მე, ტრამვაი, ჟუავო, ატლანტის ოკეანე და პუტკუნა თოლიები

  • Home
  • ბლოგები
  • მე, ტრამვაი, ჟუავო, ატლანტის ოკეანე და პუტკუნა თოლიები

მაშინ, როცა გული ყველაზე მეტად  ითხოვდა ცვლილებებს, ჩემი ყველაზე გაბედული მოგზაურობა დაიწყო. თვითმფრინავი აფრინდა თუ არა, მსოფლიოს კიდევ ერთი ბედნიერი ადამიანი შეემატა.

ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ, ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოში ამოყოფს თავს. ადამიანმა, რომელმაც არ ვიცოდი ცურვა, მოვიგე ექსტრემალური ტური პორტუგალიაში. ქვეყანაში, რომელიც საქართველოსავით პატარა, მაგრამ ულამაზესია, უდიდესი ისტორიით, თავისებური ხასიათით, ბუნებითა და შესანიშნავი არქიტექტურით.  ქვეყანაში, რომლის ისტორიას აღფრთოვანებით ვუსმენდი გეოგრაფიის გაკვეთილებზე.

ვდგავარ მიწაზე, რომელზედაც იდგნენ ერის საამაყო შვილები. ჩემს წინ არის რუა-აუგუსტას თაღი — ტრიუმფალური თაღის მსგავსი ქვის ისტორიული ნაგებობა და ლისაბონის სავაჭრო მოედნის ღირსშესანიშნაობა, რომელიც 1755 წლის ლისაბონის მიწისძვრის შემდეგ ქალაქის აღდგენის საზეიმოდ აშენდა. მისი სვეტები ვასკო და გამას, ვირიატის, ტეჟუს, მარკიზ პომბალის, ნუნუ ალვარეშ პირეირასა და დოურუს ქანდაკებებით არის დამშვენებული.

ჭრელი კერამიკით დაფარული სახლები, ეკლესიები, მეტრო სადგურები, ვიწრო ქუჩები, გამორჩეული და განსხვავებული არქიტექტურა, ოკეანის მრავალფეროვანი პროდუქრები და ულამაზესი სანაპიროები, საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები ჩასვლის დღესვე გიმძაფრებენ სურვილს – მუდმივად იფიქრო იქ დაბრუნებაზე.

იმოგზაურეთ, იმიტომ რომ ცხოვრება ხანმოკლეა, მსოფლიო კი- უზარმაზარი. იცით რომელია ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობა? მარტომ გაიღვიძო უცხო ქალაქში. ისაუზმეთ მყუდრო კაფეში, თან გაიყოლეთ არომატული ყავა და სასეირნოდ წადით. გზად გასინჯეთ საფირმო ხრაშუნა დესერტი- პაშტელ დენატა (ფენოვანი ცომი და მოხარშული კრემი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გასეირნება კომერციის მოედნიდან  დაიწყეთ, სადაც დონ ჟოზე პირველის ქანდაკებაა აღმართული. აქვე გაივლის ტრამვაი, რომელიც  ქალაქის დათვალიერების საუკეთესო საშუალებად ითვლება.

 

 

 

 

 

 

 

ნარინჯისფერი კრამიტის სახურავები და მოზაიკური წყობის კედლების ფონი წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს. ნახავთ სანტა ხუსტას ანტიკურ ელევატორს , რომელიც შუა ლისაბონშია აღმართული და რომლიდანაც ლისაბონის ულამაზესი ხედები იშლება.

 

 

 

 

განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ გრანდიოზული ხიდი ვასკო და გამა, რომელიც 2 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში კი შესანიშნავად შენარჩუნდა წმინდა გიორგის ციხე-სიმაგრე, რომელსაც არამხოლოდ მავრები ახსოვს, არამედ რომაელი მმართველებიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე, პორტუგალიელი ზღვაოსნებისა და მოგზაურების მემორიალური სკულპტურა.

რაც შეეხება ბელემის კოშკს, ის ლისაბონის სახეა და 1500-იან წლებში ქალაქის ნავსადგურის დასაცავად ააშენეს. შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. აგებულია მდინარეში და ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს. ბელემიდან შეგიძლიათ, ფეხით გაისეირნოთ სანაპიროზე, აქედან  ჩანს ქრისტეს ბრაზილიური ქანდაკების ასლი.
ახლოს არის ლისაბონის თანამედროვე აკვარიუმი( Oceanario de Lisboa), რომელიც ევროპაში ყველაზე ღრმა აკვარიუმად ითვლება.

