მოგზაურობა 2193 სიტყვაში

გამარჯობა, მე ვარ ეთო. ერთი ფრთაფარფატა გოგო. ამის მიუხედავად შემიძლია ზომისა და წონის მიუხედავად მხრებზე შეგისვა და ჩემთან ერთად გამოგზაურო. სად? რომელიმე ეგზოტიკური ქვეყანა ხომ არ გინდა? იქნებ აზიური ფერებით გინდა აჭრელდე? ან იქნებ ფრანგული გოთიკისკენ მიგიწევს გული? კოვზი ნაცარში ჩაგივარდა, არანაირი აზიურ-ევროპული ეგზოტიკა არ იქნება, ან იქნებ იქნება კიდეც , არ ვიცი, გემოვნების საკითხია, შენ თვითონ გადაწყვიტე.  მოიცადე, ყოყმანობ? არ იცი წამომყვე თუ არა? ესეიგი მეტი დამაჯერებლობა მჭირდება..  კარგი! მაშინ ტრიბუნასთან დავდგები და ისე გეტყვი !  ადამ-იანო, თუ წამოხვალ გაიგებ ვინ ხარ, თუ წამოხვალ ისწავლი როგორ და რატომ გიყვარდეს საკუთარი თავი და ქვეყანა, თუ წამოხვალ უფრო მეტად სამართლიანი და კეთილი გახდები და მიხვდები რა ბედნიერი ხარ. რა ბედნიერი ხარ უბრალოდ იმიტომ რომ ხარ. ჰომმ.. აი ასეთი ამბებია.. აჰჰ !! ესეიგი შევთანხმდით. მაშინ აჰა ჩემი მხრები და როგორც გითხარი წონის ნუ შეგეშინდება… ჩავიმუხლე , ფრთხილად , მშვიდად მშვიდად, ნუ ღელავ. კი კი 49 კილო ვარ მაგრამ სიმძიმეს ვიტან.. ხო, ხო აი ასე, აიიი……….. ჰოპ !! მზად ვართ, წავედით !

მოკლედ, ჩემო ახალო მეგობარო, 2 წლის წინ როცა პირველად გავიგე რომ ჩვენი სპექტაკლით მთელი საქართველო უნდა შემოგვევლო რათქმაუნდა გამიხარდა. რატომაც არა ! მშვენიერი იქნებოდა ჰაერის გამოცვლა და პირველი გასტროლები ჩემს სამსახიობო კარიერაში, მაგრამ ამ ჩემს არც ისე ცარიელ ტვინს, მიუხედავად თავისი არცისეცარიელობისა, ბევრი რამე გამორჩა.. კარგი ხო, რა ქნას, ეპატიება, წინასწარ როგორ უნდა გაეზომა 2 თვიანი მოგზაურობის ბედნიერობანი.  მოკლედ 7 თვის ბავშვი ბებიებთან გავამწესე, გუდა-ნაბადი ავიკრიფე, ყურსასმენები მოვმართე , მოცარტის “ჯადოსნური ფლეიტა“ ავაღრიალე, ფანჯასთან ადგილი ჩემ მეგობრებთან დიდი ბრძოლის მერე დავიპყარი და დავადექ გზასა ჩემსა შეუცნობელსა.

გეგმა გაწერილი იყო. უნდა შემოგვევლო გურია, სამეგრელო, აჭარა,სვანეთი, ხევი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა. რა? არ მესმის. თავი დაბლა ჩამოწიე! ჰო. ყველგან ნამყოფი ხარ? კარგი, კარგი , მაცადე, ნუ მაწყვეტინებ ! ვიცი როგროც ხარ ნამყოფი, შენი ერთი ჩანთით და 20 მეგობრით, ლამაზად დაიარებოდი და ათვალიერებდი ხედებს, მუზეუმებს და ციხეებს , ან სულაც არ ათვალიერებდი, შეიძლება ჩასვლისთანავე სადმე დააგდეთ კარვები, ბევრი დალიეთ, მეორე დღეს შუადღეს გამდნარებმა გაიღვიძეთ გადახურებულ კარავში და ჰოპ! ისევ თბილისის გზას დაადექით. მშვენიერია აბა რა, ნამდვილად შემოგვლია საქართველო. კარგი… არ გაკრიტიკებ. შეიძლება მეც ეგრე მოვქცეულიყავი რომ არა ჩემი მოგზაურობის ფორმატი. ჰო  რაც შეეხება ამ ფორმატს: ჩავდიოდით, ვთამაშობდით, ღამეს ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში ვათენებდით, მათ გამომცხვარ ხმიადებს ვჭამდით და ვისმენდით დაუსრულებელ ისტორიებს ქალაქზე,ისტორიაზე, ადამიანებზე, ოცნებებზე, სურვილებზე, გარემოებებზე, სიყვარულზე, მორალზე, შეგრძნებებზე.  45 დღეში, საქართველოს 25 დასახლებაში მოხვედრის შემდეგ ალბათ ბოლომდე ვერ წარმოგიდგენია რამდენ  საინტერესო თვალებს შევხვდებოდი..

