მედიჩები და მოცეკვავე მთვრალი მარია

არაფერი გინახავს, თუ თუშეთი და ფლორენცია არ გინახავს. ძაან მაგრად ჩამოვაყალიბე :).

გითხრათ სად იჯდა მთელი ჩინეჩიტა ? ფლორენციის სანტა მარია ნოველას სადგურის წინ საოცარი გრანდ ოტელ ბალიონია. ჰოდა ანა მანიანი, გრეის კელი, ფედერიკო ფელინი, ვიტორიო დე სიკა, რობერტო როსელინი და ანეტ ეგბერგი სულ აქ ტასაობდნენ.
ესენი გავაფრთხილე გავაფრთხილე რომ სასწაულს, ანუ დოუმოს დაინახავთ მაგრამ არ დაიჯერეს. ეგრევე აებნათ თავგზა ვერ მიხვდნენ შენობა იყო თუ პოსტერი. თეომ სულ თავში ირტყა ხელი. სოფიკო ისე იღიმოდა, აი ახლობლები რომ შეშფოთდებიან ხოლმე და მომღიმარი ოჯახის წევრი ხან ფსიქოლოგთან მიყავთ და ხან ქალებში. ჰოო, სრულიად გაუგებარი დიდებული მოცემულობაა. არც ვიცი არქიტექტურაა, თუ პოლიგრაფია.


დილიდანვე დავირაზმეთ უფიცისკენ. რაღაც უცანურად დაცარიელებულია უფიცის ეზო და მეთქი ვააა. შევედი პალაცო ვეკიოს ეზოში და კარაბინიერის ვეტაკე, მეთქი ბილეთები სადაა თქო. აგე იქო. მეთქი დაკეტილი რომაა თქო ? მაშინ ორშაბათია დღესო -_-
აი ეგრე ყველაფერზე ღლიცინი შეიძლება ? სახის გამომეტყველება არც შეცვლია. მოკლედ ნაციონალურ ეროვნულ ჯიგრული მუზეუმები დაკეტილია ორშაბათობით. რატომ კაცმა არ იცის. მეთქი დავახვიეთ პიზაში.

 

4 ევროთი მეტი გვაქვს გადახდილი ამიტომ მალე შევდივართ (მეორე დღეს). ვიცი სასწაული და ვინჩი აქვთ და ვიცი რაღაც მაგარი ისტორია აქვს. ვიცი მაგრამ ვერ ვიხსენებ. ბედად ზღაპრული გიდი გაიჩითა მცირე ჯგუფთან ერთად და ავეკიდე. დავყვები როგორც ვეშაპს თუ ზვიგენს რო დაყვება პატარა თევზი და ნასუფრალით ქეიფობს. სასწაულად ყვება. ჩამოდგა და ვინჩის ტილოსთან ‘გამოცხადება’. ვიღაც ტლუმ მერე მიუხატა ფრთები ამ ანგელოზს. ლეონარდოს დახატული ეცოტავა, არადა დაკეცილი ფრთა ზუსტად იმ ზომისაა მან დახატაო. ნახეთ როგორაა ანგელოზის ფეხქვეშ ბალახი გადაწეული, ზუსტად ისე როგორც ვერტმფრენის დაფრენის დროს ხდებაო. ღვთისმშობელს კიდევ თინეიჯერის სახე აქვს. აზრზე არაა რომ მაცხოვარის დედა გახდება და WTF სახით უყურებს ანგელოზს, დავაი ჩემი ეზოდან ახლავეო.


მეორე ტილოზე საერთოდ საოცრებები ხდება. დაუსრულებელია. იმდენი ვნებაა იმდენი, რომ თავბრუ გესხმის. ყველა კანონი დარღვეულია. ამიტომაც ან გადააკეთე ეს შობელძაღლი, ან დაახვიეო და ვინჩისთვის უთქვამთ. ამასაც ნეტაი თქვენ არ ჭმუჭნიდეთო და დაუხვევია. ტილო სულ სხვამ დახატა. იმავე ზომის და იმავე შინაარსის, იქვე კიდია 🙂 მაგრამ ვინმეს ახსოვს ავტორი? არავის. მაინც ყველა და ვინჩის დაუსრულებელ ქმნილებასთან აბირჟავებს. მიწოლილი ვარ იატაკზე რომაულ სტილზე და ისე ვუყურებ. რომ მიმიშვა კაი ხანს არ გავინძრევი. მეორე კედელზე დოკუმენტური ფილმი გადის და რავი აბა, თავი მინიმუმ მინერვა მგონია 🙂

ბოტიჩელს გვერდს ვერ აუვლი. რამე თუ შეიძლება იყოს ღვთაებრივი ეს ბოტიჩელის თმის ფრიალი, ნაზად ატმის ყვავილისფერი ღაწვები და გაუცნობიერებელი მარადისობაჩაბუდებული ცისფერი თვალებია.
მე დავრჩი. სოფიკო და თეო პალაცო პიტიში წავიდნენ. ეს ის ქალაქია სადაც ადამიანი თავს ჭეშმარიტად მარტო გრძნობ. ხვდები სად ხარ, რა დროა, რას უყურებ და რას ეხები. და გრძნობ იმასაც რომ აუცილებლად მოკვდები. ესენი კი ისევ ამ კედლებზე იქნებიან

