მარსი — პლანეტა და შოკოლადი

– წარმოიდგინე, კითხულობ პოსტს — „დღეს სიყვარულისფერ, წითელ მარსზე ვარ ვიზ მა ბოი ^_^ (დაამატა 218⁶⁴ სურათი)“, შენ კი ჯერაც ვერ გამოგიღწევია სამუშაოს კუბიკიდან და შურით გამსკდარი მიუწერ „ მარსი ომის სისხლის ფერია, გაუნათლებელო!“ რა დრო იქნება არა? მარსი…

ვარსკვლავებს თვალი მოვაშორე და არცთუ განიერ მდინარეს ავაყოლე მზერა, რომელიც სტრასბურგის ფერად-ფერად სახლებს მკრთალად ირეკლავდა. შობის ღამე იყო, მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ მიდი-მოდიოდა. თან, მთავარი სანახავი ვიწრო ქუჩებს შორის, საოცრად მორთულ, ძველებური სახლების ფანჯრებთან იმალებოდა და არა მდინარის პირას, სადაც შიგადაშიგ მოფარებულში უსახლკაროებს ეძინათ. სიჩუმე და წყალი — ამ ორი რამისთვის მარიონ კოტიარს ზედაც კი არ შევხედავდი და მთელი დღის სიარულის შემდეგ დაღლილმა ეს ევროპულად პოეტური ადგილი რომ ვიპოვე საოცრად გამიხარდა. იქვე ხის სკამზე ჩამოვჯექი ბათუმისას რომ ჰგავდა ასე ძალიან, ჩემი ერთგული თანამგზავრი კი გვერდით მოვისვი.

– სტრასბურგის ბრელოკი უნდა გიყიდო, არ დამავიწყო. ერთ დღეს კი იმდენ ადგილს მოვივლით, რომ მოგონებებისთვის ადგილი აღარ დაგრჩება… რა? ყოველთვის გამოძებნი ადგილს? აბა რა, მსგავი სიხარულის დავიწყებას მიცემა დანაშაულია.

ხელი გადავხვიე და ბრელოკებზე წავეთამაშე —წარსულის ბედნიერი მომენტებიც ერთბაშად აჩხაკუნდნენ. მათთან თამაშში გართულმა უცებ შევამჩნიე, როგორი დაღრეჯილი სახით მიყურებდა ხიდის ქვეშ, ბინძურ ადიალაში გახვეული ტიპი. ალბათ ფიქრობდა, ამას ჩემზე მეტად გასჭირვებიაო. მე არაფერი შევიმჩნიე, გარდა სიბრარულისა მისი ჭვარტლიანი სახის დანახვაზე სიბნელეს ასე რომ ერწყმოდა. როცა გვერდით ჩავუარე, მინდოდა, ფული მიმეცა, თუმცა ხელზე საერთოდ არაფერი გამაჩნდა გარდა 50 ცენტიანისა, რომელიც მომენტალურად ლარნახევარში რომ დავაკონვერტირე, ძალიან ბევრი მეჩვენა და საკუთარი თავი გავამართლე…

– არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც სამუშაოდან შვებულებაში მყოფი ისევ თავგამოდებით მუშაობდეს, ნეტავი იცოდე, როგორ მსიამოვნებსო. შენ იცნობ? არა, ხომ? მეც მაგას ვამბობ. ბოლომდე ალბათ არც კი გაგვისიგრძეგანებია, თუ რა ბედნიერებაა, იყო მოგზაური. იცი, ბავშვობაში მითქვამს, ტურისტი უნდა გამოვიდე მეთქი… ტურისტი დედამიწის ყოველ კუთხეში…

ღრმად ამოვისუნთქე და არც თუ ისე კომფორტულ სკამზე როგორც ფუმფულა სავარძელში სიამოვნებით ჩავეშვი, ცალი ხელი თანამგზავრის სხეულზე ავასრიალე და ნაცნობი მრგვალი ნაკვთები რომ შემეფეთა, თვალები მოვხუჭე და მოგონებებში გადავეშვი. სიბნელეში საღებავები დაიღვარა.