მე აღმოვაჩინე აქამდე უნახავი ყაზბეგი ერთ პატარა პანსიონატში, სადაც ჭრელთვალა მოხევე ბავშვები ისეთი თვალებით შემოგვცქეროდნენ თავი ოლიმპოს მთის ღმერთი მეგონა. არადა  მინდოდა ყველას ჩავხუტებოდი და მეთქვა – ღმერთმანი, რას ამბობთ  მეგობრებო,თქვენი ჭრელი თვალების ჭირიმე, მე ღმერთი კი არა ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,ჩვეულებრივი ისტორიებით, მაგრამ აი თქვენ … აი თქვენ ხართ ყველაზე დიადი ღმერთები, ოჯახს მოშორებულები ამ მთაზე შემომდგარ პანსიონატში რომ ცხოვრობთ, სწავლობთ და გჯერათ მომავლის. და ყოველ დილით  ამ პატარა ორღობეებს, გერგეთის სამებას და ცხრათვალა მყინვარწვერს რომ უყურებთ მინდა იცოდეთ რომ ეს ბედნიერებაა. სიჩუმეში ჩაყუჩებული ბედნიერება. ღამე გავათენე მარტოხელა სნოელი ქალის სახლში, თბილი „ფეჩის“ გვერდით, რკინის ძველებურ, ჭრიჭინა საწოლზე მეძინა,  დილით ყინულივით ცივი წყლით დავიბანე პირი და მზის სხივებში უცნაურად გადამღვალ ხოტორა მთებს ავხედე. ძალიან დაძაბულმა ვისაუზმე დედათა მონასტერში, ვუყურებდი დედაოებს და ვცდილობდი წარმომედგინა როგორია მათი ცხოვრება, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, როდესაც თავის მშვენიერ ბაღს უვლიან, როდესაც ლოცულობენ, როდესაც იძინებენ… საინტერესოა…  მათი მოყვანილი კარტოფილი შევახრამუნე, მათი გაკეთებული ყველი , თაფლი და კიდე სხვა ნაირნაირი სიტკბოებანი ამა ქვეყნისანი დავაგემოვნე. იქიდან დარიალის ხეობაში მოვხვდი.. ამ უზარმაზარი მთების ქვეშ ყველაზე მეტად ვიაზრებდი ადამიანური ყოფის უსუსურობას.. საზღვარს გავხედე.. არადა იგივე მთებია, იგივე მდინარე, მაგრამ ერთი ხაზი, რამდენიმე მესაზღვრე, შენი პასპორტი და ჰოპ სრულიად სხვა ქვეყანაში ხარ.. და ვფიქრობდი რომ ყველაფერი მოგონილია, ადამიანების მოგონილი, დაჩეხილი და დანაწევრებული.. ბოლოს კიბეებ ჩამონგრეულ კოშკზე ავძვერი სულ, სულ, მაღლა , ჰაერი დიდი ნაპასივით ჩავისუნთქე, გადავხედე ჰორიზონტს, შემდეგ თვალები მაგრად დავხუჭე და პირველად ვთქვი : რაყოფილასაქართველო ნაწილი 1