უმიზნოდ ბორიალს ქალაქში არაფერი სჯობს. პონტე ვეკიო ბრწყინავს. სულ არ მომწონს ამდენი სამკაულის დახლები რომაა აქ, მაგრამ მე ვინ მეკითხება. კოზიმოს დომებია მასე. ეს კოზიმო მედიჩი ყოფილა კაციც და პიროვნებაც. არ ეყო ერთი სანაპირო, გაშენა სასახლეები და ბაღები მეორე მხარეს, დააშენა პონტე ვეკიოც. საერთოდაც ყველაგან მედიჩები არიან აქ. უმაგათოდ ალბათ არაფერი იქნებოდა ეს ქალაქი. სადაც არ უნდა შეხვიდე ყველგან შროშანები და მანდარინებია (მაგათი ხეები ყოფილა).

სადღაც ციცქნა სახელოსნოების ქუჩაზე მოვხვდი. ზის გოგო თავისთვის ხატავს რუკებს. მეორე კერავს, მესამე კონვერტებსა და საკანცელარიო ათას საყვარლობას აკეთებს. აბა რააა ახლა ამათი ცხოვრება კურიერისა და ასავალ-დასავალის გარეშე. აქ უკვე მართლა მეტირება. ჩამოვჯექი. მამა მახსენდება სიცოცხლის ბოლო წლებში სკამების კეთება რომ დაიწყო :). გოგომ გამომაკითხა მაღაზიიდან. მამჩნევს ჭაკადაა ჩემი საქმე. გამოაქვს ჯერ წყალი და მერე ლიმონჩელო. თვალს მიკრავს. ვეკითხები ვინ მღერის რადიოში. მიხსნის ვიღაც ბოლონიელი ბიჭიაო.

  

შევედი სადღაც ტაძარში. გარედან რომ არაფერია და შიგნით რომ ვატიკანი გხვდება ეგეთი. ვიღაც ბოსანოვასავით ლოცვას დუდუნებს. მოხუცები თავისზე მოხუც პადრეს უსხდებიან გვერდით და ეპუტუნებიან. ის ყველაფერს პატიობს. დანარჩენები ღიღინებენ. ჩამეძინა. სიზმარიც კი ვნახე. ვიღაცის შეხება მაღვიძებს. დამთავრდა ყველაფერი უნდა დავკეტოთო. მეთქი ვლოცულობ და 3 მეტრით უკან გადახტა, მაპატიეთ დაგელოდებოთო. თვალები ისევ დავხუჭე, ყველა გავიხსენე ვინც მიყვარს და მინდა კარგად იყოს. ვიცქირები გუმბათისკენ და მგონი გაიგო

მივედი, მივწექი ქვაფენილიან პანდუსზე. ასე კოტრიალობს იქ ყველა. დაღლილი ვარ. თვალები მივლულე თუ არა ხუთი ესპანელი ბებო დამადგა თავზე. ესპანურად მელაპარაკება ყველა. კი ამოვილუღლუღე არ მესმის თქო, მაგრამ აბააა ერეკებიან თავისას. მივხვდი ფოტოს გადაღება უნდათ. არ ჩერდებიან. ჯერ ვერ დალაგდნენ, ერთი მეორეს გაებუტა, მესამემ მეხუთეს პომადა შეუსწორა, მეოთხე არავის არაფერს ასწორებინებს – ფუფალა. თან ყველა ლაპარაკობს. გადავიღე და ერთმა დაიწუნა არ ვიცინიო. თავიდან დაეწყვნენ. შემდეგები კარგები გამოვიდნენ. გაიხარეს. ყველამ სათითაოდ მადლობაო, თან ხელებს მადებდნენ მხრებზე და სახეზე მეფერებოდნენ. საიდან ხარო მეთქი იქიდან. ერთმა თქვა უი ვიცი, ჩვენი მეფეო და თქვენი ვიღაცაო… თვალი ჩამიკრა, მეც ჩავუკარი. წავიდნენ და თან შორიდან კოცნებს მიგზავნიან. გარშემო ვიყურები რაღაცნაირად არ მჯერა, მგონია მეჩვენებიან ისეთი სიტკბოები არიან.

ნაპოლეონ ბონაპარტეს ნაყვარება კოზიმო მედიჩის საწოლი. ჭურჭელსაც ერჩოდა, ფერწერულ ტილოებსაც და ბევრ სხვა რამესაც. დიდებულია პალაცო პიტი. მიმდებარე ბობოლის ბაღები კიდევ ვერსალისას მხოლოდ იმით ჩამოუვარდება რომ მომცროა. მედიჩები არაფრისგან გახდნენ ყველაფერი ამ ქალაქში. ჭკუა რომ დაგყვება ადამიანს და შრომისმოყვარეობა, აი ესაა ჭეშმარიტი ბედნიერება. ვიღაცამ აშკარად დაგვწყევლა ამ ‘ნიჭიერია მაგრამ ზარმაცით’.

