ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შეხვდა, შეიხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტია და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჯგუფის ხელმძღვანელია, სადაც ავიაკომპანიები: Emirates, Flydubai და დუბაის საერთაშორისო აეროპორტია გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოში დატვირთვით მესამე ადგილზეა და ყოველწლიურად 90 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. Emirates-ის ავიაკომპანია მსოფლიოში 161 მიმართულებით დაფრინავს და საჰაერო ფლოტი 254 ლაინერისგან შედგება, ავიაკომპანია Flydubai მსოფლიოს 94 ქალაქში ასრულებს რეისებს და 62 ლაინერს ფლობს.
შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმი სახელმწიფო კორპორაციის Emirates Group-ის დამფუძნებელია, რომელიც ავიაკომპანია Emirates-თან ერთად მსოფლიოში 78 აეროპორტს უწევს ოპერირებას.
მარიამ ქვრივიშვილსა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შორის გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანია Emirates-ის შესაძლო ოპერირების შესახებ ისაუბრეს. შეიხთან გამართულ შეხვედრაზე არსებული რეისების სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობებიც განიხილეს. (ავიაკომპანია Flydubai თბილისში დღეში ორი სიხშირით დაფრინავს, ხოლო ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს) მარიამ ქვრივივშვილმა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმმა საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეაფასეს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეიხთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველო როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება არაბთან გაერთიანებულ საამიროებში წლიდანწლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება.