“-მოდი, ძამაში წავიდეთ”

-რას შვები.
-რავი.. შენ?
-შაბათს ძამაში მივდივართ და წამოხვალ.
-სად?
-ძამაში.
ძამაში წავალ კაცო აბა რას ვიზამ.. მით უმეტეს კითხვითი ფორმით არ ყოფილა და მერე რა, რომ წარმოდგენა არ მაქვს სადაა.. არც “პახოდში” არ ვარ ნამყოფი და საერთოდაც.. მერავიცი აბა რატომ უნდა წავიდე.. მაგრამ უნდა წავიდე. მე ხომ მათი აზრით ურწმუნო ვარ. ღვთისპირიდან გადავარდნილი. ღმერთი ცალკე მყავს გადაკიდებული და მრევლი ცალკე. მოკლედ სრულიად მოწიფულ ასაკში ვარ იმისთვის რომ სულიერ კრიზისებში შევიდე, იქ ვერ მოვატრიალო და ჩავრჩე ასე ზმეიკაში მოყოლილი ###სავით. ძამაში კიდევ თურმე ბევრი მონასტერია, ხალხი თავს რომ კარგავს იქ მიდის და პოულობს (მაგათი ტელეპორტაციიანი ტრაკი გახმა).
ვუყურე ყველა ვიდეოს ლაშქრობის შესახებ.
ვიმათხოვრე “პარალონი”, ზურჩანთა, ბათინკები და სალაშქრო ეკიპირება.
გავიხსენე ყველა იმ კოცონის სახეობა, რომელიც არასდროს არ დამინთია და ველოდები პატიოსანი სახით მეორე დილას.
გათენდა.ჩანთა გამომიტენეს იმ წამს ჩემი წარმოდგენით სრულიად უსარგებლო ნივთებით,  საკვებით,  მკითხეს მეორე ბათინკები მქონდა თუ არა. ჩემს ნაღვლიან მზერას გააყოლეს თვალი  ბოტასებისკენ რომელიც ჰა და ჰაა.. დამატებით დროში შეცვლაზე შესასვლელად თუ გამოდგებოდა პატარა ბავშვების საფეხბურთო მატჩის დროს. არა უშავსო (აბა რაღას მეკითხები შე დამპალო თუ არა უშავს. რატომ მიკლავ გულს) და დავერეკეთ მატარებლისკენ.

რომელიღაც მარშრუტით უნდა მოვხვდეთ ქარელში.
მერე იქიდან “რა უნდა კაცო, ყველას ჰყავს კოლხოზნიკი, გადავუხდით რამეს და მიგვიყვანს ხეობის შესასვლელთან” არომატს შევიზელთ და ეგაა… სულიერება თოვს ეგრევე.
ჩასვლისთანავე პირველი კითხვა რაც გამიჩნდა ის იყო, როგორ უნდა ჩავტეულიყავით ეს ამდენი მუტრუკი ამ პატარა ვილისში ისე, რომ ჩანთები ადგილზე არ დაგვეტოვებინა. დამამშვიდეს ერთაოზ ბრეგაძესავით, ორი ამდენი ჩატეულა აქო და შევეტენეთ…

ხეობა.

შამპანურის ბოთლი ხომ გაგიხსნიათ.. ეგეთივე ეფექტით დავიცალეთ მანქანიდან რომელმაც ჩვენი 50 ლარი წაიღო და დაგვტოვა ბოროტი დედინაცვალივით ზედ გზაზე.
იმედის თვალით გავხედე ჩემი მეგობრის მეგობარს, რომელსაც თოფი ჰქონდა გადაკიდებული თან.
-სროლა იცი?
ვკითხე იმედიანად.
-დედა არ მო####ავ რო???
მიპასუხა ამაყად.
გადავწყვიტე რომ მის სიახლოვეს უნდა ვიარო.. ბარეორის დედის#####ია და ამ ჩემს ფეხებს მტაცებელი რომლითაც სავარაუდოდ იქაურობა უნდა იყოს გამოტენილი..
გარემოს გავხედე..
ღრმა შესუნთქვაა რა.. ყოვლისმომცველი.. წიწვოვანი ტყეები ჭადრაკისებურად არეული ფოთლოვანში, ალპური ზონები(სმაგვარი), მდინარე, ტყე, ღრე, დანგრეული და სწორი გზა, ბალახები, აი.. სუყველაფერი იმისთვის რომ ნებისმიერი თავმოყვარე მაგრამ პრეტენზიული ვირისთავი დადუმდეს და ბევრი არ იჩხუბოს აქ სად წამომიყვანეთო..
ჰო. არ დაივიწყოთ, რომ ყველა გეოგრაფია.. ზოგი კარტოგრაფი, ზოგი რაღაცოგრაფი.. ვერ ვერკვევი ეგრე კარგად. მაგრამ ყველა გეოგრაფია. ჰოდა ასე მშვიდად არ ვყოფილვარ არასდროს. გეოგრაფები ცალკე მყავს, თოფიანი ბიჭი ცალკე.  მიმიშვით..

ბატეთი
ერთიანი “სიხარულით” გადავწყვიტეთ რომ ავდივართ ბატეთზე!!!
აეეეე.. ბატეთზე ავდივართ.. “-იცი ბიჭო რა მაგარია ბატეთი?? არ იცი..”
აი ასე ამიხსნეს.. 😐 გადავწყვიტე რომ ამას ჩემში აღფრთოვანება უნდა გამოეწვია, რაც ჩანთის სიმძიმის გამო არ გამომივიდა.. -სულ აღმართი როგორაა, ცოტა გაჰორიზონტალებულზე ვერ ჩადგა ის წყალი???
-ეს ფუნა… -თითი შეიძლება მიუშვირო “სიურპრიზს” გზაზე..  -რასაკვირველია ძროხისაა ხო???
იმედიანად და ცოტა ეჭვნარევი ხმით კითხულობ შენ.
აბა რაა.. აბა რაა.. ძროხისაა. “პროსტო” დათვის სუნად რატომ ყარს ეშმაკმა უწყის.. პასუხობ საკუთარ თავს, იმ მეგობრის მეგობრისკენ ინაცვლებ, თოფი რომ ჰკიდია… ყოველი შემთხვევისთვის რა.. და აგრძელებ გზას ტრიტონებით სავსე ტბისკენ სადაც თურმე სამარისებური სიჩუმე სუფევს და ხალხი საკუთარ კითხვებზე პასუხს პოულობს..

მერე უკვე შენი ფანტაზიისა და იდიოტობის ხარისხს გააჩნია.. რატომ არ უნდა გაგახსენდეს გოძილა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია.
“-იქნებ აქაც ცხოვრობს რაიმე დედაბნელობა რომელიც შეიძლება ამოვიდეს და შეგჭამოს” და ამაზე ფიქრებში გართულმა კმაყოფილი სახით შეგიძლია ხმელი ტოტების მოგროვება დაიწყო რომ როგორც იქნა იმ სახეობის ცეცხლი აანთო რომელიც არასდროს მანამდე არ აგინთია.

ქოზიფა
-გამარჯობა
გაუღიმებ ქოზიფას საძვალეებში მოთავსებულ უამრავი თავის ქალიდან ერთ-ერთს რომელსაც შუბლი ისრით აქვს ჩალეწილი.. და ქვედა ყბაზე მოუთათუნებ ხელს.
-რას აკეთებ ბიჭო..
წაგკრავენ მუჯლუნს. სიწმინდეებია ეს..
-ჩემს შესაძლო პირად წინაპარ წმინდანს ვესალმები ვა..
გაიკვირვებ გულწრფელად და ისევ ბრძოლაში ცხონებულად გადაკეთებულს გახედავ.
-ასე არაა???
თავის ქალებმა ღიმილი არ იციან. მერე შენც და თავის ქალასაც გახსენდებათ რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. რაც შეიძლება მორჩილ სახეს იღებ ცნობისმოყვარეობით აღსავსე სახით (და რაც მთავარია მწუხარე) შეჰყურებთ  ერთმანეთს.  ზუსტად ისეთივე სიმშვიდეა ეკლესიის ეზოში, როგორც საარტილერიო დაბომბვის შემდეგ ფრონტის ხაზზე.. ჰოდა მაგიდასთან ჩამომჯდარს ერთი სული გაქვს დიახაც რომ არსადაც არ წახვიდე.. მაგრამ აბა.. აბა.. აბა ჰა.. უნდა წახვიდე.. მეტი რა გზაა.. უსახელო ადგილს ხომ არ დატოვებ აბა აღუწერელს.

უსახელო ადგილი გვირგინას მთასთან
ქოზიფადან წამოსვლისას ძალიან ძლიერი ნისლის ჩამოწოლა დაიწყო და მამაომ ასევე ძალიან ეჭვნარევი გზით გვკითხა, ქედზე გადასვლა რომ გინდათ გზა თუ იცითო.. პფფფ… ამდენი გეოგრაფი მყავს ხომ გახსოვთ.. ვიცით რომელია.. თან რუკაც გვაქვს… კი-თქო ყველას ნაცვლად ვიხუვლე.. ვიცით რომ გვირგვინას მთისკენ უნდა წავიდეთ, იქ მერე გადასასვლელი გზაა. გადახვალ ქედს, ჩახვალ გუჯარეთში, იქიდან ბორჯომისკენ წახვალ და დაერეკები მერე თბილისში..
ვიცითთქო..
არ დაიჯეროთ..
A4 ფორმატზე ამობეჭდილი შავ-თეთრი მაიმუნობა რომელსაც წესით რუკა ერქვა, რომელსაც ბოლოს 1934 წელს დახედა რომელიღაც პრაქტიკანტმა და მას მერე რელიეფმა შვიდიათასჯერ იცვალა  სახე. აი ამის იმედზე ვართ ნისლში გაფანტულები, წელამდე ბალახში და მივდივართ გაურკვევლობისკენ.
მოკლედ რომ ვთქვათ.. დავიკარგეთ.
-ბიჭო.. ოსეთში ხომ არ მოვხვდებით ე.. ხომ იცი იქაც გვყავს ნაცნობები..
კითხულობს ერთი. :დდ
-რა უნდა ბიჭო ოსეთს აქეთ.. ჩრდილოეთი იქითაა
პასუხობს მეორე და გაურკვეველი მიმართულებით იშვერს ხელს..
მთას და მით უმეტეს ასეთ გზას ერთი დამპალი უნარი ჰქონია.. ნერვებს ჭიმავს საშინლად..
ჰოდა სანამ დაჭიმულობამ პიკს მიაღწია ნისლში გამოკვეთილ ხისმჭრელების აშენებულ ქოხს მივადექით..


ჩემს მეგობარს რომელმაც საკუთარი თავის პოვნა დამპირდა და სინამდვილეში ნისლში დამკარგა, შევიდეთთქო ვუთხარი და ჩანთიანად ჩავესვენე ძველებურ ზამბარებიან საწოლში..
გარეთ ისევ ნერვებს ჭიმავენ და არკვევენ ჩრდილოეთი დიაგონელზეა თუ ჰორიზონტზე.. თან კაციშვილმა არ იცის ეს ჩრდილოეთი რა ჯანდაბად გვინდა.. მაგრამ იყოს.. წყალს გთხოვს თუ პურს.
გარშემო რამოდენიმე მეტრის იქით არაფერი არ ჩანს საერთოდ.
რუკა რომელიც პრინტერმა ალბათ ხათრით ამობეჭდა..
ესენი კიდევ ამტკიცებენ გაჩერება არ შეიძლება, უნდა წავიდეთო.
საშინლად მომბეზრდა.
რამოდენიმე კაცი გადმოვიბირე, ბუნტი მოვაწყეთ და ყველა იმ ხეობაში არსებული წმინდანი დავიფიცე რომ ფეხს არ გავადგამდი იქიდან სანამ არ დავისვენებდით, ნისლი არ გაიფანტებოდა, შევჭამდით, გამოვიძინებდით და არ გათენდებოდა. ასე რომ… ტადააამმმმ… სასწრაფო წესით დავიწყეთ ქოხის ჩვენს ჭკუაზე მოყვანა. სახურავში ჟანგიანი ღუმელის მილები ვიპოვნეთ. გავაცოცხლეთ. საწოლებზე რაც კი რაიმე გასაშლელი გვქონდა გავშალეთ..დამატებითი საწოლები ავაწყვეთ თოკებისგან და ხეებისგან და ისეთ დიდებულ ადგილად ვაქციეთ, იმედი მაქვს რომ გარშემო ტყეებში არსებული ცხოველები დილამდე შურიანი თვალებით უყურებდნენ.. :დ

მით უმეტეს დილით.. ნისლგაფანტულზე და შორიდან რომ გამოვხედეთ ისეთი იყო.. დღემდე ვფიქრობ ხომ არ დავიკანონო :დდდდ

ამასობაში მგონი 1000 სიტყვას მივუახლოვდი, უამრავი რაღაც დარჩა აღსაწერი, მეტს ვეღარაფერს შევკვეცავ და დავჩეხავ ამიტომ მოკლედ გეტყვით..
გადადეთ ყველაფერი.. გამონახეთ რამოდენიმე დღე. იყიდეთ, იმათხოვრეთ, ჰეკლბერი ფინივით სესხად წამოიღეთ საჭირო ნივთები, დაურეკეთ რომელიმე გზააბნეულ მეგობარს და აუცილებლად უთხარით კითხვითი ფორმის გარეშე და გადაჭრით..

-მოდი, ძამაში წავიდეთ.

საკუთარი თავის პოვნისა და კითხებზე პასუხის რა გითხრათ მაგრამ ისეთ შეგრძნებებს იპოვნით, ცხოვრებაში რომ არ დაგავიწყდებათ.

პატივისცემით: თქვენი ერიხ ჰარტმანი