საღამოობით პიტის ეზოში წარმოდგენები იმართება. დღეს ვერდის ოპერას მოუსმენენ, პროსეკოს მოწრუპავენ. გადასახადებზე დაიწყებენ წუწუნს, მაგრამ ისე მალე ბეზრდებათ წუწუნი გადავლენ ფლირტაობაზე. მავანი იტყვის რომ თავის მოტყუებაა ეგაო და ცდილობენ რეალობას გაექცნენო, მაგრამ ნურასუკაცრავად. ჰედონისტების ტუსოვკაა აქ და რა პონტში უნდა იწუწუნო გადასახადებზე რომლებსაც ვერ შეცვლი? ან ამინდზე? ან მერკელზე? (უიმეეე). სიცოცხლე ერთია და დიადი და ნათელი თუ შეგიძლია გახადო, გახადე 🙂

იქ სადაც შუა საუკუნეებში ფლორენციის თავები იკრიბებოდნენ და ხან ქალაქ სახელმწიფოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობდნენ და ხანაც დონატელოს დავითს აკუწვით ემუქრებოდნენ (ხმალი რა პონტში უჭირავს, ან რა ახურავს,თანაც ვერ გაგვიგია გოგოა, თუ ბიჭიო) ახლა თეო, სოფიკო და მე ზედ ქვაფენილზე ვართ მიწოლილები, სევილიელი დალაქის უვერტიურას ვუსმენთ და ცივ პრესოკოს ვყლურწავთ. სასწაული რეალობაა ბაზარი არაა
დონატელოს დავითზე მახსენდება მიქელანჯელოს დავითი, ძალიან სხვადასხვანაირები არიან. შემადგენლობითაც კი. ერთი მარმარილოა, მეორე ბრინჯაო. ერთი რაც საერთო აქვთ უკანალია. იდეალურია ორივე
ნამყოფი ვარ იმ კარიერზე საიდანაც მიქელანჯელომ მარმარილოს ბლოკი ჩამოათრია. ულამაზესია და ქვევდან რომ უყურებ მთას, გგონია ცისკენ მიმავალი უზამაზარი კიბეებია დათოვლილი. სინამდვილეში თეთრი მარმარილოს კარიერია, იქ მარმარილოს ახლაც ჭრიან, მას ახლაც ბიანკო კარარა ჰქვია

სევილიელ დალაქს ემიქსება ფიგაროს ქორწინების უვერტიურა და სამივე ვტირით. მოტანილი სასმელი მალე თავდება და ამჯერად მე მივდივარ. ერთი წერტილი გვაქვს საიდანაც ვეზიდებით ცივ პროსეკოს და ტიპს ვეუბნები მაიტა ბოთლი ამოვყწდით ამ ჭიქებით სირბილით თქო. ეგრე რაააო

ბინდისფერია ფლორენცია. ბერნსტაინის ‘მარია’ მესმის. მინდა მივუსწრო და გიჟივით გავრბივარ. ოღონდ გონებაში ბრუბეკის ‘მარიაზე’ ავეწყვე და მაგას კიდევ დატეხილი აქვს რიტმი, ჰოდა რაღაცნაირად ნილს არმსტრონგივით დავაბიჯებ. გზაშივე ვისხამ პლასტმასის ჭიქაში ალკოჰოლს, ვახერხებ და ძირს არ ვღვრი. ცხვირში მივარდება შუშხუნები, მაცემინებს, მაინც არ ვჩერდები და მივრბივარ. აი ძალიან ბედნიერი ვარ. ჰო სისულელეა, მაგრამ სხეულში ყველა ატომი ცეკვავს. გარედან ვხედავ ჩემს თავს და ვკისკისებ ბოლო ხმაზე. იგივე მემართება რაც წლების წინ. ზუსტად ვიცი ეს არასდროს განმეორდება და ყოველთვის მემახსოვრება მარია, ბინდისფერი ფლორენცია და პროსეკოს შუშხუნები სახეზე.  ხვალ მილანში დავბრუნდებით, ზეგ თბილისში. რაც იზრდები ეს დედამიწა რომ პატარავდება, სკოლის შენობასავით

 

ბევრი რამ ვერ ვანახე გოგოებს. აი შემდეგში კასტელო სფორცესკოს ვაჩვენებ, მილანის ლორდების, ვისკონტების ბაითებს. საიდუმლო სერობას შევუვლით, სადაც წინასწარ უნდა ჩაეწერო და რავი, იქნებ ლანვინის ხალათიც დაასეილონ ამასობაში.

მანამდე არ მოვისვენებ სანამ არ დარწმუნდებით რომ მე კი არ ვარ დარტყმული, იტალიაა უალტერნატივო