შემდეგ გაინტერესებს რა იყო? პირდაპირ ფრონტის ხაზზე ამოვყავი თავი, შიდა ქართლში ქართველების საგუშაგოს ჩავუარე და გზადაგზა აგვისტოს ომის ისტორიები მოვისმინე. დაცარიელებულ სახლებს ვუყურებდი, კედლებზე ნატყვიარებს, ჩამონგრეულ ფანჯრებს.. ნიქოზის ერთ პატარა , ძალიან კეთილმოწყობილ ხელოვნების სკოლაში შევიარეთ. გავიგე აქ როგორი მონდომებით ასწავლიან ბავშვებს ხატვას,  მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, თექაზე მუშაობას, ქსოვას, ანიმაციას, ინგლისურს, კლდეზე ცოცვას. ვნახე შიდა ქართლის სხვადასხვა სოფლებიდან როგორ მოდიან ამ სკოლაში ხელოვნებით შეპყრობილი ბავშვები , შევხედე მათი ნამუშევრებს , მათ დატოვებულ ცარიელ მერხებს, ფურცლებს, დერეფნებს და კიდე ერთხელ ამოვაჩინე სულ სხვანაირი საქართველო. გსმენია რამე „შინდისის ბრძოლაზე“?  არა? არაუშავს , არაუშავს.. შენ არ ინერვიულო, მეც არაფერი ვიცოდი, მანამდე სანამ პირდაპირ მემორიალთან არ ამოვყავი თავი. და უცებ აქამდე სრულიად უცხო ლიანდაგი და ჩამონგრეული შენობა ჩემს თვალში სულ სხვანაირად გაცოცხლდა. ვისმენდი ისტორიას როგორ იბრძოდა აქ 12 ქართველი ჯარისკაცი, როგორ სტკიოდათ, როგორ უყვარდათ, როგორ ენატრებოდათ. ვუყურებდი მათ ნატყვიარებ ჩაფხუტებს, ჯვრებს, ტყვიებს, ფეხსაცმელებს და ჩემს თვალწინ რაღაც საზარელი სცენები ცოცხლდებოდა. წარმოგიდგენია როგორ ეჭირათ ეს ჯვრები? როგორ სწამდათ სიკვდილზე გამარჯვების? როგორ ოცნებობდნენ მომავალზე 21-22 წლის ბიჭები? არა! არ წარმოგიდგენია…  მე ვტიროდი. ხო ვტიროდი. დიდი ამბავი ეხლა, ხომ გითხარი ფრთაფარფატა გოგო ვართქო. კარგი. მოვრჩეთ.. ბოლოს სპექტაკლი ეკლესიის ეზოში , პატარა ხის შენობაში ვითამაშეთ. მერე ამ შენობის აივანზე ავედით. იქიდან ცხინვალს გადავხედე, მის თავზე აფრიალებულ უცხო დროშას  მივაშტერდი, ჰაერი ისევ ღრმა ნაპასად ჩავისუნთქე, თვალებიდან ცრემლები გადმოვღვარე და მეორედ ვთქვი : რაყოფილასაქართველო ნაწილი 2

