მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.
ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის, მურა დათვის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.
აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკო-ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტებში სოფ. თეთრ წყლებში, წინანდალში, შუამთაში, თელავში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.
ცივ გომბორი გამოირჩევა პანორამული ხედებით და მრავალფეროვანი ლანდშაფტითა. ფიჭვის, მუხისა, და ღვიის ხეებით წარმოდგენილი ტყეები, წელიწადის ნებისმიერ დროს იდეალურ გარემოს ქმნის ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისთვის.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს და ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალსა და ცივ-გომბორის აღკვეთილს მოიცავს.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტის განხილვა უკვე დაიწყო საქართველოს პარლამენტში.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო