სულ ცოტაც და სამარშუტო ტაქსების სადგურს მივუახლოვდები… იქვე, გზაზე, ყოჩივარდებს ვყიდულობ და სათუთად ვიჭერ ხელში… ,,_რამდენ ხანში გახვალთ?” ვეკითხები მძღოლს და სამარშუტო ტაქსში ავდივარ… ,,_ათ წუთში!” – იყო პასუხი და წამით დუმილი ჩამოვარდა… მესამე რიგში, ფანჯრის მხარეს, ჩემი ადგილი დავიკავე და მგონია, რომ გულში დროის ათვლა დავიწყე… გაზაფხულია, თუმცა თითქოს მზემ სხივები დროებით აკრიფა და ცოტათი ცივა… წვიმს… მიყვარს გაზაფხულის შხაპუნა წვიმა… საერთოდ, უფროსი თაობისაგან გამიგია, რომ ნამდვილი გაზაფხული ,,ნასესხების” გასვლის შემდეგ დგებაო… თუმცა, უკვე ირგვლივ ყველაფერი ყვავილობს და საოცარი სურნელი იფრქვევა… გაზაფხულის სიმშვენიერე მატკბობს და ზოგჯერ, მეც მინდება ჩიტივით ვიფარფატო ცაში, თუნდაც, წვიმდეს… რატომღაც, ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება, რომელიც ხშირად წერს, რომ ,,ღმერთი თავად არის ბუნების უდიდესი მხატვარიო!”… და, მართლაც ასეა, რადგან წელიწადის თითოეულ დროს განსაკუთრებული ხიბლი აქვს… წვიმს და წვიმა ფანჯარასთან მოწვეთავს… საათს დავხედე: ,,სადაცაა წავა…” ვთქვი ჩემთვის… მძღოლმა მაგნიტოფონი ჩართო… მერე ერთი კიდევ შეათვალიერა მგზავრები და ,,მარშრუტიც” დაიძრა… ,,ნახევარ საათში ჩემს სოფელში ვიქნები!” _ გავიფიქრე და გულმა გამალებით იწყო ცემა, თითქოს პირველად მივდიოდე, ისე… სოფელი ,,მაღლაკი” – დიახ, ასე ჰქვია ჩემს სოფელს, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე… ხალხის გადმოცემით, სოფელს სახელი დაერქვა შემდეგი ლეგენდის თანახმად: გოგონა მდინარეში ჩავარდა. იქვე ყანაში მომუშავე გლეხებმა შეამჩნიეს და ერთ-ერთმა გადაარჩინა… ბიჭს გოგო ძალიან მოეწონა და სთხოვა, მაკოცნინეო… გოგომ კი უპასუხა: ,,აქ არა და მაღლა – კი-ო”… იქ მყოფმა ხალხმა გადაწყვიტა ეს სახელი დაერქმიათ დასახლებული პუნქტისათვის… სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XIII საუკუნიდან, დავით აღმაშენებლის ეპოქიდან. თამარ მეფის დროს მაღლაკის ველი ლაშქრის შესაკრები ადგილი ყოფილა. ისტორიულ წყაროებში მაღლაკი ასევე მოიხსენიებოდა, როგორც მაღლარი. მაღლაკში ყოველი წლის 2 აგვისტოს განსაკუთრებით აღნიშნავენ „ელიაობის“ დღესასწაულს. სახალხო ზეიმში ახლომახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. ტარდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, იმართება დოღი… მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ სოფელში არის ორი მოქმედი ტაძარი… მაღლაკის ცენტრში (დუქნებზე) მდებარეობს წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარი და ზედამაღლაკის ტერიტორიაზე არის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი… მინდა გითხრათ ისიც, რომ აქ სტუმარს ყოველთვის პატივისცემით და ხელგაშლილი ხვდებიან… ფანჯრიდან ვიხედები, მერე კი მეჩვენება, თითქოს ჩემს ფიქრებს უერთდება სამარშრუტო ტაქსის ძრავის ხმა… ვიღიმი… მერე ყოჩივარდებს დავხედე, რომელიც დედასთან დიდი სიხარულით მიმქონდა… დედას ძალიან უყვარს ყვავილები… მახსოვს, ბავშვობაში, რადგან ჩვენი სახლის უკან პატარა ტყეა, ადრიან გაზაფხულზე ხშირად დავდიოდი ტყეში… სწორედ მაშინ აღვიქვი ბუნების სიმშვენიერე, ბუჩქებში ვეძებდი დამალულ იებს, ფურისულებს, ყოჩივარდებს ვკრეფდი და დედასთან მიმქონდა… დედა თვალებში ჩამხედავდა და მერე შუბლზე მაკოცებდა… ახლაც ისე მიმქონდა ყვავილები, როგორც ბავშვობაში და ბედნიერი ვიყავი… წამით თვალები დავხუჭე და სხვადასხვა ფიქრმა თავიდან გამიტაცა… ვფიქრობდი, რომ დედა ახლა, ალბათ, სამზარეულოში ფუსფუსებს… მამა კი ცეცხლს ანთებს და… ნაცნობი აბრაც გამოჩნდა, რომელზეც ჩემი სოფლის სახელი ,,მაღლაკი” ეწერა… სუნთქვა შემეკრა, თუმცა… ,,გაჩერებასთან გააჩერეთ!” _ ვუთხარი მძღოლს და ხურდა გადავაწოდე… ჩავდივარ… მერე კი, რატომღაც მომინდა, ხმამაღლა დამეძახა, რომ ,,ჩემთვის საქართველო, ჩემი სოფლიდან იწყება”…