მალე უცნაური არსება მოიხატა, რომელიც საოცრად ნაზი მოძრაობებით წყალში ნარნარებდა, მისი სხეულის თხელი სიმები კი მაგიურად ანათებდნენ. იქვე გადმოხტა რამდენიმე მილიონი წლით ძველმოდური ადამიანი, რომელიც მინის მიღმა გამომწყვდეული ნაღვლიანი სახით მეთამაშებოდა. მოშორებით ამაყად დაიარებოდა ყველასთვის შემზარავი შავი პანტერა, თუმცა როცა თათი წამომიწია, გამარჯობა შენიო, მაშინ ვიგრძენი და მივხვდი რომ მოგზაურობა ბუნებასთან სიახლოვეა.

 

 

ხელი გვერდით გადავასრიალე და მეორე სიმრგვალეს დავუწყე ფათური. თვალდახუჭულის მოგონებათა ტილო ახალი ფერებით გადაიღება და თვალწინ ადამიანური გონების საოცარი მიღწევები და აღმოჩენები წარმომიდგა. კოსმოსიდან დაწყებული, ნიადაგითა და გასული საუკუნის ვეებერთელა მოწყობილობებით დამთავრებული. იმ რამდენიმე საათში ალბათ გაცილებით მეტი რამ აღმოვაჩინე მეცნიერების სხვადასხვა სფეროზე, ვიდრე სკოლასა თუ უნივერსიტეში ერთად, და მივხვდი, რომ მოგზაურობა განათლებაა.

 

გერმანიის მეცნიერების მუზეუმი

 

თხელ ტანს ქვევით ჩავუყევი, მოგრძო კონტურებმა კიდევ უფრო გაალამაზა ჩემი უხილავი ტილო. მთელი თავისი რომანტიკით მოიქარგა მოტივტივე გონდოლები, ისტორიული ნანგრევები და დიდებული ცივილიზაციებისგან შემორჩენილი მძიმე ლოდები, გაცოცხლებული შუა საუკუნეების რაინდული სამყარო და  ჩემი ბავშვობის ოცნების ძველი ეგვიპტე თავისი მისტიური მითოლოგიებით და მიხვდი, რომ მოგზაურობა ისტორიის ფურცლებზე ხეტიალია.

 

 

თვალები წამით გავახილე და ნასიამოვნებმა თანამგზავრს გადავხედე:
– რა ბედნიერებაა, როცა ასეთი მოგონებები გვაქვს, არა? ყველგან ერთად ვიყავით, ყველაფერი ერთად ვნახეთ და გამოვცადეთ. თან ეს ჯერ კიდევ რაა, წინ ჯერ მთელი პლანეტა, მერე კი მაღლა, ამგვარი წითელი ბურთიც გვიცდის…

ჟან მიშელი, ასე შევარქვი იმ ბომჟს, იქეთ-აქეთ წრიალებდა, ალბათ მუცელი არ ასევენებდა და ხანდახან აქეთაც მესვროდა თან ეჭვიან, თან საბრალო მზერას. გამახსენდა, ჩემს თანამგზავრს “მარსი” ჰქონდა, თუმცა უხერხულად მეჩვენა მისი მიცემა.

– რატომ არ ვუთმობთ მეტ დროს ჩვენი პლანეტის აღმოჩენას?ვითომ იმიტომ, რომ ორ კვირაში წრფივ ალგებრაში გამოცდა მაქვს და სტრასბურგში ბოდიალის ნაცვლად ამოცანებს უნდა ვხსნიდე, რადგან თუ ვერ ჩავაბარებ, დაფინანსებას მომიხსნიან? კი, ნამდვილად კარგი მიზეზია. მაგრამ რად მინდა სწავლა და კარგი სამსახური, თუ ბედნიერი ვერ ვიქნები? ჟან მიშელის ბედი რომ არ მეწიოს? რა ენა გაქვს რა…

