მე და ჩემი სამოთხე

დედამიწაზე სამოთხის არსებობა რომ ირწმუნო, ამისათვის საკმარისია მახინჯაური ერთხელ მაინც იხილო, მეტიც თვალის ერთი შევლებაც კმარა ამაში დასარწმუნებლად. იმ შემთხვევაში კი თუ მას ჩემსავით შეეზრდები და მის ნაწილად იქცევი მისგან ვერასდროს წახვალ… მართალია გეოგრაფიული მასშტაბი ძალიან არ გამირღვევია, ქვეყნის საზღვრებსაც სულ მცირედით გავცდი, მაგრამ ყველა ნანახი ადგილის გვერდით უპირობოდ პირველობას “ჩემს სამოთხეს” ვანიჭებ. სწორედ მას განგებამ დააბერტყა ბუნებრივი ენითაღუწერელი სილამაზე, ეკლეკტურობა, სადაც თავი შეგიძლია მთაშიც და ბარშიც ერთდროულად იგრძნო. თუმცა ერთი შეცდომა მაინც გაიპარა ვიღაცამ ალბათ განზრახ შეურჩია მას სახელი ირიბად, რომ ყველა მოკვდავს არ შეძლებოდა ჰქონოდა სურვილი მასში დასახლების. ის ხომ ვერ დაიტევს იმდენ მკვიდრს, რამდენიც ისურვებს. სამოთხეც ხომ ასეთია მხოლოდ რჩეულებისთვისაა ადგილი იქ… აქ კი დედამიწაზე ყველა მდიდარს შეუძლია იყიდოს ჩემი სამოთხის ერთი გოჯა მიწა…ესაა ადგილი, სადაც ყოველდღე ვმოგზაურობ, ვმოგზაურობ ყოველწუთსა თუ წამში, შენობების კედლებსა თუ მის მიღმა და შევცქერი მოგზაურის თვალით, რადგან ძნელია მის აურას ტურისტული თვალით არ უცქირო. აქ ცხოვრებისას შეგიძლია თავი ერთდროულად იგრძნო მოქალაქედ და კურორტზე მყოფ დროებით დამსვენებლად…
ყველა ამქვეყნიურ კითხვას შეიძლება გაეცეს ლოგიკური პასუხი, მაგრამ არა იმას თუ რატომ გიწოდეს მახინჯი. ნუთუ ვიღაცამ თავისი ჭკუით კონტრასტი გამოიყენა შენს არსსა და სახელწოდებას შორის რამეთუ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ყოფილიყავი. მახსოვს ფამუქის წიგნებს ვკითხულობდი, სტამბულის აღწერის მონაკვეთს და ვხედავდი ორი შეყვარებული ადამიანის დიალოგს, ასეთივე გრძნობა მაქვს ახლა მე როცა გიღრმავდები ვხვდები, რომ რჩეულის როლი რაღაცაში მეც მერგო, რომ შენი უბრალოდ მაყურებელი კი არა მარადიული ნაწილი ვყოფილიყავი. ყველაფერს შევცვლიდი ამ სამყაროში რისი შეცვლაც შეიძლება შენს გარდა… ეს ჩემი სამყაროა, მხოლოდ ჩემი. განა ამას ყველა მიხვდება? ამას მხოლოდ ის იგრძნობს ვინც ერთხელ მაინც დაგტოვებს, მიგატოვებს იმაში დასარწმუნებლად თუ რაოდენ ძვირფასი ხარ მისთვის. ჩემი ამქვეყნიური სამოთხე – ასე მოგნათლე მე და ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა, რომელსაც არაფრის გულისთვის არ უარვყოფ არასდროს…

მახინჯაური
…………………………………..
ასეთ ლამაზ მხარეს სამოთხეს გადარებ
სხვებმა მახინჯი რად გიწოდეს.
ალბათ ბრმები იყვნენ, ან კიდევ ყრუები,
შენზე არაფერი იცოდნენ.
სიტყვებსაც არ სძალუძს გამოხატოს შენთვის
ჩემში არსებული სიცოცხლე,
სადაც არ წავედი, ქვეყნად რა არ ვნახე,
ყველას მირჩევნიხარ იცოდე…

3.02.2017

მ.მსხალაძე