 

    აქ, ფეხის ყოველ ნაბიჯზე, სადაც არ მიიხედები, ყველგან შთაგონებაა. თანამედროვე ხედებს ძველი, ისტორიული ხედები ცვლის და ქალაქის იერსახეც უფრო მრავალფეროვანი ხდება.

 

 

 

 

როცა ლისაბონი შევათვალიერე, გავიცანი და გავეცანი, გადავედი  პატარა, ულამაზეს მეთევზეთა ქალაქში, ქაშქაიშში, რომლის უმთავრესი ღირსება მისი ქვიშიანი პლაჟებია. ის სერფერებისა და იალქნიანი ნავებით ცურვის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ვნახე, როგორ ეფიცხება მზეს მადონა თავის ვილაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინა დღეებში მეგობრებს ვთხოვე, დაეგეგმათ ჩემთვის სამი განსხვავებული ექსტრემალური აქტივობა. მძაფრი შეგრძნებების მიღება მსურდა, ამიტომ წინა დღეს მწერდნენ როდის და სად უნდა მივსულიყავი, მაგრამ არ მწერდნენ რომელი აქტივობის დღეა. ამაში იყო რაღაც ხიბლი…

კოსტერინგი. სესიმბრა, 2017 

    მთელი გზა ოპერატორსა და ფოტოგრაფს უკვირდათ, როგორ არ გვიმხელდნენ ორგანიზატორები თუ სად მივყავდით. ულამაზესი ხედები იშლებოდა მთელი გზა ჩვენი მიკროავტობუსიდან, სადაც მე, კიდევ ერთი მონაწილე, 2 ორგანიზატორი,  დამკვირვებელი, ოპერატორი, ფოტოგრაფი და მძღოლი ვისხედით.

მოვედით ულამაზეს სესიმბრაში. ჩამაცვეს: ყველაზე პატარა ზომა ჰიდროკოსტუმი, რომელიც მახრჩობდა და მიჭერდა ყველგან, სადაც კი შეეძლო; სამაშველო ჟილეტი, გამიხარდა, დავმშვიდდი, მაგრამ თან დააყოლეს, ეს ყველას გვეცმევა, ერთი-ორი ისეთი ადგილია, ტალღა საყვარლად გვითრევსო; ჩაფხუტი, თუ გეგმები გაქვს, არ დაკარგო, არ ღირსო.

გაგვიშვეს ინსტრუქტაჟზე. ჯგუფს შეუერთდითო. ვუახლოვდებით საწყის წერტილს და ვერ ვხვდებით, რა გვაქვს საერთო ამ ადამიანებთან. 20-მდე მთასავით ჯანიანი, კუნთმაგარი ბრაზილიელი მამაკაცი, რომლებმაც გადაწყვიტეს უიქენდი გიჟურად გაეტარებინათ და შეყვარებული წყვილი, რომელიც ერთმანეთს ამხნევებს სიტყვებით „თუ რამეა, ერთ დღეს მაინც მოვკვდებით“ და კოცნიან ერთმანეთს ისე, თითქოს აღარასდროს შეხვდებიან.

გაგვანაწილეს და ჩვენი თავი სიმპატიურ ჟუავოს ჩააბარეს. პორტუგალიაში ჟუავო ისეთი გავრცელებული სახელია,   როგორც საქართველოში- გიორგი. ჟუავო იქეთ იყოს და ნახეთ რა ხდება.

დაგვირიგეს თოკი და კარაბინები. ვინაიდან კოსტუმები ისედაც მოუხერხებელი და ვიწრო იყო, გვიჭირდა მოძრაობა და ეს აღჭურვილობა დამატებით გვამძიმებდა.

ვცდილობ თავში ეს ინფორმაცია თანმიმდევრულად დავალაგო: “ჰიდროკოსტუმები გვაცვია- წყალში შევდივართ. თოკები და კარაბინები- ვცოცავთ.“ ჩემი ფიქრები ორგანიზატორების გაფრთხილებამ დაარღვია.

ეუბნებიან ინსტრუქტორებს, რომ არ იციან ჩემი ცურვის დონის შესახებ, მანამდე წერილში მივწერე, რომ არ ვიცოდი.

ჟუავომ გადმომხედა:

– ცურვა არ იცი თუ წყლის გეშინია?

– ცურვა არ ვიცი.

– კარგია, სჯობს არ იცოდე და წყლის არ გეშინოდეს, ვიდრე პირიქით. მეუცნაურა და ჩავეკითხე:

– ჟილეტები, ხომ გვეცმევა და შენც ხომ ახლოს იქნები?

– ჟილეტი, მე, ფაბიო, დუარტე (სხვა ინსტრუქტორები)- ყველა შენთან არ ვართ?