– ლატარეის მოგება რა მაგარი იქნებოდა!.. ოღონდ ისე არა, ამას წინათ 15 ლარი რომ მოვიგე. არა, რამდენიმე მილიონი — ცხოვრების რუტინული ვალდებულებები გვერდზე რომ გადავდო და სულ ფეხით შემოვიარო მთელი დედამიწა! ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მოგზაურობით გაცილებით მეტს იღებ ვიდრე უბრალოდ წმინდა სიამოვნებაა, რისთვისაც სხვა რაღაცეებიც არსებობს (მაგას არ ვგულისხმობ, გარყვნილო). ის ამბავი იცი, გამოცდაზე სტუდენტს პროფესორი რომ ეკითხება, დამისახელე სხეულის ნაწილი, სამ ასოიანი და ყ-ზე რომ იწყებაო, გოგო რომ ატირდება ეს რას მკადრებთო და პროფესორი რომ ეტყვის, ყბას ვგულისხმობდი, გარყვნილოო? თუ არ იცი, მერე მოგიყვები… რას ვამბობდი? ხო, მოგზაურობის დროს იზრდები, როგორც ადამიანი, თვალსაწიერი გიფართოვდება და ცხოვრობ სანუკვარი ცხოვრებით, არ მეთანხმები?

თვალები ისევ მოვხუჭე და ჩემს მოლბერტს დავუბრუნდი. სურათზე სურათები მოიხატა, ადამიანთა შექმნილი შედევრები, ფანტასტიკური არქიტექტურა, ხელნაკეთი ჩუქურთმები და დეკორაციები, მათი მუსიკა და ცეკვები, კერძები და სასმელები, ტრადიციები და ლეგენდები, და მივხვდი რომ მოგზაურობა ხალხთა კულტურასთან ზიარებაა.

ვენა (ვიცი, რომ სურათის გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ნახე, რა ლამაზია)

 

თითებით მის ორ შავ ნაწნავს წავეტანე, რომლებმაც საბოლოოდ ამივსო გული სიხარულით. თვალწინ წამომეზვირთა ზვიადი მთები, მწვანე მდელოები, შუა ტყეში დაკლაკნილი ვიწრო ბილიკები, სადაც შველი შემხვდა და მგელი მეგონა (კაცს შველი და მგელი რომ აგერევა), ანკარა წყაროს წკარუნი, ოქროსფერი ქვიშა მცხუნვარე მზის ქვეშ და მივხვდი რომ მოგზაურობა დედამიწის სიყვარულია.

 

 

ნირვანადან ჟან მიშელის ხრინწიანმა ხველამ გამომიყვანა. უცებ მეამბოხე სული წამომეზვირთა და თანამგზავრს ვუთხარი:

-გამოცდას რომ ჩავაბარებ, მერე ლექციები დაიწყება, მერე სამსახურის კუბიკი — როდისღა მოვრჩები მიზეზების მოძებნას? ბევრი წუწუნებს, ცხოვრება მოკლეაო. ცხოვრება მაინც მოკლება იქნებოდა, სამყაროს ორჯერ მეტი დრო რომ დაეთმო ჩვენთვის. გახსოვს ბებიაჩემი რას ამბობდა? სამყარო წამში შეიძლება დაიქცესო. ჩვენთვის კი 70 წელია ცოტა ბედნიერება, რომ ვიპოვოთ, როცა რეალურად მასზე ვცხოვრობთ?.. იცი, დღეიდან მოყოლებული რას ვიზამთ? არ იცი? ვიცი, რომ არ იცი, ახლა უნდა გითხრა. დღეიდან მე და შენ ნახევარ განაკვეთზე პროფესიით ტურისტები გამოვალთ! აი ასე!.. სადაა მარსი? კარგი ერთი, ვიცი, რომ ცაშია. შოკოლადზე გეუბნები. აჰა, მომეცი!

გაბადრული წამოვდექი, ჟან მიშელთან მივედი და “მარსი” გავუწოდე. იმან ჯერ გაიკვირვა, შოკოლადი რა ჯანდაბად მინდაო, მერე ალბათ — არაფერს სჯობსო, გამომართვა და ჟუაიე ნოიელო. მეღსი, ე ვუ მეთქი და შობის კეთილ ანგელოზად ვირგძენი თავი.

მერე ისევ ცას მივუბრუნდი და ჩავრჩურჩულე: „დედამიწას მოვივლი, მერე კი შენთანაც მოვალ, მარს!“ ილონ მასკი გავამხნევე, ჩემი თანამგზავრის ელვა დავკეტე, ზურგზე მოვიკიდე და სასტუმროსკენ მიმავალ გზას გავუყევი წრფივი ალგებრის სასწავლად…

პ.ს. გზაში მივხვდი, 50 ცენტიანი რომ მიმეცა მადლსაც დავიწერდი და უფრო იაფშიც გამოვიდოდი, მაგრამ რაღა დროს იყო.