მოგზაური

★ადგება და წავა…ერთ ზღაპრულ გუდაში მოათავსებს ყველაფერს,რაც ხელს უშლის, უხილავ სიცარიელეში შემალავს…მერე ჩაალაგებს სითბოებს, იმედებს,ენერგიებს,მიზნებს და ასე მსუყედ ახუნძლული წავა…
★არასდროს შემხვედრია მოგზაურზე უფრო საინტერესო, ამაყი, ჯიუტი და მიზანმიმართული ხალხი. არასდროს მინახავს მათზე უფრო ანთებული თვალები, მათზე უფრო დაუღლელი მუხლი, არასდროს მინახავს მათზე უფრო ფხიზელი ძილი და მათზე უფრო სავსე გული…სავსე სიყვარულით, იმედით, მიზნით, ოცნებით,სწრაფვით და არასდროს მინახავს მათზე უფრო სევდაჩაგუბებული სული :*
★მათ იციან ყველაზე რთული გზების არჩევა,ყველაზე მშიერი დღეების მოთმენა,ყველაზე მწყურვალე წყურვილის პეშვით დაწაფება.მათ იციან ყველაზე დიდი სიყვარული.
★საფლობი ტალახიც,გადალახული დაბრკოლებებიც,ნადირის ქვეცნობიერი შიშიც,შიმშილიც, წყურვილიც, პეშვით დალეული მთის წყაროც,ტბის საშიში დუმილიც,მთის ექოც, დატყავებული ხელ-ფეხიც,ხმაშეუწყობელი სიმღერებიც მათთვის სიყვარულია, საკუთარი ოცნების თუ მიზნის სიყვარული…
★ამ ხალხს სულ წასასვლელად უჭირავს თვალი…და რასაც ვაკვირდები, დარჩენა ყოველთვის უფრო უჭირთ ვიდრე წასვლა…უკანასკნელ გროშებს გაიძრობენ და თუ წასვლა გადაწყვიტეს – წავლენ!
★არასდროს ფიქრობენ იმაზე,რასაც უკან ტოვებენ, რადგან იციან,რომ ეს მათი არჩევანია…ეს ჩვენ არ ვიცით,როდის წავლენ ან რატომ წავლენ,თორემ მათ ყოველთვის იციან საით მიდიან,რატომ მიდიან და არც ის ადარდებთ,სხვებს თუ მათი არდარჩენა არ ესმით…
★და რასაც ვაკვირდები,ამ ხალხთან ურთიერთობაა ყველაზე რთული.. არასოდეს გიჩერდებიან ერთ ადგილას, შეყვარებასაც ვერ მოასწრებ და უკვე სხვაგან არიან, მიეჩვევი და უცებ იძულებული ხარ გადაეჩვიო…
★ ჯიუტი და ამაყი ხალხია,მშფოთვარე და მეამბოხე,მაგრამ რაღაცნაირ სიმშვიდეს ატარებენ მუდამ.ყველგან შეუძლიათ ბედნიერების პოვნა, ყველა წვრილმანი სიხარულს და თავისუფლებას ანიჭებთ…არასდროს შემხვედრია მათზე უფრო თავისუფლებისმოყვარე და დაუმორჩილებელი ხალხი..ალბათ არავის შეუძლია გადაწყვეტილებების მათზე სწრაფად მიღება,არავის შეუძლია მათზე სწრაფად დატოვოს მიჩვეული და საყვარელი ადგილი,რადგან იციან,რომ წინ კიდევ უფრო ბევრი საყვარელი მისაჩვევი ადგილებია…
★მათზე კარგად არავინ იცის,რომ გუშინდელი დღე ისტორიაა,ხვალინდელი -საიდუმლოება, დღევანდელი – უბრალოდ კარგად დაჭერილი წამია…არავინ იცის მათზე უკეთ,რომ სიცოცხლე საჩუქარია…
★ბრუნდებიან წასვლის იმედით,თვალებით დაატარებენ განცდილს და ნანახს,ამიტომ ვერასოდეს დაინახავ შენს თავს მათ თვალებში, ამიტომ ვერასოდეს აედევნები,თუ მათნაირი არ ხარ…
★ზურგით დაატარებენ თავიანთ სამყოფ მზეს,თავიანთ სამყოფ ძილს.მათთვის არ ბნელდება მზის ჩასვლისას…მათ სულ თან დააქვთ თავიანთი სამყოფი ნათელი…არავისთვისაა გათენება ისეთი სასწაული, როგორც მათთვის.არავისთვისაა ჩაჭიდებული ხელი უფრო საიმედო,არავისთვისაა კარავი უფრო სასახლე,არავისთვისაა კოცონი უფრო თბილი,არავისთვისაა გზა უფრო ახლო, როგორც მათთვის…არავისთვისაა ყველაფერი უფრო მშობლიური, არავისთვისაა ყველაფერი ასეთი ყველაფერი,როგორც მათთვის…
★ ხომ ვამბობდი,არასდროს შემხვედრია მოგზაურზე უფრო საინტერესო,ამაყი და ჯიუტი ხალხი,რაღაცნაირ სიმშვიდეს რომ დაატარებენ მუდამ ♥