წვიმა, გზა სულ ნისლიანია..ძალიან ცივა. სამცხე-ჯავახეთისკენ მივდივართ ძვირფასო.. ხედავ გზაზე ტბებს? რაღაც უცნაურ ველებს?  როგორი დანგრეული სახლებია არა? გინახავს რომელიმე კუთხეში ასეთი სახლები? არა, არც მე… რაღაც უცნაურია. აქ პირველად ვარ. უუუუ, შეხედე ფარავნის ტბა რა ლამაზი ყოფილა. რამხელაა.. მოდი ჩავიდეთ და  ცოტა შევისვენოთ.. არა? რატომ? აა მართალი ხარ, ნამდვილად ძალიან ცივა, არ ღირს… როგორი სიცარიელეა და რაღაც უცნაური სევდა. ალბათ პირველად ნახვის ეფექტია, არ ვიცი.. აქ ქართველები  ძალიან ცოტანი რომ არიან იცოდი? დიახ, დიახ, ზოგ სოფელში საერთოდაც არ უშვებენ.. ეხლა მაგალითად აქ რომ გავჩერდეთ მგონი არც ისე კარგი დღე დაგვადგება. ახალქალაქი. აი გამოჩნდა შუქნიშნებიც, ბაზრობა, საქმიანად მოსიარულე ხალხი, საარჩევნო პლაკატები… მოიცა მოიცა, ქართულ წარწერას სადმე ხედავ? ჰმმმ.. სად ვართ? ვერაფერი გამიგია… კულტურის სახლში შევდივარ, მხოლოდ სომხური ენა მესმის, ტელევიზორში სომხური სატელევიზიო შოუა ჩართული, კედლებზე უცხო ადამიანების პორტრეტებია, არც შოთა ჩანს, არც ილია , არც ვაჟა, არც აკაკი,  კედელზე 2002 წლის კალენდარი კიდია, ფანჯრის რაფაზე ძველებური ტელეფონი დევს, ამხელა საბჭოთა მონსტ შენობას მხოლოდ ერთი „პლიტა“ ათბობს..  რა გითხრა.. მეშინია.. ძალიან უცხოდ ვგრძნობ თავს… ტანჯვით ვთამაშობთ სპექტაკლს..  უზარმაზარი დარბაზი   სრულიად სავსეა , აქედან 90 პროცენტი არაქართველი მაყურებელია, ჩვენი ხმა მათ ხმას ვერ აჭარბებს.. უჰჰ, როგორც იქნა დავამთავრეთ.. გაბრაზებულები ვართ, ძალიან გაბრაზებულები, და ამ გაბრაზებულზე კიდევ  უფრო დიდი სიამაყით ვმღერით მრავალჟამიერს. აჰ ეს მამა ალექსანდეა.. ის თბილისიდან  ახალქალაქში გადავიდა, ოჯახიც თან წაიყვანა, იქ დასახლდა და ახალქალაქის ცენტრში ერთ პატარა ეკლესიას უვლის. ამბობს ნელნელა საქმე კარგად მიდის, ისე ძალიან აღარ გვავიწროვებენ, ნელნელა დავმეგობრდით და უკეთესი მომავლის იმედი გვაქვსო.. ხედავ როგორი კეთილი თვალები აქვს? ასე მგონია ეს თვალები ყოველთვის იცოცხლებენ.. დარბინიანის ქუჩა.. აქ რა ხდება? პატარა ეკლესია… ვაჰ.. მე მგონი საერთოდ არაფერი ვიცოდი.. აქ ტურინის სუდარის ზუსტი ასლი რომ ინახება შენ გაგიგია?  შევდივართ… გაოგნებული ვარ ჯერ ეკვდერის მოხატულობით მერე თვითონ სუდარით.. და ვისმენ ისევ ახალქალაქურ ისტორიებს წარსულზე, აწყმოზე, მომავალზე, განვლილ ბრძოლებზე.რომელი ერთი მოვყვე..  მოდი ფოტოც გადავიღოთ ეკლესიის ეზოში,მამა ალექსანდრეც არ დაგვავიწყდეს..ერთი , ორი, სამი, ჩიიიიიიიზზ…

ეს ყველაფერი არ არის.. აი ეს ქალბატონი ლელაა … როგორი მტკიცე მზერა აქვს არა? ხო ისიც ახალქალაქის გმირია, არა, რა სისულელეა მარტო ახალქალაქის კი არა, ზოგადად საქართველოსი. ქართულ სკოლას უდგავს სათავეში,მის ნიადაგს ამყარებსს, და ისიც ამბობს, ნელნელა უფრო მეტი ადამიანი სწავლობს ქართულს, ყველაფერი ძალიან რთულია მაგრამ შესაძლებელიო. სკოლა.. მშვენიერია.. საკმაოდ ბევრი ბავშვი ჩანს არა? თვალებში უყურე, შეგიძლია წარმოიდგინო მათი ყოველდღიურობა, მათი ფიქრები, ოცნებები, სირთულეები.. როგორი კარგები არიან, ფერადები, ნეტა თუ ხვდებიან რომ ძალიან მაგრები არიან.. შენზე და ჩემზე ძლიერები. სპექტაკლს სკოლაშიც ვთამაშობთ სპეციალურად ქართველებისთვის…  პარტერი გასუსულია, ასე მგონია არც კი სუნთქავენ..ასეთი სიჩუმე შესაძლებელია? კარგი .. აი ვამთავრებთ.  ტაშის ხმა გემის? არ ჩერდებიან. რა მაგარია .. თავი ავწიე, წინ  ბავშვების მადლიერი თვალები მხვდება.. ოო არა , მრცხვენია.. ეს მე ვარ თქვენი მადლიერი კარგით რა.. როგორ მინდა მაგრად ჩაგეხუტოთ და გითხრათ რომ ყველაზე მაგრები ხართ..  ვტირი.

