შეგრძნებები რაც მოგზაურობას ახლავს რომ რამემ ჩაანაცვლოს… რომელმა ტანსაცმელმა, ოქრომ, მობილურმა, მანქანამ და საერთოდ რა უნდა იყოს რომ მოგზაურობაზე უარი მათქმევინოს?
თქვით უარი 300 ლარიან შარვლებზე და 2 000 ლარიან ტელეფონებზე და იმოგზაურეთ… ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო ვინც უამრავ ფულს ხარჯავს ძვირფასეულობაში… გასაგებია ყველას თავისი ხედვა აქვს, მაგრამ ერთხელ მაინც გაუსინჯეთ გემო მოგზაურობას და შემდეგ ვერ გაჩერდებით…
მოგზაურობას აქვს სამი საოცარი შეგრძნება და სიამოვნება…
პირველი დაგეგმვა, როდესაც რუკას უყურებ და გეგმავ თუ სად წახვიდე საიდან რომელ ქალაქში გადახვიდე და როგორ აჯობებს… ერთი სიაოვნებაა ეს თავისი ემოციებით…
მეორე არის უკვე ლოდინის სიამოვნება წასვლამდე… უკვე დაგეგმილი რომ გაქვს და ელოდები, წუთებს წამებს ითვლი…
მესამე კი წასვლის პროცესი და შეგრძნება იმ ახალი ადგილების სადაც მიდიხართ…
იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ჩვენი სამყარო… ეს არის ის რაც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ… სამოგზაუროდ რომ თანხა გადავდო ძვირფასეულობა კი არა ტანსაცმელი ლამის სანამ არ შემომეხევა მანამდე არ ვყიდულობ… შეიძლება ბევრს გაეცინოს მაგრამ მოგზაურობას რაც ახლავს ის ყველანაირ ტანსაცმელზე და ყველანაირ ძვირფასეულობაზე ღირებულია ჩემთვის… ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი ქონება.
მოგზაურობა ჯერ კიდევ პატარაობიდანვე მინდოდა, განსაკუთრებით მიყვარდა სათავგადასავლო ამბების მოსმენა… რომ გითხრათ ზოგადად კითხვაზე ვგიჟდებოდითქო მოგატყუებთ, მაგრამ ვგიჟდებოდი სათავგადასავლო წიგნებზე – ჟიულ ვერნი იყო და იქნება ჩემთვის ცხოვრების მეგზური. როდესაც მის წიგნებს ვკითხულობ მგონია რომ მეც იქ ვარ და ვმოგზაურობ… ამიტომ სულ მინდოდა იგივე შეგრძნებები მქონოდა მეც და ვიცოდი რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი… ასევე ერთ -ერთი ადამიანი ვინც მოგზაურობა შემაყვარა ეს ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო მურმანი მასწავლებელი. ადამიანი რომელიც გვიყვებოდა მისი მოგზაურობის ამბებს, რომელსაც მთელი მსოფლიო ქონდა მოვლილი და ამ ყველაფერს ისე საინტერესოდ ყვებოდა რომ შეუძლებელი იყო რომ ამ ყველაფრით არ დაინტერესებულიყავი. სამწუხაროდ გარდაცვლილია ეხლა და ამ სიტყვებს ჩემგან ის ვერასდროს გაიგონებს, მაგრამ იცოდა მან ჩემი გეოგრაფიის და მისდამი სიყვარული. დავამატებ იმასაც რომ ჩემთვის საყვარელი გაკვეთილი იყო გეოგრაფია. ერთადერთი გაკვეთილი რომელზე გაჩერება არათუ მეზარებოდა არამედ პირიქით მიხაროდა.
ჩემი პირველი მოგზაურობა კი საზღვრებს გარეთ არც ისე ადრეულ ასაკში იყო… პირველად 19 წლის ასაკში მომიწია საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ეს იყო სხვა ეტაპი ჩემ ცხოვრებაში… ვიგრძენი რომ მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებდი მოგზაურობისთვის…
პირველად სომხეთში მომიწია წასვლა და როგორც კი ერევანში ჩავედი თავი მსოფლიოს დამპყრობელი მეგონა..
მის შემდეგ უამრავ ქალაქში და ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ პირველი მოგზაურობა საზღვრებს გარეთ მაინც სხვანაირად გამახსოვრდება… ყველაფერს ვაკვირდებოდი… წვრილმანებსაც კი… ეს იყო ძალიან მაგარი შეგრძნება…
და იმ დღეს ვიგრძენი, რომ სხვა სამყაროში შევდგი ფეხი და ეს იყო მოგზაურთა ცხოვრება…
2017 წელს კი ფეისბუქზე მეგობრების თხოვნით ფეიჯი ”მოგზაური მე” (ეს სახელი ჯერ კიდევ 2009 – 2010 წლიდან მქონდა ზედმეტსახელად) შევქმენი და ჩემი მოგზაურობის ამბების წერას შევუდექი და მოხდა ის რასაც ნამდვილად არ ველოდი, ეს იყო უცბად მოპოვებული პოპულარობა და სიყვარული ხალხისგან. მე ვწერ ჩემ გამოცდილებას ჩემს ბლოგზე და ვეხმარები პირადში მიწერით ძალიან ბევრ ადამიანს და ეს ყველაფერი პოზიტივით მავსებს და დიდ სტიმულს მაძლევს რომ უფრო მეტი და მეტი ვიმოგზაურო.
და ბოლოს გისურვებთ მშვიდობას და ბევრ მოგზაურობას.