მოგზაურის ჩანაწერები

დრო ღრუბელივით სითეთრეში მიალივლივებს უიალქნო მარადისობას, წამი კი ისევ აჭიკჭიკდა უხმო სონეტების ხმოვან ჩანაწერებში. მზე კვლავ ჩემთან ერთად მოგზაურობს ჩასუნთქულ უსასრულობის ბოლო ამოსუნთქვმდე. ისარიც ისე მოძრაობს სულ არ ენაღვლება მომდევნო კადრის არტისტული თავგადასავლები. ზღვის ზედაპირი ფარატინა ქაღალდივით მელანსა ელის, ბილიკები ნაკვალევს კი უკვე აღარ ითვლიან. მოხეტიალე სულის გამო წარსულსა აწმყო მომავლის წამად შეუზავებია და ელის მომდევნო კადრის მოულოდნელობებს.- ეს სიტყვები ტაილანდში კუნძულიდან კუნძულზე ნავით გადასვლის შეგრძნებებს მახსენებს, როცა მონატრებული ფიქრებით სამშობლოსკენ იჭვრიტებოდა სულის აღმაფრენა და იმ მომენტში ტობა ვარჩხილზე ასვლის განცდები მაგონდებოდა, ღამის პირველის ნახევარზე როგორ მივიწევდით მე და ჩემი მეგობარი ტობას ტბისკენ ქარში და უბედურებაში, მხოლოდ ინტუიციის ანაბარა, როცა ქარმა სამჯერ გაგვტაცა კარავი გაშლის დროს. თუმცა მიზანი თუ დიდია და შეუდრეკელი უკან დახევა შეუძლებელია და მაშინ უკვე – გზა უხილავ ბილიკების გამკვალავ ინსტიქტებს მიყვება. ვერ ხედავ თვალით და მხოლოდ სულის ინტუიციური მჭვრეტელობის ანაბარა მიედინება კეთილი ნებით მართული მორჩილი ბედისწერა. მოყინულ ხელებს თავისკენ იქნევს მკაცრი კლდეების ნეტარება ჯურღმულთა კიდეებიდან მოხეტიალე სულების მისაზიდად. სივრცე რაც უფრო სიღრმეში შედის გაუკვალავ ბილიკზე მით უფრო მძაფრდება შიში საკუთარ სამყაროშივე ჩაკარგვისა, თუმცა მიზანი იმისა რომ სადღაც მწვერვალია და – ის იქ არის – თვით სიკვდილის შიშსაც გუდაში ახვევს და მხრებზე გადაკიდებული ჩანთით მიაქვს ერთჯერად კაპუჩინოსთან და მწყემსების ნაჩუქარ სულგუნთან ერთად. შუაღამის უჩინარ შემდგომ ნაბიჯს კი მხოლოდ მუდამ ერთგული მთვარის მოიმედე სხივი ანათებს. კომპასი საკუთარ მეში არსებული ისართ მწყობრია, რომელიც ერთი ასად ამყარებს სამყაროსთან შეერთების შემართებას გალაქტიკურ შეძახილით: – ,,ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე მე და,,მთვარე” მე და ,,მთვარე”… მიზანთან მისვლამდე კი ხედავ ამ უშველებელ სამყაროში როგორ ემსგავსები ყველაზე უმცირეს მარცვალს, რომელიც უსასრულო სივრცეში უამრავ ნეირონულ მოლეკულათა სელექციით უკვდავების ხედ ნაყოფიერდება და რომლის ტოტებისკენაც მილიარდობით მკვლევარი თუ არქეოლოგი მიიწევს სურვილების შესაბმელად. სხეული ქრება, რჩება მხოლოდ სული და ფიქრი ზეცნობიერი მდგომარეობის ახალ მიღწევებზე, მარტოობის ავანგარდული ეტლებით ასტრალურ თავგადასავლებში. იმ გრძნობის მანძილს კი დაღლა არასდროს აწუხებს, რომელსაც მოხეტიალე სული მიყავს ღრუბლებისაკენ, გაუკვალავ ბილიკებით… – გაშლი კარავს და კოსმიურ ტყეში დაკარგულ ბუსავით ფიქრთა იმპერიაში აგრძლებ ხეტიალს – ბედნირების ძიებაში ჩავლილი ყოველი წუთი სიყვარულით სავსე უსასრულობად გარდაქმნის ხოლმე სევდიან წამში ასახულ კადრებს, ფერადი სივრციდან გარდასახულ თეთრი ფურცლის შავ ჩანაწერებში. ერთი ბავშური გაღიმებაც საკმარისია, გაჩერებული საათის მექანიზმში შეხიზნული მოხეტიალე ჭაღარების გასახარებლად. გრძნობა კი ისევ ჩაფიქრებულად მომზირალ ბილიკებს ესაუბრება დაკარგულ შველში საბედისწერო გასროლის მოლოდინზე. თუმცა კაცობრიობის უდარდელობით დადარდიანებულმა მთვარემაც შეძლო მოეპოვა კუთვნილი ბედნიერება და ნათელი მზერით გაუღიმა დედამიწას. მისი შუქი ბნელ უსარკმელო გამოქვაბულში შეიპარა და ღმერთი დაინახა. შორ უღრან ტყეში ეულად ამოსულმა იამ მოგებული არწივის ფრთები და უღრუბლო ცის ასპარეზი წაგებულ ვარდს დაუთმო. თავად ისევ ეკლიანი გზით ვარსკვლვებისკენ სიარულს აგრძელებს. გზადაგზა კი ულევ სიყვარულს და სიკეთეს ტოვებს, რომ იხაროს სოფელმა, იხარო შენც… —

