მარსის ქრონიკები, ანუ გასეირნება ხორისარზე

  • Home
  • ბლოგები
  • მარსის ქრონიკები, ანუ გასეირნება ხორისარზე

გქონიათ ოდესმე ისეთი სურვილი, დიდი ხნის განმავლობაში რომ გიტრიალებთ გულში, ნელ-ნელა თქვენთვისვე შეუმჩნევლად უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და ბოლოს, როცა ახდენის გზა გამოჩნდება, უკვე ისე ხმაურობს, გეშინია, გგონია, ბოლო წამს რაღაც აუცილებლად გამოხტება და ჩაშლის ყველაფერს, რაღაც შეგიშლის ხელს იმიტომ, რომ არ შეიძლება ის ახდეს, ძალიან დიდია და სანატრელი ამისთვის.
მე მქონია. ჩემი ოცნება წითელი მთა იყო – ხორისარი.

ერთი წლით ადრე ჩემი მეგობრები (რომელთაც მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი), ფოტოებს დებდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მომეწონა. უცნაური, განსხვავებული, რაღაც არაამქვეყნიური მეჩვენა და ძალიან, ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ წავედი. თუმცა სადღაც ალბათ ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა, ან იქნებ შევრჩენილიყავი კიდეც რომელიმე ქარაფზე, რომლების ფოტოებზე დანახვაზეც კი ტანში მცრიდა. ბუნება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ჩემი სიმაღლის შიშის გამო ვერასოდეს წარმომედგინა თავი ალპინისტად. სიმართლე ვთქვა, ჯიხვებს არც ახლა ვეჯიბრები კლდეზე ხტომაში, მაგრამ ციცაბო ქარაფის დანახვაზე ტირილს მაინც არ ვიწყებ (თუნდაც კინაღამ).

ჩემთვის გაუაზრებლად, ნელ-ნელა, მიპარვით მივედი იქამდე, როცა უკვე არაერთხელ ვიხეტიალე მძიმე ჩანთით ზურგზე, მეძინა კარავში და კლდეებზეც ვიფოფხე, მივედი 2014 წლის 27-28 სექტემბრიდან, გოდერძი ჩოხელის მწვერვალიდან, 2015 წლის 26-27 სექტემბრამდე, ხორისარამდე. უკეთეს დაბადების დღეს ვერც ინატრებდა ჩემი ლაშქრობის ჯერ ერთი ციდა ისტორია. ჩემი მთა ვნახე. ხორისარი.

თქვენ იცით, როგორია სექტემბრის ბოლოს სიყვითლეშეპარული ხეობა? გზაზე შეფენილი შენიანები, რომლებიც გინდა გვერდზე გყავდნენ და გინდა – კილომეტრით წინ, ერთნაირად გეიმედებიან; ასავლელი ფერდობები, რომლებზე თვალის შევლებაც გულს გიხეთქავს, მაგრამ იცი, ჩვეულებრივი პატარა ადამიანური ნაბიჯებით მისი დაძლევაც შეიძლება. იცით, როგორია თვალწინ წამომართული ახალი და ახალი მთა, განსხვავებული ხეობები, დაღლილზე ძლივს ამოთქმული ხუმრობები და ბოლო ძალების სიცილზე დახარჯვა; ღამით პაწაწინა და ათასი ახლობლით გამოტენილი კარვის სითბო, სადაც უარყოფითს, უბრალოდ, ადგილი არ აქვს; სადაც ადამიანები შენზე ზრუნავენ, შენ ადამიანებზე ზრუნავ და ეს ისეთი ბუნებრივია, აღნიშვნა არც კი მოგივა თავში აზრად, სანამ აქ არ დაბრუნდები და სხვა თვალით არ ახედავ იქ დატოვებულ ლანდებს; იცით, როგორია უთენია ადგომა და მთის სუუუულ წვეტოდან დანახული ამომავალი მზე? როცა ვერაფერს ამბობ, უბრალოდ ხელს ჰკრავ გვერდში მდგომს და უხმოდ უთითებ იქით. როცა დადიხარ, ათვალიერებ და არ გჯერა, რომ მართლა აქ ხარ. როცა გვერდში ისინი გყვანან, ვინც ზუსტად შენნაირად გრძნობს და, დიახ, ბედნიერება ორმაგდება, როცა მას სხვაც იზიარებს. გინახავთ გარშემო, სადამდეც თვალი მისწვდება, იქამდე მობნეული მთები? ზოგი მრგვალი და ფერადი, ზოგიც – წამახული და ნაცრისფერი; აქა-იქ ჩაგუბებული კამკამა ტბები და მათ თავზე ნელ-ნელა წამოპარული ქუნქულა ღრუბელი; ბრდღვიალა მთვარე და განათებული ბილიკები გინახავთ?

 

არა.

ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ, ნუ მკითხავთ, მაინც როგორ არ მეზარება დილის 7, 6, ხანაც 4 საათზე მძიმე ჩანთით ხელში მანქანის ლოდინი იმ ხალხთან ერთად, რომლების გამოუძინებელ სახეებზეც თვალები ისე ბრწყინავს, იცი, რომ შენიანებში ხარ. მერე რა, რომ გეძინება, დაღლილი ხარ, მერე რა, რომ ათასი საქმე გააკეთე და კიდევ ათასი გელოდება დაბრუნებულს, მაინც დგახარ და ნახევრადბნელში გაუჩერებლად ჭყლოპინებ მოსალოდნელ და უკვე შემდგარ გასვლებზე. მერე რა, თუ ზუსტად არასდროს იცი, რა მოეგუნებება ამინდს, იქნებ კარვებიდან არც გამოგიშვათ მომდევნო დილას, მერე რა, იმ კარვებში ხომ ის ხალხია, შენი ხალხი, რომ იცნობ და გიყვარს, სულ სხვადასხვანაირები და მაინც ერთნაირები, შენები.
ნუ მეკითხებით, მაინც როგორ არ მეზარება ამსიშორეზე სიარული და ჩანთის თრევა, ხანდახან მთის ავადმყოფობა და ცუდად გახდომა, მერე ღამით გაყინული ფეხებით წრიალი და დილას ისევ გამოუძინებლად ადგომა, ციცაბოებზე ხტომა, მერე შუაღამისას მობრუნება სახლში, როცა მეორე დილას სამსახურში ვარ წასასვლელი… ნურაფერს მკითხავთ, უბრალოდ ეს ნახეთ.

აჰა, თქვენ. ხედები სხვა პლანეტიდან.

ჩემი ხორისარი, ჩემი წითელი მთა, ჩემი მარსი, სადაც იმდენი სოცოცხლეა, ვერც კი წარმოიდგენთ, სადაც ნაპოვნი ყველა ტკივილი, შიში და გაჭირვება უფრო და უფრო მეტი სიცხადით გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ და ძალიან ბედნიერი.