ღამეა.. ახალქალაქის ერთ პატარა საყვარელ ოჯახში ვარ.. სკოლის მასწავლებელი ქალი გემრიელი ვახშმით გვხვდება.. და იწყება ისევ საინტერესო ახალქალაქური ისტორიები შვილებზე, ადამიანებზე, საქართველოზე, იმედზე..ქურთუკი შემოვიცვი,  ეზოში გავედი, ვიწრო ქუჩას დაჟინებით მივაშტერდი, ჰაერი უზომოდ დიდ ნაპასად ჩავისუნთქე და ისე ვთქვი: რაყოფილასაქართველო ნაწილი 3

ოდესმე ნერვები მოგშლია მეგრელები ასე რატომ ამაყობენ სამეგრელოთიო? კი? ხოდა ეხლა შენი ნერვების მოშლა უკან წაიღე.. იცი რა ხდება იქ? მოდი ერთი შევიჭყიტოთ.. ჯერ სახლებს შეხედე , როგორი მოვლილი ეზოებია, როგორი კოპწია აივნები.. აღმოსავლეთში მგონი ვერსად ნახავ ასე კაპიწკინებულ სოფლებს და ქალაქებს. ზუგდიდი .. „მენძელი“- უუ აქ ისეთი საჭმელებია.. სუფრა? სუფრას ხედავ? ასეთი სუფრა ჯერ არსად დაგვხვედრია.. ყველაფერია: ღომი, ელარჯი, ლობიო, სოკო, მწვადი, ქაბაბი .. ამდენს როგორ მოვერიო? არადა ყველაფერი მინდა გავსინჯო.. რა მშვენიერი ყოფილა ზუგდიდი, ლამაზი და აი ნამდვილად ქალაქური ქალაქი.. „მენძელიდან“ პირდაპირ ერთ ზუგდიდურ კოპწია სახლში ვხვდები.. კოპწია მასპინძლები ძალიან გულთბილად გვხვდებიან.. 16 წლის საყვარელი გოგო, რომელსაც ერთი სული აქვს თბილისში გადმოვიდეს საცხოვრებლად, ყვება დაუსრულებელ ისტორიებს ზუგდიდურ ოცნებებზე, ქალაქზე, მოვლენებზე .. არადა მესმის მისი ,მაგრამ თან ვფიქრობ ნეტა ხვდება რა მშვენიერია აქაურობა? არვიცი..  არ ვიცი.. უცებ ლაპარაკში ბაბუა ერთვება, ხვალ დილით თურმე აფხაზეთში მიდის.. ჰმმ.. ისტორიები პირდაპირ აფხაზეთიდან.. შეუმჩნევლად ვტირი.. მაგიდიდან ერთი ცალი წაბლი ავიღე, აფხაზეთიდან ჩამოუტანიათ.. „სალფეტკში“ ნაზად ვახვევ და ჯიბეში ვიდებ.. სამახსოვროდ აფხაზეთისგან…   დადიანების სასახლე, სურვილების ხეივანი, დიდგვაროვანთა გაცოცხლებული ისტორიები, დატოვებული პორტრეტები, მტვერდადებული წიგნები.. მარტვილი.. ულამაზესი კანიონები, დადიანების საზაფხულო სასახლე, ღვინის არაჩვეულებრივი მარანი.. მივდივარ უკიდეგანო ხეივანში და ვფიქრობ , აქ ისინი დადიოდნენ , ოღონდ სულ სხვანაირად დადიოდნენ.. ისინი .. ისინი.. შემდეგ საზღვარი, აფხაზეთის მთები და ვერგადაჭრილი სისხლიანი ხაზი… ვდგავარ ამ ხაზთან, აფხაზეთის ცას ვუყურებ, იქიდან მომავალ ჰაერის ნაკადს დიდი ნაპასივით ვისუნთქავ და კიდევ ერთხელ ვამბობ: რაყოფილასაქართველო ნაწილი 4

