ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აჭარაში არსებული სასტუმროების წარმომადგენლებს და ტუროპერატორებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
ბათუმში გამართულ შეხვედრას ტურისტული სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრნენ.
ბათუმში გამართულ პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს 2025 წლის ტურიზმის სტრატეგია და ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები გააცნო.
მიმდინარე პროექტებისა და ზაფხულის სეზონის მზადების შესახებ ისაუბრა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
“დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამანეტთან ერთად გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ გავზარდოთ აჭარაში სეზონურობა, როგორ გავხადოთ აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ცნობადი. ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის სტრატეგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია, როგორც იცით 2015 წელს ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან წილი 91 % იყო, ჩვენი მიზანია 2025 წელს ტრადიციული ბაზრების წილი 70 %-ამდე ჩამოვიდეს, ხოლო მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების წილი კი 30 %-მდე გაიზარდოს, ამიტომ ჩვენ ბევრად უფრო აქტიურები ვხდებით ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით. მნიშვნელოვანია დანიშნოს მეტი რეგულარული ავიარეისი ევროპიდან. ასევე ჩვენ გვინდა, რომ უახლოეს წლებში ძლიერი პოზიციები დავიკავოთ იაპონიისა და ჩინეთის ტურისტულ ბაზრებზე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.