მოგზაურობა – კიდევ უფრო მეტი ფერი შენს ცხოვრებაში

  • Home
  • ბლოგები
  • მოგზაურობა – კიდევ უფრო მეტი ფერი შენს ცხოვრებაში

ანდალუზიის მოგზაურობა უკან მოვიტოვე, ვზივარ სტამბულის აეროპორტში. მთელი 5 საათი მაქვს ლოდინის დრო, სანამ თვითმფრინავი სტარტს თბილისისკენ აიღებს. წვიმით სველდება ფანჯრები და მათ მიღმა კიდევ უფრო რომანტიულად ჩანს თვითმფრინავების აფრენა-დაფრენა.  ვცდილობ თბილისში გაფრენამდე დრო გავიყვანო. საკმაოდ დაღლილი ვარ იმისთვის რომ წიგნის კითხვაზე კონცენტრირება მოვახდინო და დასახმარებლად სმარტფონს მივმართავ. ფეისბუქზე საინტერესო პოსტი მხვდება თვალში: თუ გიყვარს მოგზაურობა, ხარ კრეატიული და გიყვარს წერა, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! უცბად ვფხიზლდები. მოგზაურობა, წერა და კრეატივი… რა გინდა მეტი ინატრო, რომ დრო პროდუქტიულად გაატარო. მოვიმარჯვე გრანადაში ნაყიდი ახალი დღიური და ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად ვეცადე სრული კონცენტრაცია წერაზე გამეკეთებინა.

მიყვარს მოგზაურობა, ილუმინატორიდან დანახული სამყარო სულ სხვანაირია, შორეული და მიმზიდველი, მას საზღვრები არ აქვს და ზემოდან უსაზღვრო ქვეყნის ყურება ძალიან სასიამოვნოა. მოგზაურობა ბევრ საზღვარს შლის. სტერეოტიპებს ებრძვის. მტრის ხატის შექმნა ჩავენს დროში აღარ არის იოლი საქმე და მგონია, რომ დღევანდელი არატოლერანტი ადამიანი უფრო მეტად დამნაშ ავეა ვიდრე ოდესმე, რადგან არასდროს ყოფილა სამყარო ალბათ ასეთი გახსნილი და ხელმისაწვდომი, როგორც დღესაა. მოგზაურობა ემოციურად  ისე გაკავშირებს ამა თუ იმ ქვეყანასთან თუ ხალხთან, რომ ვეღარასდროს იქნები გულგრილი მათ მიმართ და ყოველთვის, როცა ახალ ამბებში ყურს მოკრავ ნაცნობი ქვეყნის ნაცნობ ადგილს სულ სხვა გულის-ყურით მოუსმენ მას და ემოციებიც მოგეძალება.

ხო, ამჯერად ანდალუზიაზე მინდა გითხრათ ორი სიტყვა. ალბათ, იშვიათად აღმოჩნდებით ქვეყანაში, სადაც დილას კარზე მასპინძელი გიკაკუნებს, რომელსაც ხესუსი ანუ ქართულად არც მეტი არც ნაკლები იესო ჰქვია, და როდესაც კარს აღებ სახე ებადრება და ახლად დაწურულ ფორთოხლის წვენს გაწვდის. ის რომ ინგლისური თითქმის არ იცის ხელს სრულებითაც არ უშლის კომუნიკაციაში. ეს არის პირველი შტაბეჭდილება მალაგაში.

მალაგა საპორტო ქალაქია ხმელთაშუა ზღვის ნაპირას. როდესაც თვითმფრინავი დაშვებას იწყებს, წყალს ისე უახლოვდება რომ გგონია სადაცაა შეეხება მას. ზღვის უსაზღვრო ჰორიზონტს გავცქერი და მალაგას ყველაზე ცნობილი შვილი მიდგება თვალწინ თავისი კუბისტური ნამუშევრებით. ეს ჰაერი ჩაისუნთქა და გადაწყვიტა ფერებითა და გეომეტრიული ფიგურებით ელაპარაკა ჩვენთან, რომ ადამიანი მისი სხეულის მიღმა დაგვენახა.