ვიწევი,, ჰაერში ვიწევი.. უფრო და უფრო მაღლა, მთებს უკვე ზევიდან დავყურებ.. ცოტა ხანში მგონი უწონადი გავხდები.. ჰმმ… ისეთი ვიწრო გზაა და ქვევით იმხელა ხევები.. მგონი ცოტა მეშინია მაგრამ არ ვიმჩნევ.. ყველამ კი არ იცის რომ ფრთაფარფატა ვარ… აბა სად ვართ თუ მიხვდები? არა! რა ყაზბეგი მანდ ხომ უკვე ვიყავით.. გონება დაძაბე!! სამეგრელოდან სად შეიძლება წავსულიყავით? ყოჩაღ. სვანეთი !! მესტიისკენ მივემართებით ძვირფასო.. შემოდგომის ფერები როგორ უხდება ამ მთებს.. აჰა მესტიაშიც შევედით.. მდინარე, ზედ გადებული ხიდები, პატარა ორღობეები, ყყველა სახლზე ღილივით მიკერებული კოშკები.. ცივა … თავი ცისფერთვალება კეთილი ქალის სახლში ამოვყავი.. თბილ ფეჩთან ვსხედვართ და ამითაც ბედნიერები ვართ. მან კი აღარ იცის რა გადმოიღოს კარადიდან, რითი გაგვიმასპინძლდეს.. თაროდან ახალგაზრდა ბიჭის თვალები მიყურებენ . „ ეს ჩემი შვილია.. 18 წლის იყო როცა ის …. არა,არა ის არ მომკვდარა, ის სულ ცოცხალია და აქ არის ჩემთან“- ამბობს ქალი და ცისფერი თვალები ცრემლებით ევსება. თან იღიმის, ძალიან იმედიანად იღიმის … ახლა გიყვები და გეფიცები 2 წლის შემდეგაც ზუსტად მახსოვს ეს ცრემლიანი ღიმილი..  ბუუმმ!! განგაშია !! ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა.. ფეთიანივით ავრბივარ კიბეზე ჩანთების ჩამოსატანად..ეზოში გამოვდივარ და ჰოი საოცრებავ, უამრავი ხალხი შეკრებილა და ყველა რაღაცით ცდილობს დახმარებას. და აი აქ მე ვნახე როგორ გახდა ერთი პატარა სახლის პრობლემა ყველას პრობლემა.. დიახ, ნამდვილად ვნახე.. მეორე დღეს ფანჯრიდან რომ გავიხედე და გარეთ თოვლი დავინახე  გიჟივით გამოვვარდი შიშველი ფეხებით აივანზე.. ვუყურებდი ნისლიან კოშკებს, ჰაერში ჩაყუჩებულ სიმშვიდეს და ძალიან ძალიან ჩუმად ვამბობდი: რაყოფილასაქართველო ნაწილი 5

ზღვის მდუმარე სანაპირო, ნესტიან ჰაერი .. პატარა , ძალიან მოწესრიგებული სახლები. ისეთი აქამდე არასდროს რომ არ მინახავს.. თბილი ჩაი..  ლექტორი ქალის აღტაცებული ისტორიები ფოთის უნივერიტეტზე და უეცრდ მოგვრილი სურვილი ამ უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების.. ღამის ფოთის სეირნობანი .. მზით განათებული გურია, მანდარინები, სიცხე, ძალიან მხიარული მამაოს პატარა სახლი და მის ეზოში აღმოჩენილი სიკვდილს გადარჩენილი შვლის ნუკრი.. მანდარინები პირდაპირ ხიდან მოვწყვიტე პირველად ჩემს ცხოვრებაში და ჯიბეში ჩავიყარე.. ესეც სახსოვრად გურიისგან..  თითქოს ყველა კუთხიდან მხიარული თვალები მიყურებენ და მზეა, ჩახჩახა მზე.. ჩემს მოკლემკლავიან მაისურს დავხედე, გამახსენდა რამდენიმე დღის წინ სვანეთში ნანახი თოვლი და კიდევ ერთხელ ვთქვი: რაყოფილასაქართველო ნაწილი 6

