ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი სკივრია, სადაც მოგონებებს, განვლილ წუთებს მარგალიტებად ვინახავთ. მოგზაურობა კი ყველაზე კარგი საშუალებაა, ეს სკივრი ფასდაუდებელი განძით გავავსოთ.
მოგზაურობა საკმაოდ გვიან დავიწყე და ჯერ მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მთავარია — დავიწყე…
ყველაფერი რასაც ვნახულობ, რასაც განვიცდი მინდა ფირზე აღვბეჭდო და მსოფლიოს გავუზიარო. ხან ვფიქრობ ზედმეტად დამოკიდებულიც ვარ ფოტოაპარატზე, რომელიც ჩემი განუყოფელი მეგზური გახდა. თავს ვერ ვუყრი სიტყვებს, არ ვიცი საიდან დავიწყო, რომ ის ემოციები, შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომელიც ბარსელონაში მოგზაურობის დროს განვიცადე, ამიტომ ფოტოებს მოვიშველიებ… იმდენად ბევრი მაქვს მოსაყოლი, ძნელია ყველაფერს ერთ სტატიაში მოვუყარო თავი. დღეს არჩევანს მონსერატის მთაზე შევაჩერებ და ამ საოცარ ადგილზე მოგიყვებით.
ნებისმიერი მეტროს სადგურიდან, ძალიან მარტივად მოხვდებით სადგურ ესპანიაზე (Espanya), საიდანაც მონსერატის მიმართულებით გადის მატარებელი. ქალაქში იმდენად მოწესრიგებული ტრანსფერია, დგას საინფორმაციო ჯიხურები, რომ დაბნევასაც ვერ მოასწრებთ. ასე, რომ მოემზადეთ მონსერატზე სამოგზაუროდ.
ბარსელონადან მონსერატის მთამდე მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. მთაზე ასასვლელად უნდა აირჩიოთ საბაგირო, ან ე.წ საკაბელო მანქანა. ორივე შემთხვევაში თქვენ თვალწინ საოცარი ხედები გადაიშლება. მგზავრობა დაახლოებით 22 ევრო დაგიჯდებათ. ამ თანხაში შედის მატარებლით მგზავრობა, საბაგიროთი ან საკაბელო მანქანით მთაზე ასვლა და ამავე მარშრუტით უკან დაბრუნება. მატარებელი ყოვლ ერთ საათში ბრუნდება უკან. ბოლო მატარებელი საღამოს რვა საათზე გამოდის, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ.
არაერთი მიზეზის გამო სტუმრობენ მნახველები მონსერატის მონასტერს, რომლიც ამ საოცარ მთებშია ჩაკარგული. პირველ რიგში ეს არის არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე გოთიკური ბაზილიკა, სადაც მდებარეობს კატალონიის ნაციონალური სიწმინდე „შავი მადონა”. ბაზილიკაში გალობს ბიჭების საოცარი გუნდი, რომელთა მოსმენა და იქ მიღებული სიამოვნება დიდხანს გაგყვებათ.
ღვთისმშობლის ქანდაკება (შავი მადონა), რომელსაც ჩვილი იესო უზის მუხლებზე მე-12 საუკუნით თარიღდება. ქანდაკების სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. ტაძარში „შავი მადონას” სანახავად საკმაოდ გრძელი რიგებია. შესაძლოა ქანდაკებამდე მისასვლელად საათზე მეტი დრო დაგჭირდეთ.
ვარაუდობენ, რომ მონსერატზე პირველად მეცხრე საუკუნეში აშენდა ოთხი სამლოცველო. აქ ცხოვრობდნენ ბერები, რომლებიც განდეგილ ცხოვრებას ეწეოდნენ. წლების განმავლობაში იცვლებოდა მონასტრის ცხოვრება, ემატებოდა სამლოცველოები. 1936-1939 წლებში, სამოქალაქო ომის დროს ბერებს მონასტრის დატოვებას აიძულებდნენ. თუმცა კატალონიის ავტონომიურმა მთავრობამ მოახერხა მონასტრის გადარჩენა. ომის შემდეგ ბერები დაუბრუნდნენ მონასტერს და განაგრძეს მონასტრის აღმშენებლობა.
1982 წელს პაპმა, იოანე პავლე II —მ მოინახულა მონასტერი, ბაზილიკა აღადგინა და ააშენა მთლიანი კომპლექსი. ბაზილიკის მარცხენა მხარეს მდებარეობს შენობა, სადაც დღეს ბერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
შთამბეჭდავი ბუნების, ხედების დათვალიერების გარდა, აქ შეგიძლიათ მღვიმეების და მუზეუმის მონახულება, სადაც გამოფენილია პიკასოს, დალის, ელგრეკოს და სხვათა ნამუშევრები.
მონასტრის ტერიტორიაზე ყველანაირი პირობა და კომფორტია შექმნილია ტურისტებისთვის. არის WI-FI, ღია კაფეები, სწრაფი კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცე და სასტუმრო იქ დარჩენის მსურველთათვის. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება მცირე ბაზრობა, სადაც ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ტკბილეულს, რძის პროდუქტებს, თაფლს, ასევე სუვენირებს შეიძენთ. შეგიძლიათ ბერების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტიც დააგემოვნოთ, ან შეიძინოთ.
მონასტრის ეზოდან რამდენიმე საცალფეხო ბილიკი გადის და ტყეს ან გორაკებს უერთდება. ჩვენ ერთ-ერთ ბილიკს გავყევით, რომელმაც ბერების საფლავებამდე მიგვიყვანა. საფლავები ერთმანეთის მიყოლებით კლდეშია განთავსებული. მონასტრის ტერიტორიაზე სანთელი ორი ევრო ღირს, რომელიც სპეციალურ შუშაშია მოთავსებული.
ერთდროულად ანთებული ასობით ფერადი სანთელი ცალკე სანახაობაა და გულგრილს არავის ტოვებს.
მონსერატის მთა არის ადგილი, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბუნება, კულტურა და რელიგია. როდესაც ამ თვალუწვდენელი მთების წვერზე მოექცევი და იქიდან გადმოჰყურებ დედამიწას, მისი დალაშქვრის სურვილი გიჩნდება, თითქოს შენში რაღაც უცნაური ძალა იღვიძებს. მონსერატზე მოგზაურობით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე.
მე დავბრუნდები…