მივედით იქ, საიდანაც ყველაფერი უნდა დაწყებულიყო. ჟუავომ დამიძახა, ისეთი ვიწრო ბაქანი შეარჩია, წონასწორობას ძლივს ვიკავებთ. მეუბნება: „ახლა აგიხსნი როგორ და ჩახტები ამ კლდიდან ოკეანში, ქვემოთ შევხვდებით.“ ეიფორიამ ჩაიარა და რომ გამოვფხიზლდი, ვნახე რომ ძალიან მაღალი კლდის მწვერვალზე ვდგავარ.

  • ღრმად ჩაისუნთქე და გადადგი ერთი დიდი ნაბიჯი წინ.
  • გასაგებია.
  • მზად ხარ?
  • დიახ!!
  • მიდი!

არც მიფიქრია, ისე დავეშვი. ვინ თქვა, ადამიანები არ დაფრინავენო? თითქოს წამიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლაც მახსოვს, რა საოცარი შეგრძნებაა თავისუფალი ვარდნა. გადავინაცვლე წყალში. ზედ გადამიარა ოთხმა პუტკუნა თევზმა, ამიტომაც არიან აქაური თოლიები ასეთი ჩასუქებულები. ხელის მარტივი მოძრაობებით და ჟილეტის მეშვეობით ამოვყვინთე.  ჟუავო ყვირის ზემოდან: „ იდეალურია! მაგალითს ვიღებთ ვიოლასგან და ასე ლამაზად ვხტებით ყველა!“

დავეხმარე ტანს ხელებით, ფეხებით, და ვხედავ, რომ წინ მივდივარ. სიჩქარეს მოვუმატე. ვცურავ! არ მეჩვენება. ამ დროს ჟუავო ყვირის ზემოდან: „ლაიარ!“ მიდი და აუხსენი ახლა, რომ მართლა არ იცოდი ცურვა და ახლა, 3-4 წუთში ისწავლე. ამის დროც არ იყო. ამის მერე, დიდ ყურადღებას აღარ მაქცევდნენ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი ყველგან.

მივედით მეორე კლდესთან და დუარტემ (მეორე ინსტრუქტორმა) ავიდეთ და ზემოთ შევიკრიბოთო. ახლა უკვე, როცა ჰიდროკოსტუმი დასველდა, დამძიმდა; როცა თავი, ხელები და ფეხები გაგვეყინა, იმიტომ რომ წყლის ტემპერატურა 10 გრადუსია, თან ეს არის ატლანტის ოკეანე- ყველაზე ცივი ოკეანე დედამიწის ზურგზე, რთულად გადავადგილდებით. ფეხები გვისრიალებს, დიდი ბრაზილიელი კაცები ზემოთ რომ არიან; ქვემოთ ვინც ვართ, ქვიშა და ქვები გვეყრება სახეში. ეგ არაფერი, ავედით. იცით? შეიძლება ცოცვა რთული აღმოჩნდეს, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, მწვერვალიდან  ყოველთვის საუკეთესო ხედი იშლება. ფაბიო (მესამე ინსტრუქტორი) მეძახის: „საქართველოში ყველა გოგო ასეთი მაგარია!?“ ეს რა არის, ჩემზე მაგრებიც არიან-მეთქი.

ჟუავომ შეგვიშალა ხელი: „ვიოლა, წინაზე როგორც აჩვენე კლასი, ახლაც პირველი გადახტი.“ სხვებს გაუჩნდათ კითხვა: „ერთხელ უკვე გადავხტით, ახლა ავცოცდით, რატომ უნდა გადავხდეთ ისევ?“ დუარტეს ისე გემრიელად გაეცინა, თითქოს ახლაც მესმის მისი ხარხარი: „კოსტერინგზე ხართ!“ …სად არ გვქონდა გუგლი… ჩვენ: „ანუ?“. „ანუ, ხტომა, ცურვა, ცოცვა გიწევთ და ეს ყველაფერი 6-7 ჯერ. მერე ზიპლაინით დაგასაჩუქრებთ, ვინც ბოლომდე მივა, ცხადია.“ ამ დროს, მეგონა გამიათმაგდა ენერგია და შემართება. თავი რომელიღაც შოუს მონაწილე მეგონა.  ბოლოს ერთ-ერთ კლდეზე უგემრიელესი ნამცხვრით გაგვიმასპინძლდნენ და ნავით წაგვიყვანეს იქ, საიდანაც დავიწყეთ. არ დაიჯერებთ მაგრამ, ბოლო სიჩქარეზე ნავით საათი და 35 წუთი მოვუნდით იქ დაბრუნებას, იმდენად დიდი მანძილი გავიარეთ. დღესაც ახსოვთ სესიმბრაში გოგონა საქართველოდან.

 

(იხ. გაგრძელება)