– დღე გედისა ფრთაა, ღამე უფრთო გედი,
ცა ეპოქის წერა, ვარსკვლავები ბედი,
დრო მალული კიბე, გზა ნაპოვნი ხედი,
გუშინ ძველი წიგნი, დღეს ახალი გვერდი,
მარჯვენაში გალა, მარცხნისაკენ ვერდი,
აქაც ლექსის მამრი, იქაც მუზა ლედი,
შენ სიცხისა სიო, მე ყინვაში პლედი,
ბორბალი კი მთვარე, მზე ველოსიპედი …

პოეზიასთან ერთად მოგზაურობა ათასჯერ მრავალფეროვანს ხდის ყოველ წუთს და წამს. გოას სანაპიროზე სეირნობისას ერთი გაელვებით შეიძლება ევერესტის მწვერვალზე აღმოჩნდე სასურველი ყვავილის სურნელის ამოსაცნობად, რადგან – კვლევები ისევ გრძელდება მზის სისტემათა ამოუცნობ მისტერიებში. გამოცდილი არქეოლოგივით დაეხეტება აზრების სივრცეში კოსმიურ ბაღთა ყვავილების მწყემსი, სულის მცენარეთა ეიფორიის დასამშვიდებლად. ტალღის ჩურჩული სისპეტაკით ესალბუნება ფიქრთა მრავალფეროვნებას, რომ მოლბერტზე ჩამომჯდარმა ნოტებმა არ მოიწყინონ პოეტურ გარდასახვებით, მაგიურ სიგიჟის ზღვარზე იმპროვიზირებულ თეატრალიზებაში. საითაც არ უნდა მიიხედო ყველგან სიმშვიდე მოჩანს. წყარო და ოკეანე ქოქოსის განსხვავებულით ვახტანგურს სვავენ, გაუკვალავ ბილიკებით მიგნებულ მწვერვალისა, სიშორის და მიუწვდომლობის მიუხედავად უახლოეს ქვებზე რომ განაწილებულა მისი სიმძლავრის შეგრძნებები. ისარზე ჩამოკიდებული დეპეშა დელფინივით უკანმოუხედავად მიიჩქარის ადრესატისკენ. სული კი ფოსტალიონის ჩანთიდან ამოვარდნილ თავისუფლებისთვის უგზოუკლოდ დაკარგულ ფარატინა ქაღალდის ნაგლეჯს დამსგავსებია,

რაც ჩამორჩა და თან უსწრებს მოძრაობას ისრის,
რაც ბოთლიდან ამოხტება საცობს ზღვაში ისვრის,

ფარშევანგის ფრთებს შეიბამს სამყაროდან გავა,
მივა, სადაც ქარმა პალმებს მიმოუნიავა,

ზღვის ნაპირთან კი ინატრებს ევერესტის ყვავილს,
მარტო იმას ის, რომელიც მხოლოდ წვერზე ყვავის.

ციდან მოლბერტს როიალი გადმოაფრქვევს მელანს,
ბაღთა მწყემსი კი გაჰყვება გაუხედნავ მერანს,

ბუნების ხმა სადაც ახალ ეტიუდებს შექმნის,
თავისით რომ სცენარდება სიო მტვერს რომ შეჰქრის.

მარტო ივლის ის გავს ხიდან ჩამოვარდნილ ფოთოლს,
თან წრუშლელ კვალსაც ტოვებს თეთრ დათვთან რომ მოთოვს.

მას სიმშვიდე არ ასვენებს ქარიშხლებთან ილტვის,
იქიდან კი სიწყნარეზე მეტაფორებს იტყვის.

მომცრო წერილს კი ნაპირზე თუ შეაკრთობს ლავა,
ისევ ბოთლში ჩახტება და სხვა კუნძულზე წავაა…

მიშო ტყებუჩავა (მებაღე)