ნაცნობი ფერებია.. კარგად ვიცნობ ამ  გაყავისფრებულ სახლებს, ნახევრად გაბზარულ კედლებს და დაჟანგებულ ჭიშკრებს.. ეს კახეთია … ყველაფერში რაღაც აუხსნელი ხასიათი ჩანს.. აი ვერც კი ავღწერ ამას რა ქვია..  შეიძლება როგორც თვითონ კახელები იტყოდნენ უნდილობა? ცუდად არაფერი გაიგო, მე თვითონ კახელი ვარ… თოვლიანი გომბორი, ზღაპრული სითეთრე, ულამაზესი მონასტრები, ძველი ნანგრევები და ველები… ველები… თელავის თეატრი .. თეატრი, ნამდვილი თეატრი.. ლაგოდეხის  პატარა და გულიანი თეატრი.. აღუღუნებული „ფეჩი“, მის გვერდით მოკალათებული მოხუცი მსახიობი.. გვერდით ვუჯდები და ვისმენ ისტორიებს  ეს მრავალჭირვარამგადანახული თვალები რომ მიყვებიან. და მე ვტირი.. ისევ ვტირი.. არ მკითხო რატომ.. საოცარი იუმორის გრძნობა აქვთ, ისეთი ვერცერთ კუთხეში რომ ვერ ნახავ და რაღაცნაირი, როგორც თვითონ იტყოდნენ „ჯიგრიანი“ მასპინძლები არიან.. სპექტაკლის შემდეგ  სუფრასთან ვსხედვართ, მრავალჟამიერს ვმღერით და ერთმანეთს ვემშვიდობებით.. მეორე დღეს თბილისის გზაზე ვდგები, ყურსასმენებს ვიკეთებ, ფანჯარასთან ვიკალათებ და ვფიქრობ : რაყოფილასაქართველო ნაწილი 7

ჩამოვედი თბილისში და თან ჩამოვიტანე მთელი საქართველო, სხვადასხვა ფერის თვალები აციმციმდნენ ჩემს ტვინში.. ჩემს აივანზე გავედი და ვფიქრობდი, მაინტერესებდა ახლა რას აკეთებდნენ ჩემი მორცხვი ახალქალაქელები, ჩემი ჭრელთვალა მოხევეები, რა ხდებოდა სამეგრელოს კოპწია სახლებში, ნეტა მენძელში ღომი ხომ არ გააფუჭეს? ის მეცხვარე რას შვება ნეტავ მესტიაში ჩემს ეზოში რომ თამაშობდა, ან გურული შვლის ნუკრი როგორ არის? და აი აქ, ჩემს აივანზე მივხვდი რომ სამყარო მხოლოდ ჩემი აივნიდან დანახული სტადიონი არ არის, და იმასაც მივხვდი რომ აქამდე ასე მეგონა.. საქართველო მარტო დოლიძიდან პუშკინის ქუჩამდე გავლილი მანძილი არაა, არც მარტო ჩემი მეზობელი ლაურა არ არის საქართველო.. საქართველო არის ხიდან მოწყვეტილი მანდარინი, სვანურ კოშკზე დადებული თოვლი, აფხაზეთიდან წამოღებული წაბლი, მთაზე შემომდგარი მშვიდი პანსიონატი და შემოდგომის სიყვითლეში ჩამალული ძველი ნანგრევები. საქართველო ისტორიაა გმირების, უბრალო ადამიანების, დამტვერილი ნანგრევების.. თვალები გაახილე, ფართოდ გაახილე და იგრძენი მთელი საქართველოს პულსაცია..

აბა მეგობარო, დროა ჩემი მხრებიდან მიწაზე ჩამოხტე და მაპატიე თუ ძალიან დაგღალა ჩემმა მოგზაურობა… გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვი, თუმცა ძალიან ბევრი კი დამრჩა მაინც მოსაყოლი.. შენ საპატიო მეგობრის სიგელს გადმოგცემ ამ მოგზაურობაში თავის ღირსეულად დაჭერისთვის … ერთი.. ორი.. სამი.. ჰოპპ.. ჩამოვხტით.. ახლა გაიარე ამ მიწაზე და იმის იმედს დავიტოვებ რომ ჩვენი მოგზაურობის მერე 1 პროცენტით უფრო მეტი გაიგე და 2 პროცენტით უფრო მეტად შეგიყვარდა ის.. კიდევ შევხვდებით.. სიყვარულით ე.ა.