ფერადი, ღია, სტუმართმოყვარე, მჩქეფარე, მზიანი და მხიარული. ასეთია ჩემთვის ანდალუზია. ევროპის უკიდურეს სამხრეთში განლაგებულს, ხმელთაშუა ზღვისთვის გაუხსნია გული, გიბრალტარის სრუტიდან მხოლოდ 14 კმ. აშორებს აფრიკას და საუკუნეების მანძილზე ზღვიდან წამოსულ პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. თუმცა ამის სანაცვლოდ ზღაპრულ სასახლეებს და ქალაქებს იღებს, რომლებიც დღესაც 1001 ღამის სამყაროში გამოგზაურებენ. ის მავრიტანული არქიტექტურა, რასაც მრავლად ვხვდებით ანდალუზიის მხარეში კიდევ უფრო ამდიდრებს და საინტერესოს ხდის მას.

როდასაც თავად კავკასიონის ჩრდილქვეშ გაიზარდე, მყინვარწვერს, უშბას, თეთნულდსა და შხარას ეტრფი, ძნელია ევროპაში სხვა მთებმა მოგხიბლოს, თუმცა მთებში ჩაკარგული პატარა, თეთრი, ესპანური სოფლები და ქალაქები მართლაც საოცრებაა: კადისი, რონდა, გრანადა, კორდობა…

ტერასებად შეფენილი თეთრი სახლები, ვიწრო, ნაწილობრივ კიბე ქუჩები ესპანური ისტორიის ლაბირინთში შეგიტყუებენ, საიდანაც ძნელია თავი დააღწიო ისე, რომ ეს ქვეყანა ყურებამდე არ შეგიყვარდეს. აქ ალჰამბრას კედლები მავრი ნასრიდების დინასტიის ისტორიას გიყვებიან და ეგზოტიკურ აღმოსავლურ კულტურასთან გაზიარებენ. ის იმდენად შთამბეჭდავია, რომ კათოლიკების გამარჯვების შემდეგაც კი ვერავინ შეჰბედა დანგრევა და დღესაც ყველა მნახველს საოცრებათა სამყაროში ამოგზაურებს. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც კორდობა აღმოჩნდა. მსოფლიოში უამრავი მეჩეთი და უამრავი ქრისტიანული ტაძარი არსებობს, თუმცა ამ ორის ასეთი იდეალური, 1000 წლიანი ალიანსი იშვიათი სანახავია. როდესაც ფერადი თაღების და სვეტების ტყეში შეაბიჯებთ საოცრებათა სამყაროში აღმოჩნდებით.

ნებისმიერი ქვეყნის აღმოსაჩენად აღქმის ხუთივე გრძნობა უნდა ჩართო, რომ მას მეტად მიუახლოვდე: შეხედეთ და დატკბით ღირსშესანიშნაობებითა და ახალი ლანდშაფტებით, შეეხეთ მის კულტურას, უსმინეთ ხალხსა და მათ მუსიკას, დააგემოვნეთ კერძები და მიირთვით სასმელები, რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი გულით შეიგძენით. მაშინ სულ სხვანაიად აგეხილებთ თვალი, სამყაროც არ დააყოვნებს და თავისი საოცარი მრავალფეროვნებითა და სიჭრელით აღგაფრთოვანებთ.

სადაცაა ჩემს რეისზე ჩასხდომა დაიწყება. ქართველები მოგროვდნენ და ახმაურდნენ. მგონი, დროა შემდეგ მოგზაურობამდე დაგემშვიდობოთ, ვიდრე ჩემს პირად მსოფლიო რუკას და მსოფლმხედველობას კიდევ ერთი ახალი ფერი შეემატება, რომლის შესახებაც სიამოვნებით მოგითხრობთ.